პროკურატურამ ოპოზიციის 8 ლიდერს ახალი ბრალდება წარუდგინა

„ქართული ოცნების“ გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

  • საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ბრალდება წარედგინება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.
  • „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს ბრალდება წარედგინებათ სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 15 წლამდე.
  • „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 15 წლამდე.
  • „ახალის“ ლიდერებს ნიკა გვარამიასა და ნიკანორ მელიას, ასევე, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარედგინებათ სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.

პოლიტიკოსებისთვის ახალი ბრალდებების წარდგენის საფუძვლების შესახებ გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკაძემ დღეს, 6 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა:

„უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, რუსეთის ფედერაციასთან შესაძლო სამხედრო კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, საქართველოს ხელისუფლებამ, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, აირჩია პოლიტიკა, აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ არ დაეწესებინა ეკონომიკური სანქციები და ქვეყანაში შეენარჩუნებინა მშვიდობა. აღნიშნულის გამო საქართველოში მოქმედი ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერები - ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის საზიანოდ, საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით, უცხო ქვეყნის სახელმწიფოს წარმომადგენლებს აწვდიდნენ ინფორმაციას საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის, ასევე საქართველოს სამხედრო სფეროში მათ ხელთ არსებული თუ გამოგონილი ვითარების შესახებ, ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოს საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენებოდა ირანული საბრძოლო დრონების რუსეთის ფედერაციისათვის მისაწოდებლად.

გარდა აღნიშნულისა, ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე, ინფორმაციას და დოკუმენტურ მასალას, მათ შორის, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა სიებს, პერიოდულად სანქციების დასაწესებლად აწვდიდნენ უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებს. შედეგად, სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან, სანქციები დაუწესდა მთლიანობაში საქართველოს 300-მდე მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს და ცალკეულ ბიზნესმენებს.

2024 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიების დამარცხების შემდგომ, თითქოსდა არჩევნების გაყალბების საბაბით, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, გიორგი ვაშაძემ, ელენე ხოშტარიამ, ნიკა გვარამიამ, ნიკანორ მელიამ, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დაიწყეს აქტიური მოქმედება ქუჩაში პროცესის რადიკალიზაციისთვის. დასახელებული პირები საჯაროდ აკეთებდნენ მოწოდებებს რევოლუციის, ხელისუფლების დამხობის, ხელისუფლების ჩამოშლის, სახელმწიფო შენობების პიკეტირების და სამართალდამცავთა წინააღმდეგ ფიზიკური დაპირისპირებისკენ.

გარდა აღნიშნულისა, კანონიერი ხელისუფლების დამხობის მიზნით, აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მასის მობილიზების, თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირადი სოციალური გვერდის გამოყენებით, ასევე ვიდეო-მიმართვებში, რომელიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ვრცელდებოდა, მხარდამჭერებს საქვეყნოდ მოუწოდებდა კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებებისკენ, რომ საჭირო იყო ბრძოლა და აგრესიული წინააღმდეგობა. განცხადებებში ასევე მოუწოდებდა მხარდამჭერებს სამთავრობო შენობების დაკავებისკენ და „რეჟიმის ჩამოშლისკენ“.

პარლამენტის შენობის მიმდებარედ დაწყებული აქციები, მოკლე დროში გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს. არაერთგზის ჰქონდა ადგილი საპოლიციო ძალასთან მიზანმიმართულად და ორგანიზებულად დაპირისპირებას, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“, ადვილად აალებადი და ცეცხლგამჩენი ნივთიერებების სროლას სამართალდამცველთა მიმართ. მოძალადეთა მოქმედებები კოორდინირებული იყო ზემოხსენებულ პოლიტიკოსებთან. ამავდროულად ძალადობრივი ჯგუფები მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებულად და ერთმანეთთან კომუნიკაციას სისტემატურად ინარჩუნებდნენ ე.წ. „რაციების“ საშუალებით, რაც სხვა ნივთებთან ერთად ამოღებული იქნა ოპოზიციური პარტიების ოფისებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „დროას“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ოფისებიდან.

2024 წლის 28 ნოემბერს, ლიდერების მოწოდებით, პარლამენტის შენობის მიმდებარედ, პოლიციის თანამშრომლებთან დაწყებული ძალადობრივი დაპირისპირება გაგრძელდა 6 დღის მანძილზე. შედეგად, ძალადობრივმა ჯგუფებმა ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს სამართალდამცავი უწყების 158 თანამშრომელს, მათ შორის რამდენიმე მათგანს მიყენებული ჰქონდა მძიმე დაზიანებები, ცეცხლი წაუკიდეს პარლამენტის შენობაში არსებულ ოთახებს, რითაც მნიშვნელოვნად დაზიანდა შენობა, ასევე ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის კუთვნილ სპეციალურ ტექნიკას, გაანადგურეს რუსთაველის გამზირზე სახელმწიფოს და კერძო საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება.

აღნიშნულის პარალელურად, კოორდინირებულად ხდებოდა ფინანსური სახსრების და მატერიალური რესურსების შეგროვება და მიწოდება ძალადობრივი ჯგუფებისთვის, რაშიც პოლიტიკოსებთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები და სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი ე.წ. „ფონდები“, რომლებიც თავის მხრივ დაფინანსებას იღებდნენ საერთაშორისო დონორებისგან“, - განაცხადა გვარაკაძემ.

8 ოპოზიციონერი ლიდერიდან 6 უკვე ციხეშია. პროკურატურა პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.