„უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის მიერ შეთავაზებულ 28-პუნქტიან „სამშვიდობო გეგმას“ ერისადმი ვიდეომიმართვაში გამოეხმაურა ა პირობა დადო, რომ უკრაინელების ღირსებისა და თავისუფლების დასაცავად იბრძოლებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ახლა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტია. ახლა უკრაინაზე ზეწოლა ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა. ახლა უკრაინა შეიძლება ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს. ან ღირსების დაკარგვა, ან მთავარი პარტნიორის დაკარგვის რისკი. ან რთული 28 პუნქტი, ან უკიდურესად რთული ზამთარი - ყველაზე რთული - და შემდგომი რისკები. ცხოვრება თავისუფლების, ღირსების, სამართლიანობის გარეშე და რომ გვჯეროდეს იმის, ვინც უკვე ორჯერ დაგვესხა თავს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ტრამპის ადმინისტრაციის ახალი სამშვიდობო გეგმა, რომელმაც მედიაში გაჟონა,  უკრაინას აიძულებს, დათმოს აღმოსავლეთში ტერიტორიები, შეზღუდოს თავისი სამხედრო ძალების რაოდენობა და დათანხმდეს, რომ ნატოში არასდროს გაწევრიანდება. დასავლური პრესის თანახმად, აშშ უკრაინის მთავრობაზე ინტენსიურ ზეწოლას ახდენს იმ იმედით, რომ კიევი უახლოეს დღეებში დათანხმდება სამშვიდობო გეგმის დამტკიცებას. გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინას დაზვერვის მონაცემებისა და იარაღის მიწოდებაზე უარით ემუქრებიან.

„ისინი ჩვენგან პასუხს მოელიან. თუმცა სინამდვილეში მე ის უკვე გავეცი. 2019 წლის 20 მაისს, როდესაც უკრაინისადმი ერთგულების ფიცი დავდე, კერძოდ, ვთქვი: „მე, ვოლოდიმირ ზელენსკი, ხალხის ნებით არჩეული უკრაინის პრეზიდენტად, ყველა ჩემი ქმედებით ვიღებ ვალდებულებას დავიცვა უკრაინის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, დავიცვა მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლებები, დავიცვა უკრაინის კონსტიტუცია და კანონები, შევასრულო ჩემი მოვალეობები ყველა თანამემამულის ინტერესებიდან გამომდინარე და ავამაღლო უკრაინის ავტორიტეტი მსოფლიოში“. ჩემთვის ეს არ არის პროტოკოლური ფორმალობა - ეს ფიცია. ყოველდღე ერთგული ვარ მისი ყოველი სიტყვის და არასდროს ვღალატობ მას. უკრაინის ეროვნული ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინა ხმამაღალ განცხადებებს არ გააკეთებს, მაგრამ გააგრძელებს ამერიკასთან და ყველა მოკავშირესთან მუშაობას.

„ჩვენს მთავარ პარტნიორთან ერთად გადაწყვეტილებების კონსტრუქციული ძიება იქნება.

მე მოვიყვან არგუმენტებს, დავარწმუნებ, შევთავაზებ ალტერნატივებს, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ მივცემთ მტერს საბაბს თქვას, რომ სწორედ უკრაინას არ სურს მშვიდობა, რომ სწორედ ის არღვევს პროცესს და რომ უკრაინა არ არის მზად დიპლომატიისთვის. ეს არ მოხდება.

უკრაინა სწრაფად იმუშავებს. დღეს, შაბათს და კვირას, მთელი მომდევნო კვირა და რამდენადაც საჭირო იქნება. 24/7 რეჟიმში ვიბრძოლებ იმისთვის, რომ გეგმის ყველა პუნქტიდან სულ მცირე ორი არ გამოგვრჩეს - ესენია უკრაინელების ღირსება და თავისუფლება, რადგან ყველაფერი დანარჩენი ამაზეა დაფუძნებული - ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი მიწა, ჩვენი ხალხი და უკრაინის მომავალი“, - განაცხადა ვოლოდიმიერ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ევროპელ მეგობრებს ესაუბრა და აქვს მათი იმედი, რადგან მათ „ესმით, რომ რუსეთი შორს არ არის, რომ ის ევროკავშირის საზღვრებთან ახლოსაა, რომ უკრაინა ახლა ერთადერთი ფარია, რომელიც კომფორტულ ევროპულ ცხოვრებას პუტინის გეგმებისგან ჰყოფს“.

ზელენსკიმ უკრაინელებს ერთიანობისკენ მოუწოდა და თქვა, რომ მათი ერთიანობის ხილვა რუსეთისთვის ყველაზე საშინელი რამ არის.

„მაშინ ჩვენი ერთიანობა მიმართული იყო იქითკენ, რომ დაგვეცვა მტრისგან ჩვენი სახლი. და ახლა ერთიანობა ასევე გვჭირდება, როგორც არასდროს, რათა ჩვენს სახლში იყოს ღირსეული მშვიდობა.

მე მივმართავ ახლა ყველა უკრაინელს. ჩვენი ხალხი, მოქალაქეები, პოლიტიკოსები - ყველა უნდა შევიკრიბოთ, გონს მოვიდეთ, შევწყვიტოთ კინკლაობა. შევწყვიტოთ პოლიტიკური თამაშები. სახელმწიფომ უნდა იმუშაოს, მეომარი ქვეყნის პარლამენტმა უნდა იმუშაოს ერთიანი ძალებით, მეომარი ქვეყნის მთავრობამ უნდა იმუშაოს ეფექტურად. და ჩვენ ყველას, ყველას ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს და არ უნდა აგვერიოს, თუ ვინ არის დღეს უკრაინის მტერი.

მახსოვს, ომის პირველ დღეს როგორ გადმომცემდნენ სხვადასხვა „შუამავლები“ სხვადასხვა გეგმებს, პუნქტებს, იყო ულტიმატუმები ომის დასრულებასთან დაკავშირებით. ამბობდნენ: ან ასე, ან არანაირად. ან თქვენ ამას ხელს მოაწერთ, ან თქვენ უბრალოდ მოგიშორებენ (ლიკვიდაციით). და ამას თქვენ ნაცვლად უკვე ხელს მოაწერს უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. რით დასრულდა ეს, ცნობილია. ბევრი ამ „შუამავალთაგანი“ გახდა გაცვლითი ფონდის ნაწილი და გაემგზავრა თავის წინადადებებთან და პუნქტებთან ერთად „მშობლიურ ნავსაყუდელში“.

მე არ მიღალატია უკრაინისთვის მაშინ, მე ზუსტად ვგრძნობდი ჩემს ზურგს უკან თითოეულის მხარდაჭერას. თითოეული თქვენგანის, თითოეული უკრაინელი კაცისა და ქალის, თითოეული ჯარისკაცის, თითოეული მოხალისის, თითოეული მედიკოსის, დიპლომატის, ჟურნალისტის - მთელი, მთელი ჩვენი ხალხის. ჩვენ არ გვიღალატია უკრაინისთვის მაშინ, ჩვენ არ გავაკეთებთ ამას ახლა.

და მე ზუსტად ვიცი, რომ ამ, მართლაც ჩვენი ისტორიის ერთ-ერთ უმძიმეს მომენტში, მე მარტო არ ვარ. რომ უკრაინელებს სჯერათ თავიანთი სახელმწიფოსი, რომ ჩვენ ერთიანები ვართ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ მომდევნო კვირა ძალიან რთული და მოვლენებით დატვირთული იქნება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.