„მოსამართლეები ჩაგვკეტეს ოთახში, დიდ პალატას თუ არ გადასცემთ საქმეს, ვერ წახვალთ სახლშიო“, - უზენაესი სასამართლოს მოსამართლე 2011-2021 წლებში, ბესარიონ ალავიძე ვიდეოჩანაწერში, რომელიც 2022 წელს არის გაკეთებული, ჰყვება, რა პირობებში განიხილებოდა უზენაეს სასამართლოში „რუსთავი 2“-ს საქმე, რის შედეგადაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა. ალავიძის მონაყოლის მიხედვით, მოსამართლეთა კოლეგიაზე ზეწოლას სასამართლოს იმდროინდელი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) ახორციელებდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 3 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 4 სომხეთში რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
- 5 მამულაშვილი კინოიანზე: რუსეთის იურისდიქციაში მოხვედრა სიკვდილის ტოლფასია
- 6 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მოძალადეები ზაზა მამალაძე და ირაკლი ბაუჩიძე გაათავისუფლეს
ბესარიონ ალავიძის თქმით, ერთ-ერთი პირველი საქმე, რომლითაც კლანის წევრმა მოსამართლეებმა ხელისუფლებაში მოსულ „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობის დალაგება დაიწყეს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმე იყო:
„რუსთავი 2“-ის საქმე სასამართლოში ჯერ დაწყებულიც არ იყო და მითხრეს, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა რომ გადაეცემა პატარკაციშვილებსო, ესეთია გეგმაო, რომ „იმედი“ გახდება სახელისუფლებო არხი და „რუსთავი 2“-იც იგივე სახელისუფლებო არხი იქნებაო. ეს საქმეც უნდა გავაკეთოთ ხელისუფლებისთვის და მერე ყველაფერი დალაგდება, კარგად იქნებაო. რაც მითხრეს მაშინ, ზუსტად ისე დალაგდა მერე ყველაფერი“.
ალავიძის თქმით, „რუსთავი 2“-ის საქმე უზენაეს სასამართლოში განსახილველად სპეციალურად დააწერეს მოსამართლე ეკა გასიტაშვილს.
„მე რასაც ვუყურებდი, იქ რა სიტუაციაც იყო და რასაც ვუსმენდი, ეკას დააწერეს სპეციალურად ეს საქმე იმის გამო, რომ როგორც ვალერი [ვალერიან ცერცვაძე], მურუსიძე, ჩინჩალაძე ჩემთან მოდიოდნენ, შეეძლოთ ელაპარაკათ საქმის ჩაწყობასა და მოგვარებაზე, იგივენაირად ეთქვათ ეკასთვის. გვენეტაძეს უნდოდა, რომ საქმე ეკას ჰქონოდა, იმიტომ, რომ ჩემთან ვერ მოვიდოდა და ვერ მეტყოდა ესე გააკეთე, პაატა ქათამაძესთანაც ვერ მივიდოდა.
შემადგენლობა მაშინ ასე იყო, რომ მე, [ზურაბ] ძლიერიშვილი და ნინო ბაქაქური ვიყავით სტაბილურად ერთი შემადგენლობა და მეორე შემადგენლობა იყო ეკა, პაატა ქათამაძე და მზია თოდუა. ასე ვიხილავდით ხოლმე საქმეებს. მზია თოდუა შემადგენლობაში არ ჩაჯდა და მთხოვა, იქნებ შენ შეხვიდეო. წინააღმდეგობა არ გამიწევია. ეკამაც მითხრა, შემაგდენლობაში რომ შეგიყვანო, ხომ არ ხარ წინააღმდეგიო.
ეგეც მიღებული ტრადიციაა, რომ შემადგენლობები იქმნება კონკრეტული საქმისთვის - ჯერ არკვევენ იმას, ვინ არ გაუწევს წინააღმდეგობას. თუ მერე „გამოხდომა“ ჰქონდა რომელიმე მოსამართლეს და თქვა, რომ საქმეს უნდა გავეცნო, მასალები მომეცით, მათი გაგებით, „ზედმეტი ინტერესი“ გამოიჩინა, ეჭვის თვალით უყურებენ და გაყავთ შემადგენლობიდან.
