წამების პრევენციის კომიტეტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული ანგარიში გამოაქვეყნა

ქსნის ციხე

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოში 2024 წლის 18-29 ნოემბერსა და 2025 წლის 21-22 იანვარს განხორციელებული ვიზიტებთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კომიტეტი აღნიშნავს, რომ 2024 წლის 29 ნოემბრიდან თბილისში მიმდინარე დემონსტრაციებთან დაკავშირებით დაკავებული პირების გამოკითხვისას მრავლად მიიღეს პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებები. ანგარიშში ნათქვამია, რომ გამოკითხულთა უმეტესობას აღენიშნებოდა თვალსაჩინო დაზიანებები - ზოგიერთს ჰქონდა მძიმე დაზიანებები და სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა

„მათ აღწერეს პოლიციის ქცევის აშკარა ნიმუში დემონსტრაციების დროს: ნიღბიანი და კაპიუშონიანი ოფიცრები (სავარაუდოდ, სულ მცირე, რამდენიმე მათგანი სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტს ეკუთვნოდა), რომლებსაც არ ჰქონდათ  საიდენტიფიკაციო ნიშანი (ზოგიერთ მათგანს ეცვა სამოსი წარწერით „პოლიცია“, ზოგი კი - ასეთი ნიშნების გარეშე იყო), გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებებს ახორციელებდნენ რამდენიმე (10 ან მეტი) ოფიცრისგან შემდგარი ჯგუფებით, დაკავებულ პირებს განურჩევლად ურტყამდნენ მუშტებსა და ფეხებს მთელ სხეულზე (მათ შორის სახესა და თავზე), აგინებდნენ და ემუქრებოდნენ (მათ შორის გაუპატიურებით), მაშინ როცა, როგორც ამბობენ, ამ ადამიანებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ და სრული კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ (ზოგჯერ მიწაზე იწვნენ).

არსებული ინფორმაციით, ცემა არაერთხელ განხორციელდა, ერთდროულად რამდენიმე ოფიცრის მიერ, მათ შორის მაშინ, როდესაც დაკავებულ პირებს ხელები ზურგს უკან ჰქონდათ შეკრული.

თითქმის ყველა შემთხვევაში, არასათანადო მოპყრობა შეწყდა მას შემდეგ, რაც კაპიუშონიანმა და ნიღბიანმა პოლიციელებმა დაკავებული პირები გადასცეს პატრულის (ან კრიმინალური პოლიციის) თანამშრომლებს, რომლებიც ნიღბიანები არ იყვნენ.

ამის მიუხედავად, დელეგაციამ მოისმინა რამდენიმე ბრალდება, რომ ასეთი გადაცემის შემდეგ, დაკავებული პირები დაკითხეს (ადვოკატის დასწრების გარეშე), რაც მიზნად ისახავდა მათგან აღიარების ან ინფორმაციის მიწოდების იძულებას“, - აცხადებს წამების პრევენციის კომიტეტი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ აღიარა, რომ სამსახურმა ვერ შეძლო ვერც ერთი პოლიციელის იდენტიფიცირება მასშტაბური დემონსტრაციების დროს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სავარაუდო გადაცდომების გამოძიების ფარგლებში, ასევე წინა მსგავსი ეპიზოდების დროს (მაგ., 2024 წლის აპრილში), სწორედ პოლიციელების იდენტიფიკაციის არარსებობის გამო.

„პოლიციის კონტროლის ქვეშ მყოფი პირების მიმართ ძალადობის რაიმე ფორმას არანაირი გამართლება არ აქვს“, - ანგარიშში ხაზგასმულია, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს, რომლებიც დემონსტრაციებზე არიან განლაგებული, უნდა ჰქონდეთ ხილული საიდენტიფიკაციო ნიშანი.

კომიტეტი კიდევ ერთხელ იმეორებს დიდი ხნის წინ გაცემულ რეკომენდაციას, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღოს ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ პოლიციამ დაკავებისას გამოიყენოს მხოლოდ მკაცრად აუცილებელი და პროპორციული ძალა.

წამების პრევენციის კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებისა და მისი ფუნქციების პროკურატურისთვის გადაცემის გამო. სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ბრალდებების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნა კომიტეტის რეკომენდაცია იყო.

„დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს გაუქმება, მისი გაძლიერების ნაცვლად, საპირისპირო მიმართულებით გადადგმული ნაბიჯს წარმოადგენს“, - აღნიშნავს წამების პრევენციის კომიტეტი.

