რუსთავში, სამრეწველო ზონების მიმდებარედ სხვადასხვა ადგილიდან აღებულ მტვრის ნიმუშებში მძიმე მეტალების მნიშვნელოვნად მომატებული კონცენტრაცია დაფიქსირდა. ჩეხეთის გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „არნიკას“ კვლევის მიხედვით, ყველაზე დაბინძურებულ ადგილებში, ტყვია 24-ჯერ, ქრომი 30-ჯერ, ხოლო კადმიუმი 26-ჯერ აღემატება საბაზისო მაჩვენებელს. კადმიუმი და ქრომი პირველი ჯგუფის კანცეროგენებად არიან კლასიფიცირებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 3 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 4 კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
- 5 1920 წელს რუსეთის არმია შემოიჭრა და აზერბაიჯანი დაიპყრო, სახელმწიფო წაგვართვეს – ალიევი
- 6 სომხეთში რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
კვლევა 2024 წლის სექტემბერში ჩატარდა. მტვრის ნიმუშები შეგროვდა რუსთავის სხვადასხვა ადგილიდან, მათ შორის საცხოვრებელი უბნებიდან, სამრეწველო ზონებიდან და საგზაო მონაკვეთებიდან. მსხვილი მეტალურგიული ქარხნები და ცემენტის საწარმოები დაბინძურების ძირითადი წყაროები აღმოჩნდა.
უშუალოდ სამრეწველო ზონაში აღებულ ნიმუშებში მტვერში ტყვიის (Pb) მაჩვენებელი 344 მგ/კგ იყო, წიდის ნარჩენების მიმდებარედ - 74.6 მგ/კგ. ეს 24-ჯერ და 5-ჯერ მეტია საბაზისო დონეზე და სავარაუდო სამრეწველო ზემოქმედებაზე მიუთითებს.
აღინიშნება კადმიუმით (Cd) დაბინძურებაც. ერთ-ერთ ნიმუშში, რომელიც ასევე სამრეწველო ზონაში იყო აღებული, კადმიუმის მაჩვენებელი 6.875 მგ/კგ იყო და 26-ჯერ აღემატებოდა საბაზისო დონეს. მომატებული დონეები დაფიქსირდა სხვა ნიმუშებშიც, განსაკუთრებით - საცხოვრებელ ზონაში, ცემენტის ქარხნის სიახლოვეს, წიდის ნაგავსაყრელთან და ქვა-ღორღის ყოფილ კარიერთან ახლოს.
სპილენძის (Cu) მაღალი კონცენტრაციები დაფიქსირდა ქალაქის უმეტეს ადგილას, ზოგიერთ შემთხვევაში მაჩვენებელი საბაზოსო დონეს 8-ჯერაც კი აღემატებოდა.
წიდის ნარჩენების მიმდებარედ ქრომის (Cr) უკიდურესად მაღალი მაჩვენებელი - 1360 მგ/კგ გამოვლინდა, რაც კვლევის ავტორების განცხადებით, საბაზისო მონაცემზე 30-ჯერ მეტია. ამ მძიმე მეტალის კონცენტრაციის მნიშვნელოვნად მომატებული დონეები იყო სხვა ნიმუშებშიც.
თუთიით (Zn) დაბინძურების ყველაზე საყურადღებო მაჩვენებელი მეტალურგიულ ქარხნებს შორის ტერიტორიასა (1566 მგ/კგ) და წიდის საწყობის მიმდებარედ (758 მგ/კგ) დაფიქსირდა, იმ ფონზე, როდესაც საბაზისო მაჩვენებელი მხოლოდ 66.9 მგ/კგ-ს შეადგენდა.
დარიშხანის (As) დონე რუსთავის მტვრის ნიმუშებში ზომიერად მაღალია. ყველაზე მაღალი შემცველობა დაფიქსირდა სამრეწველო ტერიტორიის სიახლოვეს. ანგარიშის მიხედვით, საცხოვრებელ ზონასა და წიდის ნარჩენებთან მიმდებარედ დარიშხნის დონე ასევე აჭარბებს ფონს, რაც სამრეწველო დაბინძურების ზეგავლენაზე მიუთითებს.