მზიას არ უნდოდა მონაწილეობა მიეღო, ასე გამოვიდა, პასუხისმგებლობა იყო ძალიან დიდი. ხმები დადიოდა, რომ ამის გამო მურუსიძე-ჩინჩალაძე ძალიან დაუპირისპირდნენ მზიას და ჩინჩალაძემ ბიძინასთანაც მიიტანა ამბავი, რომ მზია არ იღებს მონაწილეობას, შენს წინააღმდეგ მიდისო“, - აბობს ბესარიონ ალავიძე.
მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მაშინდელმა თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ მათთან ღიად გამოხატა პოზიცია, რომ „რუსთავი 2“-ის საქმე სწორად იყო გადაწყვეტილი და ტელეკომპანიის მაშინდელი მფლობელების სარჩელის დაუშვებლად ცნობას ითხოვდა.
„ჩვენ, სამივემ ვუთხარით - ისე არის, როგორც გგონია, ჩვენ საქმეს ვნახავთ, დავამუშავებთ, თუ საჭირო იქნება დავუშვებთ, თუ საჭირო იქნება - პროცესს ჩავნიშნავთ. მას ეს, რა თქმა უნდა, არ მოეწონა და მე დარწმუნებული ვარ, ეს ინფორმაცია წავიდა იქ, სადაც საჭირო იყო, საიდანაც მოდიოდა შეკვეთა.
ეკა გვიყვებოდა, რომ გვენეტაძე ძალიან ცუდ მდგომარეობაში აგდებდა,მისგან პირდაპირ ითხოვდა, არ დაეშვა და რაღაცნაირად ჩვენც დავერწმუნებინეთ, მე და პაატა, რომ შედეგი დარჩენილიყო.
საქმე არსებითად არ განგვიხილავს, უბრალოდ ვთქვით პოზიციები, რომ რთული საქმე იყო, დარღვევები იყო, ოქმები იყო მოსასმენი... ამაზე რომ გაბრაზდა გვენეტაძე, ეკამ გვითხრა მე და პაატას, თქვენზე თქვა გვენეტაძემ, რომ მაგათ მიხედავენო და ტვინს გაასხმევინებენო“, - ამბობს ბესარიონ ალავიძე.
ალავიძის თქმით, იმ პერიოდში მას და პაატა ქათამაძეს ერთდროულად მიუტანეს წერილები, სადაც, ვითომდა, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან აქებდა მათ „რუსთავი 2“-ის საქმეზე პოზიციის გამო და „დაფასებას“ ჰპირდებოდა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ.
„ეკას გაუკვირდა, მე რატომ არ მომიტანესო, რაღაცაშია საქმე, პროვოკაციას გვიწყობენო. ჩავედით გვენეტაძესთან, ვთქვით, ეს წერილები პროკურატურაში მივიტანოთ და დავწეროთ განცხადება. პასუხი იყო ასეთი - დახიეთ წერილები, ვითომ არ ყოფილა. ჩვენ ვუთხარით, არ დავხევთ ამ წერილებს და დავწერთ განცხადებას. მოკლედ, გვენეტაძის ხელმოწერით წავიდა პროკურატურაში ეს წერილები, შინაარსი და განმარტება ჩვენ დავწერეთ, მე და პაატამ. დაიწყო გამოძიება, დაგვკითხეს. პროკურორი დარიგებული ჰყავდათ, სპეციალურად გვეკითხებოდა, ვინმეს რამე ხომ არ უთქვამს, რამე ზეწოლა ხომ არ იყოო... მე და პაატა შევთანხმდით იმ მომენტში, რადგან ასეთი მუქარა იყო, რომ ტვინს გაგვასხმევინებდნენ, არაფერი გამორიცხული არ იყო და იყო საფრთხე იმისა, რომ ჩვენ ციხეში ჩაგვსვავდენ, მივეცით ჩვენება, რომ ჩვენზე ზეწოლა არ იყო, თუმცა ვთქვით, რომ როცა შეიცვლება ხელისუფლება, ვიტყვით, რომ ეს ჩვენებები არ არის ნამდვილი და იძულების ქვეშ მივეცით. ერთხელ იყო პროკურორი მოსული სამსახურში... ეს საქმე გაჩერებულია, ჰაერშია“, - ყოფილი მოსამართლე ფიქრობს, რომ მაშინ „რუსთავი 2“-ის და ამ წერილების საქმეები სპეციალურად გადაფარეს ე.წ. ციანიდის საქმით.
