ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადაეცა დამოუკიდებელი ქართული ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს, რომელიც მეათე თვეა უკანონო პატიმრობაში იმყოფება. მზია ამაღლობელმა პრემია ასევე პატიმრობაში მყოფ ბელარუს ჟურნალისტთან, ანდჟეი პოჩობუტთან ერთად მიიღო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 5 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 6 საქსტატის თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი 2271 ლარია
წლევანდელი გამარჯვებულები ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ დღეს, 22 ოქტომბერს, პლენარულ სხდომაზე გამოაცხადა.
„ჩვენ პატივს მივაგებთ ორ ჟურნალისტს, რომელთა გამბედაობა შუქურასავით ანათებს ყველასთვის, ვინც უარს ამბობს დუმილზე. ორივემ მაღალი ფასი გადაიხადა ხელისუფლების წინაშე სიმართლის თქმისთვის და თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცნენ. პარლამენტი მათ და ყველას გვერდით დგას, ვინც განაგრძობს თავისუფლების მოთხოვნას“, – თქვა რობერტა მეცოლამ.

დაჯილდოების ცერემონია 16 დეკემბერს, სტრასბურგში გაიმართება.
სახაროვის პრემიის სამ ფინალისტს შორის იყვნენ ჟურნალისტები და ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები პალესტინასა და ყველა კონფლიქტურ ზონაში და ასევე, სერბი სტუდენტები.
ევროპარლამენტი სახაროვის პრემიას გასცემს 1988 წლიდან ყოველწლიურად, რათა პატივი მიაგოს გამორჩეულ პიროვნებებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც იცავენ ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, უმცირესობების უფლებებს და იბრძვიან საერთაშორისო სამართლის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის. ნომინანტებს პოლიტიკური ჯგუფები ან მინიმუმ 40 ევროპარლამენტარი ასახელებს.
სახაროვის პრემიის ლაურეატებს შორის არიან ადამიანის უფლებათა დამცველები, დისიდენტები და ჟურნალისტები, რომლებიც აღიარებულნი არიან თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად გაწეული შრომისთვის. 1988 წელს აღნიშნული ჯილდო აპარტეიდის წინააღმდეგ მებრძოლმა რევოლუციონერმა და სამხრეთ აფრიკის ყოფილ პრეზიდენტმა, ნელსონ მანდელამ მიიღო, 2013 წელს - პაკისტანელმა ადამიანის უფლებათა აქტივისტმა, მალალა უსუფზაიმ, 2021 წელს ალექსეი ნავალნიმ - ციხეში მოკლულმა რუსმა ოპოზიციონერმა და კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლმა აქტივისტმა, ხოლო 2022 წელს - უკრაინელმა ხალხმა. 2023 წელს სახაროვის პრემიაზე წარდგენილი იყო საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია და „ქართველი ხალხი აზრის თავისუფლებისთვის“. ამ წელს პრემია მიანიჭეს 22 წლის ირანელ ქალს, მაჰსა ამინის, რომელიც „ზნეობის პოლიციის“ მიერ დაკავების შემდეგ გარდაიცვალა. 2024 წლის სახაროვის პრემიის ლაურეატები იყვნენ ვენესუელის ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის მარია კორინა მაჩადო, რომელსაც 2025 წელს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა.
ევროპარლამენტის ინფორმაციით, საბჭოთა ფიზიკოსისა და პოლიტიკური დისიდენტის ანდრეი სახაროვის სახელობის პრემია 50 000 ევროს ოდენობის ჯილდოს მოიცავს.
