საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსმართლის, ვლადიმერ ხუჭუას კონსტიტუციური წარდგინებები არსებითად განსახილველად არ მიიღო. მოსამართლეს კონკრეტულ საქმეებზე გადაწყვეტილების მიღება შეჩერებული ჰქონდა და „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელ რეპრესიულ კანონბს ასაჩივრებდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 3 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 4 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 კალაძე შენობების ფასადების „ვანდალურად მოხატვისთვის“ კანონის გამკაცრებას ითხოვს
კერძოდ, მოსამართლე ხუჭუა დავობდა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა) მუხლები ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სფეროში ამკვიდრებს კონკრეტული სახდელის გამოყენების ავტომატურ და ფორმალურ მექანიზმს, რომლის ფარგლებშიც, ჯარიმის გადაუხდელობის ფაქტი, განურჩევლად გადაუხდელობის მიზეზებისა, ნორმატიულ დონეზე გარდაიქმნება პირის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების სავალდებულო საფუძვლად.
„თუ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი ცნობილი იქნება სამართალდამრღვევად 166-ე და 173-ე მუხლების პირველი ნაწილებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში, დაეკისრება მინიმალური ჯარიმა - 2000 ლარი და ვერ შეძლებს მის გადახდას, მის მიმართ მომავალში წარმოიშობა სადავო ნორმების გამოყენების რისკი. კერძოდ, განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, მინიმალური სახდელის გამოყენების პირობებშიც კი, პირი დადგება, სულ მცირე, 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების საფრთხის წინაშე მხოლოდ იმიტომ, რომ სოციალურმა მდგომარეობამ არ მისცა პირველად ჩადენილი სამართალდარღვევისთვის შეფარდებული ფინანსური სანქციის გადახდის შესაძლებლობა“, - აცხადებდა მოსამართლე.
კონსტიტუციური წარდგინების ავტორის არგუმენტაციით, სადავო ნორმები არღვევს სამართლის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს, რადგან სხვადასხვა პირის მიერ იდენტური სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში განსხვავებული სამართლებრივი შედეგების დადგომა განპირობებულია მხოლოდ პირის ქონებრივი მდგომარეობით.
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა აცხადებდა, რომ ავტომატურად, სავალდებულო წესით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება თავისუფლების შეზღუდვის თვითნებურ ხასიათზეც მიუთითებს.
მისი მოსაზრებით, ადმინისტრაციული სახდელის გამოყენება ინდივიდუალურ საქმის გარემოებებთან მიმართებაში უნდა განხორციელდეს ჩადენილი ქმედების პროპორციულად.
კონსტიტუციური წარდგინებებით მოთხოვნილი იყო სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან (დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება), მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან (ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია) და მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან (ადამიანის თავისუფლება დაცულია) მიმართებით.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვლადიმერ ხუჭუას კონსტიტუციური წარდგინებები არ აკმაყოფილებდა დასაბუთებულობის მოთხოვნას და არ უნდა ყოფილიყო არსებითად განსახილველად მიღებული.
„თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო განიხილავდა საქმეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების პირველი ნაწილებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესაძლო ჩადენის ფაქტზე. თავის მხრივ, კონსტიტუციური წარდგინებებით სადავოდ გამხდარი დანაწესი მიემართებოდა ზემოხსენებულ სამართალდარღვევათა არა პირველად, არამედ განმეორებით ჩადენის შემთხვევას. აღნიშნულის გათვალისწინებით, წარდგინებების ავტორი არ იდგა მის მიერ განსახილველ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე გასაჩივრებული რეგულაციების გამოყენების საჭიროების წინაშე, რაც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კონსტიტუციური წარდგინებით მიმართვის აუცილებელი საკანონმდებლო წინაპირობაა“, - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ კონსტიტუციური წარდგინების მეშვეობით ისეთი ნორმების გასაჩივრება, რომელიც დაწყებულ სამართალწარმოებაში გამოსაყენებელი კანონი ვერ იქნება, უსაფუძვლოდ გამოიწვევდა საქმის განხილვის შეჩერებას, რაც, პლენუმის განმარტებით, წინააღმდეგობაში მოვიდოდა სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების კონსტიტუციურ პრინციპთან და ინდივიდთა უფლება-მოვალეობების დროულად განსაზღვრულობის ინტერესთან.
„კონსტიტუციური წარდგინებების ავტორი ფართოდ და იმავდროულად არასწორად აღიქვამდა საერთო სასამართლოს მოსამართლის როლს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის სფეროში,
ისევე როგორც, საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებს, რომლის თანახმადაც იგი აღჭურვილია უფლებამოსილებით, საერთო სასამართლოების წარდგინების საფუძველზე იმსჯელოს არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ იმ კანონის (ნორმატიული აქტის) შესახებ, რომელიც უნდა გამოიყენოს საერთო სასამართლომ მის განხილვაში მყოფი კონკრეტული საქმის გადაწყვეტისას“, – აცხადებს პლენუმი, რომლის შემადგენლობაშიც არიან: რევაზ ნადარაია, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, მანანა კობახიძე, გიორგი მოდებაძე, ვასილ როინიშვილი და თეიმურაზ ტუღუში.
