კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა

„თუ 11 წელი არის სასწავლო პროგრამის გასავლელად საკმარისი, უნდა შემოვიფარგლოთ 11 წლით. თუ 11 წელი საკმარისია, სხვა რამის გამო არ შეიძლება დავამატოთ მე-12 წელი“, - „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ასე უპასუხა შეკითხვას, რომელიც 11-წლიან სასკოლო პროგრამაზე გადასვლის ინიციატივას ეხებოდა. 12-წლიანი სწავლების გაუქმება ბარიერი იქნება იმ აბიტურიენტებსთვის, ვისაც უცხოურ უნივერსიტეტებში ჩაბარება სურთ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კობახიძის თქმით, მე-12 კლასი, შესაძლოა, სპეციალიზებულ სკოლებში დაამატონ.

„ჩვენი მთავარი ამოცანა და ეს ქვეყნის პრიორიტეტია, რომ ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს მაღალი დონის განათლება და სწორედ ამას ემსახურება რეფორმის ის გეგმა, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ. ჩვენ გვინდა 3-4 წელიწადში თვისობრივად ავამაღლოთ უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში, შესაბამისად, ქართველმა სტუდენტებმა არსებითად განათლება უნდა მიიღონ ჩვენს ქვეყანაში.

რაც შეეხება იმას, თუ მოსწავლეს სურს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, სასურველი ზოგადად არ არის, რომ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა მოსწავლემ, შემდეგ სტუდენტმა, თუმცა თუ ამისი სურვილი არსებობს, ამისთვის იქნება შექმნილი ყველანაირი პირობა, მათ შორის, ჩვენც შეიძლება ვიზრუნოთ საქართველოში მეთორმეტე კლასის დამატებაზე საგანგებოდ სპეციალიზებულ სკოლებში, თუ არადა ალტერნატივა არის ის, რომ საზღვარგარეთ წავა მოსწავლე, იქ დაამთავრებს მე-12 კლასს და თუ აქვს სურვილი, გააგრძელებს პირველი კურსიდან სწავლას საზღვარგარეთ.

მაგრამ ნებისმიერი ღირსეული ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ის, რომ საკუთარ ქვეყანაში მიიღოს სტუდენტმა მაღალი დონის განათლება და ჩვენი კონცეფცია არის თავიდან ბოლომდე ორიენტირებული ამაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, გადაწყვეტილი არის თუ არა მეთორმეტე კლასის გაუქმება, კობახიძემ აღნიშნა, რომ ყველა საკითხზე შედგება „ჯანსაღი დისკუსია“.

„დღეს პრაქტიკულად მეთორმეტე კლასში არ დადიან ბავშვები სკოლაში, იმიტომ, რომ მათ ურჩევნიათ მოემზადონ მისაღები გამოცდებისთვის. ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ საერთოდ არ არის მორგებული ბოლო კლასების სასწავლო პროგრამა მისაღებ გამოცდებზე და ასეთ პირობებში არ უღირთ მოსწავლეებს სკოლაში სიარული. ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს, ნაცვლად იმისა, რომ საერთოდ არ იარონ ბოლო კლასებში მოსწავლეებმა სკოლებში, ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი პროგრამა, რომელიც თავიდან ბოლომდე იქნება მორგებული მოსწავლის ობიექტურ ინტერესებზე“, – თქვა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 16 ოქტომბერს უმაღლესი განათლების რეფორმის პროექტი წარადგინა, რა დროსაც აღნიშნა, რომ სკოლები 11-წლიან სასწავლო პროგრამაზე უნდა გადავიდნენ.

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეები 12-წლიან სწავლებაზე 2008-09 სასწავლო წელს გადავიდნენ. როგორც მაშინ განათლების სამინისტრო განმარტავდა, იმის გამო, რომ ევროპული უნივერსიტეტების აბსოლუტური უმრავლესობა მინიმუმ 12-წლიან განათლებას ითხოვს, ქართველ ახალგაზრდებს პრობლემები ექმნებოდათ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.