საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საკითხთა კომიტეტმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს საქართველოს მთავრობის „არალიბერალურ და ავტორიტარულ სვლას“ და კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
ამ რეზოლუციით კომიტეტი საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას მოუწოდებს, ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით, მხარი დაუჭიროს ევროპარლამენტის 2025 წლის 13 თებერვლის რეზოლუციაში ნახსენები პირების, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო თანამოაზრეების მიმართ მიზნობრივი ინდივიდუალური სანქციების მიღებას.
კომიტეტი მთავრობას ასევე სთხოვს, გამოიძიოს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილისთვის საპატიო ლეგიონის ორდენის მინიჭების გარემოებები და განიხილოს ამ ჯილდოს გაუქმების საკითხი მისი ქმედებების გათვალისწინებით, რომლებიც ეწინააღმდეგება რესპუბლიკის მიერ მხარდაჭერილ ღირებულებებს. ივანიშვილს აღნიშნული ორდენი 2021 წელს, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიანიჭა.
რეზოლუცია საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, მოითხოვოს ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების და ახალგაზრდა მშვიდობიანი მომიტინგეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება, რომლებიც დემოკრატიული ერთგულებისთვის გაასამართლეს.
რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ სახელმწიფოებს, გაზარდონ სიფხიზლე საქართველოში ფუნდამენტური უფლებების დაცვასთან დაკავშირებით და თანმიმდევრულად განიხილონ დაფიქსირებული დარღვევების გამო შესაბამისი ზომები, მათ შორის, მიზნობრივი შემზღუდავი ინსტრუმენტების მობილიზება იმ შემთხვევაში, თუ დარღვევები გაგრძელდება.
„ევროპულ საქმეთა კომიტეტმა ერთხმად მიიღო ჩემი რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს ქართველ დემოკრატებს, გმობს „ქართული ოცნების“ რეჟიმის არალიბერალურ და ავტორიტარულ სვლას და კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას! მხარდაჭერა და სოლიდარობა საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიის მომხრე ქართველებს!“, - დაწერა პარლამენტის წევრმა კონსტანს ლე გრიპმა პლატფორმა X-ზე.
რეზოლუცია ეროვნული ასამბლეაში 2025 წლის 24 სექტემბერს დარეგისტრირდა. მასში ნათქვამია, რომ მოსკოვის იდეოლოგიური და სტრატეგიული გავლენა საქართველოში სულ უფრო ძლიერდება, რაც პოლიტიკური, ეკონომიკური და მედია არხებით ხორციელდება. რეზოლუციის მიხედვით, „ეს გამოიხატება მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და პრორუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის გადამწყვეტ როლში, რომლის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სასამართლო საქმეებში ჩარევას ევროპარლამენტი დემოკრატიული განვითარების მთავარ დაბრკოლებად მიიჩნევს“.