ალავიძის თქმით, „რუსთავი 2“-ის საქმის სამართლებრივ საკითხებს მოსამართლე მზია თოდუასთან გადიოდნენ, რომელმაც მათ მისცა გადაწყვეტილების პროექტი - მანამდე დაწერილი, ვიდრე საქმე სასამართლოში წავიდოდა:
„მთხოვა ბიძინამო, რომ იქნება ეს საქმე სასამართლოში წავიდესო და დაწერე შენ რაღაცაო და მისცენ მოსამართლეებსო. მოკელდ ეს გადაწყვეტილება მოგვცა და გვითხრა, ეს არის სწორი გადაწყვეტილება და ამით იხელმძღვანელეთო“.
ბესარიონ ალავიძე მოსამართლე ეკა გასიტაშვილზე განხორიცელებულ ზეწოლაზეც საუბრობს. მისი თქმით, გასიტაშვილს „სამსახურიდან გაუგდეს“ ძმა, რომელიც „თელასში“ მუშაობდა.
„ეკამ თქვა, გვენეტაძემ დაურეკა [დავით დოიჯაშვილს, „თელასის“ იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელს], გაუშვიო და გაუშვა. ასე დასაჯა, მათ შორის.
ერთ დღეს, გვენეტაძემ დაიბარა პაატა. პაატამ მითხრა, რომ გვენეტაძე დაგიბარებს ახლა შენო. გვენეტაძემ დაიწყო ტირილი, მთხოვეო რასაც გინდა იმას შეგისრულებო, იქნება დაუშვებლობის განჩინებას მოაწერო ხელიო. მართლა ტიროდა. მე აქ დამნიშნეს იმის გამო, რომ ეს საქმე გამეკეთებინაო და მერე პრობლემები შემექმნება, უნდა დავტოვო ამის გამო სამსახურიო. დაუშვებლობის განჩინება დევს შენს წინ და ხელი მოაწერეო. მე ვუთხარი, რომ რისიც არ მჯერა, იმას ხელს არ მოვაწერ მეთქი“, - ამბობს ალავიძე.
ბესარიონ ალავიძის თქმით, საქმეში მიხეილ ჩინჩალაძეც ჩაერია: „მაშინ ეკასთან განვიხილავდით ამ საქმეს. ჩინჩალაძემ გამოუშვა ვანო ბოლქვაძე, ახლა იუსტიციის სკოლის დირექტორია და ჩვენგან მოითხოვა აბა რას აპირებთ, რა გადაწყვეტილების მიღებას აპირებთ, მაინტერესებსო. უკან დავაბრუნეთ ბოლქვაძე“.
„პროცესის ჩანიშვნა გვინდოდა და არ გვაძლევდნენ საშუალებას. წინასწარ უნდოდათ დაუშვებლობა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელმოწერილი იქნებოდა დაუშვებლობის განჩინება, მერე ფორმალურად გაჟღერდებოდა.
სამივემ გადავწყვიტეთ და ვებგვერდზე დავდეთ, რომ პროცესი ჩაინიშნებოდა ამა და ამ რიცხვში. ეს სპეციალურად გავაკეთეთ იმისთვის, რომ სასამართლოს თავმჯდომარე იძულებული გამხდარიყო, ხელი არ შეეშალა ამ საქმის განხილვისთვის.
იმ დღეს, როცა გვქონდა განხილვა, სამივე შევთანხმდით, რომ ეს საქმე იყო პროცესუალური დარღვევებით და უნდა დაბრუნებულიყო ქვედა ინსტანციაში განსახილველად, არაკანონიერ შემადგენლობას ჰქონდა განხილული.
