„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 5 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 6 ხაზარაძე და გახარია: ჩვენს პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შედგა
პარტიის ინფორმაციით, დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვიქტორ სანიკიძე, პეკინსა და შანხაიში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
შეხვედრები გაიმართება ჩინეთის მმართველი პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ლიუ ძინჩაოსთან და მის მოადგილესთან, სუნ ხაიანთან. ასევე, ქართული მხარე შეხვდება სახელმწიფო საბჭოს განვითარების კვლევითი ცენტრის ვიცე-პრეზიდენტს, ჭანგ ლაიმინგს და ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, სიაო ძიეს.
„ქართული ოცნების“ დეპუტატების ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 14 იანვრიდან 20 იანვრამდე გაგრძელდება.
გასული წლის ივლისში საქართველომ და ჩინეთმა სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პეკინში ვიზიტის დროს იქნა მიღებული, როდესაც ის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მათ ხელი მოაწერეს „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას.
11 სექტემბრიდან ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო რეჟიმი ამოქმედდა.
სექტემბერში, ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა დაადასტურა, რომ ჩინურ კომპანიებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტისადმი ინტერესი გააჩნიათ.
ოქტომბერში, ლევან დავითაშვილი პეკინში „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ფორუმს დაესწრო, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობდა. გარდა ამისა, ფორუმის პარალელურად, ბოლო 8 წლის განმავლობაში პირველად, საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური კომისიის სხდომა ჩატარდა.
დეკემბერი, თბილისში ვიზიტის დროს, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოს ოფიციალურ პირებს ჩინეთთან ურთიერთობის რისკებზე ესაუბრა. კოლომინას თქმით, უსაფრთხოების მხრივ ჩინეთი გამოწვევას წარმოადგენს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ჩინურ ინვესტიციებს და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ეხება.
