საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ ტრამპის ადმინისტრაციისთვის გადასაცემად გაუგზავნა არასაჯარო წერილი, რომელიც იყო „მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და ის უკიდურესად უარყოფითად მიიღეს ვაშინგტონში“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 3 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 4 სალომე ზურაბიშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის
- 5 საკადრო ცვლილებები შსს-ში - ხარაზიშვილი გაათავისუფლეს, კუპატაძე და სირაძე ჩამოაქვეითეს
- 6 სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობა შეუფარდა
„რადიო თავისუფლებასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში დანიგანმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან სურდა შეხვედრა, რათა წერილზე სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს პასუხი გადაეცა, თუმცა ივანიშვილმა თქვა - „არა“.
„ტრამპის ადმინისტრაციის დასაწყისში ვაშინგტონში ჩავედი, რათა შევხვედროდი ახალი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს, დავლაპარაკებოდი საქართველოს მიმართ ჩვენს პოლიტიკაზე, რა სურდათ, რომ ყოფილიყო პირველი გზავნილი საქართველოს მთავრობისთვის.
დავბრუნდი და შევხვდი საგარეო საქმეთა მინისტრს [მაკა ბოჭორიშვილს] და ძალიან მკაფიოდ წარვუდგინე ორი თუ სამი ნაბიჯი, რომელთა გადადგმითაც „ქართული ოცნება“ ხელს შეუწყობდა ურთიერთობების სწორ გზაზე დაბრუნებას. სამი დღის შემდეგ - და კვლავ ვიტყვი, ჩვეულებრივ ამაზე ვლაპარაკობ, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა თავად თქვა ამის შესახებ - „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა წერილი ტრამპის ადმინისტრაციისთვის. პირადი წერილი.
ეს არ არის საჯარო წერილი, რომელიც, გულწრფრლად გეტყვით, იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და ის უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში. უკიდურესად ცუდად. ამიტომ, დაგვჭირდა გარკვეული დრო პასუხის მოსაფიქრებლად. ეს სიმართლეა. და ვფიქრობ გარკვეული დრო დაგვჭირდა იმიტომ, რომ ხალხი ძალიან გაოცებული იყო ასეთი წერილის გამოგზავმით ერთი ქვეყნის მიერ ჩემი ქვეყნისთვის.
ამასობაში, ვიდრე ჩვენ პასუხზე ვფიქრობდით, პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნა ღია წერილი. მაშინ, მე მივედი პრემიერ-მინისტრთან და ვუთხარი, რომ მაქვს პასუხი სახელმწიფო მდივან რუბიოსგან, რომელმაც მთხოვა, რომ ის ბიძინა ივანიშვილს გადავცე. ბიძინა ივანიშვილმა თქვა „არა“. პრემიერ-მინისტრს ნებისმიერ დროს სიამოვნებით შევხვდები. ცალკე მას არ უთხოვია ჩემთან შეხვედრა, მაგრამ, მითხრეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის წერილი გადამეცა პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და მან თქვა „არა“. ჩემთვის არ უთხოვიათ, რომ ის პრემიერ-მინისტრისთვის მიმეცა“ - განაცხადა ელჩმა, რომელიც საქართველოს ივლისში, პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე ტოვებს.
შეკითხვაზე, იკითხა თუ არა ვაშინგტონში, რატომ უნდა გადაეცა პასუხი ბიძინა ივანიშვილისთვის და არა ირაკლი კობახიძისათვის, რობინ დანიგანმა განაცხადა:
„ვფიქრობ, მსოფლიოში ადამიანების უმრავლესობამ იცის, რომ მთავრობას მართავს ბიძინა ივანიშვილი. ყველაზე უცნაური ის არის, რომ, რასაც ის ითხოვს - ურთიერთობების სწორ გზაზე დაბრუნებას - არც ისე რთულია.
ერთ-ერთი პირველი რამ, უპირველესად გადასადგმელი ნაბიჯი იქნებოდა ანტიამერიკული რიტორიკის შეწყვეტა. ხომ გესმით. აშშ-ის შესახებ ისეთი რაღაცების თქმა, რაც არ არის სიმართლე. „ქართული ოცნება“ ამბობს უამრავ რამეს აშშ-ზე, რაც არ არის სიმართლე: რომ ჩვენ ვცდილობდით აქ მეორე ფრონტის დაწყებას - არ არის სიმართლე; რომ ჩემი წინამორბედი ცდილობდა აქ რევოლუციის გაღვივებას - არ არის სიმართლე; რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა არის პარტნიორობა მხოლოდ ქაღალდზე - არ არის სიმართლე; რომ მე ჩემმა მთავრობამ გამიწვია – არ არის სიმართლე. შემიძლია უსასრულოდ გავაგრძელო ჩამოთვლა“.
28 მაისს, აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, ელჩმა დანიგანმა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, თუმცა ამ უკანასკნელმა შეხვედრაზე უარი თქვა. ივანიშვილის საპასუხო განცხადებაში ეწერა, რომ ელჩს ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა შესთავაზეს, რაზეც უარი განაცხადა. „აქედან გამომდინარე, ჩემთან შეხვედრის მოთხოვნას აქვს ერთადერთი ახსნა, რომ შეხვედრას მხოლოდ პირადი შანტაჟის ფონზე აქვს ფასი“, - წერდა ბიძინა ივანიშვილი.
მანამდე, 13 მაისს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დონალდ ტრამპს მიმართა ღია წერილით, რომელშიც ის უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ საქართველოს და აშშ-ს ხელისუფლებებს შორის უმაღლეს დონეზე არავითარი კომუნიკაცა არ შედგა. კობახიძე ასევე წერდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ უპასუხოდ დატოვა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით მის მიერ რამდენიმე კვირით ადრე მიწერილი წერილი და ასევე, საჯარო განცხადებები, სადაც გამოხატული იყო მზაობა ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან განახლებაზე.