პარალელურად ეკასთან იყო განუწყვეტელი ზარები გვენეტაძისგან და მზიასგან. აბა რა ხდება, რას შვრებით. ეკამ უთხრა, რომ გადაწყვეტილება მივიღეთ. შემოვარდა მზია. ცუდად ვარო. თუ გინდათ გადავრჩეთ ყველა, დიდ პალატას უნდა გდასცეთ ეს საქმეო. ამაზე მიდიოდა ინტენსიური თხოვნა. იმ დროს ჩაგვკეტეს ოთახში, გარედან ჩაგვიკეტეს კარები დიდ პალატას თუ არ გადასცემთ საქმეს, ვერ წახვალთ სახლშიო... მე და პაატა ვაპირებდით ფანჯრიდან ჩასვლას, ჟურნალისტებთან მისვლას და თქმას, რომ ასეთი ზეწოლაა, ოთახში ჩაგვკეტეს და ასეთი პრობლემები გვაქვს. მერე გააღეს კარები. სანამ არ გადაწყდა, რომ დიდ პალატას გადასცემოდა საქმე, მანამდე იქ ვიყავით“, - ჰყვება ბესარიონ ალავიძე.
ყოფილი მოსამართლის თქმით, მიხეილ ჩინჩალაძემ დიდ პალატაში ყოფნა თავიდან აიცილა - „უნდოდა რომ სუფთად გამოსულიყო, თან დავალება შეესრულებინა, გავიდა ბიულეტენზე“. მის ნაცვლად პალატაში ვასილ როინიშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ამჟამინდელი მოადგილე, შეიყვანეს.
„გაიგეს ეს ხელისუფლებაში, რომ დიდ პალატას გადაეცა, ძალიან ეწყინათ და დაიწყეს მუშაობა, რომ გადაწყვეტილება ერთხმად ყოფილიყო მიღებული.
პალატას რომ გადაეცა, მურუსიძე გვყავდა ხშირი სტუმარი. მაია ვაჩაძეს იმთავითვე ჰქონდა პოზიცია, რომ წართმეული ქონება უნდა დაბრუნებულიყო, [ვასილ] როინიშვილი [ ისედაც თანახმა იყო, მზია თოდუა ისედაც უჭერდა მხარს, გვენეტაძეც. მე, ეკა გასიტაშვილი, ზურა ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე ვიყავით განსხვავებულ აზრზე. ამაზე გაგიჟდნენ. გიორგი შავლიაშვილზეც ამბობდნენ, რომ წინააღმდეგობას უწევდა“, - თქვა ყოფილმა მოსამართლემ.
ყოფილი მოსამართლე იხსნებს, რომ ამ პრიოდში, სუს-ს ხელმძღვანელობამ მიუგზავნა თანამშრომელი, რომელმაც მასთან დაიწყო მუშაობა იმისთვის, რომ ქიბარ ხალვაშის სასარგებლო გადაწყვეტილება მიეღო.
„ესეთი შემოთავაზება იყო სუს-ის მხრიდან, რომ მე მომცემდნენ ბარათს, რომელზეც იქნებოდა თანხა ჩარიცხული. ეს ბარათი იქნებოდა კონფიდენტზე, ვიღაც საიდუმლო თანამშრომელზე გამოწერილი და როგორც კი გამოცხადდებოდა „რუსთავი 2“-ის საქმე გადაწყვეტილება, იმ დღესვე წამიყვანდნენ აეროპორტში, VIP გასასვლელით გამიყვანდნენ, რამდენიც მინდოდა წამეყვანა ოჯახის წევრი, მეგობრები, ახლობლები, თანხა რამდენიც მენდომებოდა, იმდენი იქნებოდა ჩარიცხული და საზღვარგარეთ დავისვენებდი. როცა აქ დაწყნარდებოდა სიტუაცია და ეს არეულობა დამშვიდდებოდა, მერე მომცემდნენ უფლებას, რომ დავბრუნებულიყავი საქართველოში.
რომ ახლოვდებოდა ეს დაძაბულობა, მოვიდა უზენაეს სასამართლოსთან და მითხრა, სუს-ის პირველს უნდა შენთან შეხვედრა, ისეთ რაღაცას გეტყვის, სხვა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებო. მაშინ გომელაური იყო და ალბათ, გომელაურს უნდოდა შევხვედროდი.
