ალაუდინოვი: ხომ არ მოვიდა დრო, ქართველები უკან, რუსეთთან დაბრუნდნენ?

„ხომ არ მოვიდა დრო, ქართველი ერი უკან, რუსეთთან დაბრუნდეს?“ – ამის შესახებ ჩეჩნური სპეცრაზმის, „ახმატის“ მეთაურმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა აპტი ალაუდინოვმა განაცხადა. მან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ პრორუს პროპაგანდისტ ნიკოლოზ მჟავანაძესთან ინტერვიუში ისაუბრა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მჟავანაძემ თქვა, რომ დღეს რუსეთი ფაშიზმს აჩერებს და ალაუდინოვს ჰკითხა, ხომ არ დადგა დრო შეიქმნას „ანტიფაშისტური კოალიცია“, რომლის შემადგენლობაშიც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები შევლენ.

„დღეს ამერიკელების მიერ ნაყიდი ადამიანების მცირე პროცენტი, ამერიკული ფულით, თქვენთან მიტინგებს ატარებს, ცდილობს თქვენი ხელისუფლების დამხობას. ძალიან მარტივი საკითხია - ხომ არ მოვიდა დრო, ქართველი ერი უკან, რუსეთთან დაბრუნდეს? დაუბრუბნდეს იმ ურთოერთობებს, რომლებიც გვქონდა. აი, ასე უნდა დაისვას საკითხი. რუსეთი იქვეა, სადაც იყო მაშინ, როდესაც ოსმალური ხალიფატისგან, თუქრებისგან გაქცეულმა საქართველომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლა ითხოვა, 1440 წელი, გეორგიევსკის ტრაქტატი“, – განაცხადა ალაუდინოვმა. სინამდვილეში, ეს ტრაქტატი 1783 წელს გაფორმდა ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის.

აპტი ალაუდინოვმა განაგრძო და თქვა, რომ რუსეთს კი არ დაუპყრია საქართველო, არამედ საქართველო თავად მივიდა რუსეთთან და თურქებისგან გადარჩენა სთხოვა.

„ისმის კითხვა - სად წავიდა ქართველების გენეტიკური მეხსიერება, ქართველებისა, რომლებიც დარჩნენ ქართველებად და სახელმწიფოდ მაშინდელი რუსეთის წყალობით? დღეს, დადგა დრო, როდესაც ქართველებმა ეს ყველაფერი უნდა გაიხსენონ და თქვან: რუსებო, ჩვენ ყოველთვის თქვენთან ვიყავით, ჩვენ ისეთივე მართლმადიდებლები ვართ, როგორც თქვენ და ერთად ვიდგებით. ასეთ შემთხვევაში, საქართველო მოიგებს. რა თქმა უნდა, თუ საქართველო არ დათანხმდება და დღეს არ განახორიცელებს ასეთ ქმედებებს, დამიჯერეთ, ადრე თუ გვიან საქართველოს მაინც შეარყევენ და ჩამოაგდებენ დღევანდელ ხელისუფლებას, რომელიც ნამდვილად პროქართულია - პრორუსული კი არ არის, პროქართული ხელისუფლებაა, რომელსაც სურს, რომ ქართველები კარგად იყვნენ - და დააყენებენ იმ ხელისუფლებას, რომელიც გააკეთებს ყველაფერს, რათა კარგად იყვნენ არა ქართველები, არამედ ამერიკელები, ევროპელები და „დიფ სთეითი“, რომელიც მათ უკან დგას“, – განაცხადა ალაუდინოვმა.

ამავე ინტერვიუში, აპტი ალაუდინოვმა თქვა, რომ ნატოს ბლოკი და „დიფ სთეითი“ უკრაინელების მეშვეობით „პროქსი ომს“ აწარმოებენ რუსეთის წინააღმდეგ, მისი სახელმწიფოებრიობის მოშლისა და რესურსების ხელში ჩაგდების მიზნით. ალაუდინოვის განცხადებით, „დიფ სთეითში“ შედიან ამერიკელი და ევროპელი ოლიგარქები, რომლებიც ამ ქვეყნების სათავეში არიან.

„რუსეთისა და ნატოს ომი გარდაუვალია. საკითხავია როდის. ნატოს ბლოკი არ შეჩერდება, სანამ პირდაპირ არ შევებრძოლებით. ეს მოხდება. ეს წმინდა წერილში წერია“, – თქვა ალაუდინოვმა.

ჩეჩნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი, აპტი ალაუდინოვი აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ არის სანქცირებული, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის შეყვანილია „მაგნიტსკის სიაში“.

2024 წლის აპრილში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, ალაუდინოვი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.