მიქანაძე: რიგ უნივერსიტეტებში შენობები გამოთავისუფლდება და მათი პრივატიზება მოხდება

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპზე“ ისაუბრა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მისი თქმით, მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში, სხვადასხვა ქალაქში მდებარე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფაკულტეტები უნდა გადანაწილდეს „იმ ტრადიციიდან გამომდინარე, რაც მათ მუდმივად ჰქონდათ“.

„მაგალითად, ტექნიკურ უნივერსიტეტს ის მიმართულებები, რაც ტექნიკურ სპეციალობებთან არის დაკავშირებული, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შესაბამისად, ილიას უნივერსიტეტს შესაბამისად, სამედიცინო უნივერსიტეტს სამედიცინო პროფილები და, რა თქმა უნდა, სოხუმის უნივერსიტეტსაც უნდა ჰქონდეს კონკრეტული მიმართულება. ანალოგიურად უნდა განაწილდეს ეს ფუნქციები უკვე ქუთაისში ორ უნივერსიტეტს შორის. ამ მოცემულობაში, ჩვენ უკვე კონცენტრირებას მოვახდენთ. ეს ხარჯები მთლიანად უნდა აიღოს თავის თავზე სახელმწიფომ, რადგან ეს არის სახელმწიფოს დაკვეთა.

პლუს ამას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პროფილური მიმართულებებით გარკვეული მოძველებული შენობები ქალაქის მასშტაბით, რიგ უნივერსიტეტებში, გამოთავისუფლდება, მოხდება მათი პრივატიზება, რის საფუძველზეც ვაპირებთ, რომ თანხების კონცენტრირება მოვახდინოთ და აქ უკვე რუსთავის ფაქტორი გამოდის, სადაც გვინდა, რომ რიგი სასწავლებლების კამპუსები, მათ შორის, საცხოვრებელი და დასასვენებელი სივრცეები მოვაწყოთ, თბილისსა და რუსთავს შორის მდებარე ტერიტორიაზე, რუსთავთან ახლოს, სადაც იქნება თანამედროვე სტანდარტების შენობები აშენებული“, – განაცხადა მიქანაძემ.

მისივე თქმით, სწორედ ამ ფორმატის ფარგლერბში იგეგმება მაღალხარისხიანი საერთო საცხოვრებელების აშენება, რომლებიც სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის დაბალ ფასად იქნება ხელმისაწვდომი.

„ეს არის შემდეგ სამ-ოთხწლიან პერსპექტივაში გათვლილი. რეფორმის კონცეფციის დამტკიცებიდან სამი-ოთხი წლის პერიოდში ვგეგმავთ, ეს პროცესი ბოლომდე დავასრულოთ, თუმცა მისი გარკვეული შედეგები უკვე ეტაპობრივად იქნება ხელშესახები”, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 16 ოქტომბერს უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია წარადგინა და ერთ-ერთ მთავარ ამოცანად რესურსების ოპტიმიზაცია დაასახელა. კობახიძის თქმით, მაგალითად, თბილისში ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში, რაც „გამოიწვევს რეორგანიზაციას და ფაკულტეტების გადანაწილებას უნივერსიტეტებს შორის“.

 

ამ თემაზე:

დობორჯგინიძე: უნივერსიტეტი მარტო შენობები არაა, მით უმეტეს, გასაყიდად მომგებიანი შენობები

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.