მაშინ მითხრა სუს-ის პოზიცია - ეს საქმე სტრასბურგშიც დალაგებული და მოგვარებულიაო. აქედან გამომდინარე, შენ რაც არ უნდა გადაწყვეტილება მიიღოო, აი, ნახავ, სტრასბურგი ძალაში დატოვებსო, არ გააუქმებსო, გამორიცხულიაო.
განსხვავებული აზრი არ უნდოდათ, რადგან სტრასბურგში რომ განსხვავებული აზრი წავიდესო, საფრთხეა, რომ გააუქმოსო. [სუს] მაძლევდა გარანტიას, რომ ყველა შემთხვევაში სტრასბურგში ამ გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებენო. ასეც მოხდა“, - თქვა ყოფილმა მოსამართლემ.
ბესარიონ ალავიძის განცხადებით, როგორც სხვა მოსამართლეები ამბობდნენ, „ბიძინაც კი გაოცებული დარჩა“, როცა „რუსთავი 2“-ის საქმეზე დიდმა პალატამ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.
„როდესაც დასრულდა ამ საქმის განხილვა, შევთანხმდით 5/4-ზე. გავიდა ეკა გასიტაშვილი სარეზოლუციო ნაწილის დასაბეჭდად, მაშინვე წავიდა დარეკვები როინიშვილის ტელეფონით. დარწმუნებული ვარ, გადაურეკა ბიჭებს, რომ ასეთი შედეგით დასრულდა, რაც არ უნდოდათ არცერთ შემთხვევაში. ეკას მოლოდინის პერიოდში, პაატამ მითხრა, შევიცვალოთ პოზიციაო, რაც გამიკვირდა. მერე, ზურამ და მე დავილაპარაკეთ და უბრალოდ პაატა არ დავტოვეთ მარტო. მერე ეკა შემოვიდა სარეზოლუციო ნაწილით. ეკასთანაც ვთქვით, რომ ასეა და ასე. თავიდან დავიწყეთ ჩვენ ოთხმა თათბირი, იქით დანარჩენი ნაწილი თათბირობდა და ბოლოს მოხდა ისე, რომ უმრავლესობით გამოცხადდა ეს გადაწყვეტილება. შევიცვალეთ ყველამ პოზიცია. განსხვავებული აზრი არ დაიწერა“.
ალავიძე არ გამორიცხავს, რომ პაატა ქათამაძის პოზიციის ცვლილების მიზეზი ზეწოლა გახდა, რადგან მანამდე ნათქვამი ჰქონდა, რომ მასთანაც იყვნენ მისულები და მილიონს სთავაზობდნენ.
ბესარიონ ალავიძის თქმით, პრობლემა იყო გადაწყვეტილების დასაბუთების მხრივაც. როგორც ის იხსენებს, მზია თოდუა და ნონო გვენეტაძე ამბობდენ, „არსებობს საფრთხეო, რომ აქიმიძემ და დვალმა მოითხოვონ თავიანთი წილებიო. აქედან გამომდინარე, ისე უნდა დაიწეროს, მათ შორის, ხანდაზმულობის კუთხითაც, რომ ჩაიკეტოს ქიბარ ხალვაშთანო“.
2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ „რუსთავი 2“ ტელეკომპანიის ყოფილ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. ცხრა მოსამართლისგან შემდგარმა დიდმა პალატამ - სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის ხელმძღვანელობით - საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო. 3 მარტს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დროებითი ღონისძიება გამოსცა და გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. 2019 წელს სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა - მან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა ვერ დაადგინა.
2019 წლის ოქტომბერში სასამართლოს „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებმა, ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა მიმართეს. ისინი აცხადებენ, რომ 2004 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შედეგად, თავიანთი 30-30%-იანი წილები იძულებით დათმეს. ისინი სამართლიანობის აღდგენას და სწორედ ამ 60%-იანი წილის დაბრუნებას ითხოვდნენ ქიბარ ხალვაშისგან, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
