„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსულ კანონზე 140 აპლიკანტის სახელით გაგზავნილი სარჩელი განხილვის აქტიურ ფაზაშია. გუშინ, 22 სექტემბერს, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებმა სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია იმ რეპრესიული მექანიზმების შესახებ, რაც რუსული კანონის ძალაში შესვლიდან დღემდე უფლებადამცველი და მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ გამოიყენება, მათ შორის, უკანასკნელ პერიოდში ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღების პროცესის შესახებ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 3 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 4 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 5 კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
- 6 1920 წელს რუსეთის არმია შემოიჭრა და აზერბაიჯანი დაიპყრო, სახელმწიფო წაგვართვეს – ალიევი
„ორგანიზაციებმა სასამართლოს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია რუსული კანონის მიღების შემდგომ საქართველოში გაუარესებული მდგომარეობის, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების შემზღუდველი ახალი კანონების მიღების, მათი რეპრესიული აღსრულების და სამოქალაქო ორგანიზაციების დევნის ერთიან პროცესზე, რომლის მიზანი დამოუკიდებელი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განადგურებაა“, - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
რუსულ კანონზე და მის მიერ გამოწვეულ მძიმე შედეგებზე საჩივრით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 16-მა მედია ორგანიზაციამ, 120-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ და 4-მა ფიზიკურმა პირმა 2024 წლის 17 ოქტომბერს მიმართა. ისინი დავობენ, რომ რუსული კანონი არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ გაერთიანების თავისუფლებას (მე-11 მუხლი), გამოხატვის თავისუფლებას (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას (მე-8 მუხლი), დისკრიმინაციის აკრძალვის (მე-14 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლების (მე-13 მუხლი) და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს (მე-18 მუხლი).
სასამართლომ საქმე წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო და მისი განხილვა „უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში“ დაიწყო.
„სასამართლოს მიერ გამოგზავნილ კორესპონდენციაში მითითებულია, რომ სასამართლომ საქმეს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი შეიძლება მიანიჭოს. მსგავსი სტატუსი ენიჭება ისეთ საქმეებს, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევის გამორჩეულად მნიშვნელოვან საკითხებს ეხება“, - აღნიშნა საიას თავმჯდომარემ.
სტრასბურგის სასამართლომ უკვე მიიღო სახელმწიფოს პასუხი საჩივართან დაკავშირებით. საიას ინფორმაციით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საკუთარ პოზიციაში დამალა/არ მიაწოდა სასამართლოს ინფორმაცია FARA-ს მიღებისა და „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების თაობაზე, „რომლებიც სამოქალაქო სექტორის შევიწროებისა და დევნის მექანიზმებია და თავისი არსით წარმოადგენს რუსული კანონით დაწესებული შემზღუდველი რეჟიმის გაგრძელებას“. იუსტიციის სამინისტროს მოსაზრებით, რუსული კანონი არ არღვევს კონვენციით დაცულ უფლებებს.
როგორც მომჩივანი მხარე განმარტავს, შემდეგ ეტაპზე იუსტიციის სამინისტროს კვლავ მოუწევს წერილობითი მოსაზრებების სასამართლოში წარდგენა და მომჩივნების არგუმენტაციაზე პასუხის გაცემა.
საქმეში მესამე მხარედ ჩართვა ადამიანის უფლებების დამცველმა 8 საერთაშორისო ორგანიზაციამ/კოალიციამ 21 სუბიექტის სახელით მოითხოვა, რაც, საია-ს განცხადებით, „კიდევ ერთხელ ადასტურებს საქმის მნიშვნელობას და ხაზს უსვამს უფლებადამცველი და მედია ორგანიზაციების მიმართ იმ სისტემურ რეპრესიებს, რომლებსაც საკანონმდებლო დონეზე სათავე რუსული კანონით დაედო“. საქმეში მესამე მხარის მოსაზრებები წარადგინეს, მათ შორის, ვენეციის კომისიამ და „ამნესთი ინთერნეშენალმა“.