„GE-RD-1-დან აღებულ ნიმუშში, რომელიც პირდაპირ სამრეწველო ტერიტორიაზე შეგროვდა, გამოვლინდა თითქმის ყველა შესწავლილი მძიმე ლითონის, ქრომის, თუთიის, ტყვიისა და კადმიუმის, ყველაზე მაღალი დონე. ეს გარემოება აშკარად მიუთითებს ამ ადგილას წარსული ან მიმდინარე სამრეწველო საქმიანობის პირდაპირი ზემოქმედების შედეგზე.
GE-RD-3-იდან აღებულ ნიმუშებში, რომელიც მდებარეობს წიდის ნაგავსაყრელთან და ქვა-ღორღის ყოფილ კარიერთან ახლოს, რომელიც ასევე ნაგავსაყრელად გამოიყენებოდა, ქრომის, თუთიის და სპილენძის უკიდურესად მაღალი დონეები გამოვლინდა, რაც მიუთითებს წიდის დამუშავებისა და მისი ხელახალი გამოყენების გამო არსებულ ისტორიულ დაბინძურებაზე.
GE-RD-4 და GE-RD-5 შეგროვდა მეტალურგიული საწარმოების ან წიდის მასალის გამოყენებით აგებული გზების სიახლოვეს. ეს ნიმუშები მნიშვნელოვნად იყო დაბინძურებული, განსაკუთრებით კი მომატებული იყო ქრომისა და თუთიის მაჩვენებლები.
GE-RD-2-ში, რომელიც საცხოვრებელ ზონაში, ცემენტის ქარხნის სიახლოვეს იყო აღებული, დაბინძურების ზომიერი დონე გამოვლინდა, რაც, სავარაუდოდ, ჰაერში არსებულ გამონაბოლქვსა და ურბანულ გარემოში გაფანტულ სამრეწველო დაბინძურების წყაროებს უკავშირდება“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ რუსთავის გარემოს ობიექტებიდან აღებული ნიმუშების ანალიზმა აჩვენა მძიმე ლითონებით დაბინძურების საშუალო და მაღალი დონის მაჩვენებლები, განსაკუთრებით იმ ტერიტორიებზე, რომლებიც სამრეწველო ობიექტების სიახლოვეს მდებარეობს.
საბავშვო მოედნების ნიადაგში დაფიქსირდა თუთიის, სპილენძის, ტყვიის, კადმიუმისა და ქრომის მაღალი კონცენტრაცია. ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ უმეტესი ელემენტების კონცენტრაციები ჩეხეთის საბავშვო მოედნების ქვიშისთვის დადგენილ ჰიგიენურ ნორმებს არ აღემატებოდა, კადმიუმისა და თუთიის შემცველობამ გადააჭარბა შესაბამის ზღვრულ მაჩვენებლებს, რაც ნიადაგთან უშუალო კონტაქტის შედეგად ჯანმრთელობისთვის პოტენციური რისკების არსებობაზე მიუთითებს.
„ყაზახეთში, სამხრეთ კორეაში, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში არსებულ მსგავს ადგილებთან შედარებით, რუსთავის სათამაშო მოედნებზე ტყვიისა და სპილენძის კონცენტრაცია შედარებით დაბალი იყო, თუმცა, ქრომისა და თუთიის დონე - მაღალი, რაც ადგილობრივი დამაბინძურებლების მკაფიო სურათზე მიანიშნებს. ეს, სავარაუდოდ, ახლომდებარე ფეროშენადნობთა და ცემენტის მწარმოებელი ქარხნებითაა განპირობებული. ვერცხლისწყლისა და დარიშხანის დონეები, ზოგადად, დაბალიდან ზომიერამდე მერყეობდა“, – ნათქვამია ანგარიშში.
კვლევის ავტორების თანახმად, დამბინძურებლების ერთობლივი ზემოქმედების რისკი, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, საჭიროებს შემდგომ მონიტორინგს, რისკების შესახებ კომუნიკაციისა და ზემოქმედების შემცირების ღონისძიებების განხორციელებას - „განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ტყვიასა და ქრომს, ადამიანის ჯანმრთელობაზე მათი გრძელვადიანი უარყოფითი გავლენიდან გამომდინარე“.