საქართველოში ვიზიტების ფარგლებში, კომიტეტის დელეგაცია ლაითურის N1, ქუთაისის N2, გლდანის N8 და ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებებში, ასევე, გლდანის ციხის საავადმყოფოში (N18 დაწესებულება) იმყოფებოდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ნახევრად ღია ციხეების (ე.წ. „ზონების“) დახურვის მხრივ პროგრესი არ არის. კომიტეტმა კვლავ დააფიქსირა ისეთი პრობლემები, როგორიცაა ციხეების გადატვირთულობა, პატიმრების განაწილების სათანადო პოლიტიკის არარსებობა, პატიმრებს შორის ძალადობა, პატიმრებს შორის არაფორმალური იერარქიის გავლენა, არასაკმარისი აქტივობები და ძალიან მცირე პერსონალი. კომიტეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აუცილებელია ამ დაწესებულებების ჩანაცვლება უფრო პატარა, მოდულური ციხეებით, რომლებიც ორიენტირებული იქნება რეაბილიტაციასა და ინდივიდუალურ ჩარევებზე და დაკომპლექტდება მეტი პერსონალით.

„წამების პრევენციის კომიტეტმა პერსონალის მიერ პატიმრების მიმართ ფიზიკური არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებები არ მიუღია და დახურული ტიპის ციხეებში (ციხეები N1, N2 და N8) პატიმრებს შორის ძალადობის შემთხვევები იშვიათი იყო. ამის საპირისპიროდ, N15 ციხეში, სადაც ღია საკნების რეჟიმი მოქმედებდა და პერსონალის მცირე რაოდენობა იყო, პატიმრებს შორის ძალადობა უფრო ხშირად ხდებოდა და ნარჩუნდებოდა მათ შორის არაფორმალური იერარქია“, - კომიეტეტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უფრო მკაცრი ზომები მიიღოს ასეთი ძალადობისა და დაშინების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით ნახევრად ღია ტიპის ციხეებში.

„საქართველოში ციხის რეჟიმების გაუმჯობესების კუთხით რეალური პროგრესის არარსებობა ხელისუფლების სერიოზულ მარცხზე მიუთითებს.

პატიმრებს, როგორც წესი, არ ჰქონდათ ორგანიზებული აქტივობები საკნების გარეთ და ბევრი მათგანი დღეში 23 საათამდე იყო გამოკეტილი საკნებში - გარდა მე-15 საპყრობილის პატიმრებისა. გარდა ამისა, ბევრი პატიმარი თვეების, თუ არა წლების განმავლობაში, იმყოფებოდა სამარტოო საკანში, ძალიან შეზღუდული ადამიანური კონტაქტით და ხშირად მუდმივი ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ. ეს მიუღებელია.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს მიზანმიმართული აქტივობების პროგრამები ყველა პატიმრისთვის, უნდა უზრუნველყოფს რისკის შეფასებისა და სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის ზომების სრულად განხორციელება, როგორც ეს გათვალისწინებულია სასჯელაღსრულების კოდექსით“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

ციხის ჯანდაცვა შეფასდა როგორც „ზოგადად კარგი“, თუმცა, არასაკმარისი იყო ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ნარკოდამოკიდებული პატიმრების მკურნალობა ძირითადად დეტოქსიკაციით შემოიფარგლებოდა, ხოლო ჩანაცვლებით მკურნალობაზე, როგორიცაა ოპიოიდური დამოკიდებულების მედიკამენტები, წვდომა არასაკმარისი იყო.

კომიტეტის შეფასებით, ყველა მონახულებული ციხე განიცდიდა პერსონალის მწვავე დეფიციტს - არ ჰყავდათ როგორც საკმარისი ზედამხედველები, ისე სოციალური მუშაკები, რაც „შეუძლებელს ხდიდა ადეკვატური რეჟიმის დამყარებას“. წამების პრევენციის კომიტეტი „სრულიად მიუღებელს“ უწოდებს იმ ფაქტს, რომ მე-15 ციხის ადმინისტრაცია და პერსონალი იძულებული იყო, გარკვეული საპატიმრო მოვალეობების შესასრულებლად პატიმრებს დაყრდნობოდა.

კომიტეტი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ყველა პატიმარს კვირაში მინიმუმ ერთი საათი უნდა მიეცეს პაემნებისთვის და რომ პაემნების პირობები უნდა გაუმჯობესდეს.

კომიტეტის წარმომადგენლები თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს (თბილისის ფსიქიატრიული საავადმყოფო), ასევე ხელვაჩაურისა (ბათუმის სამედიცინო ცენტრი) და ქუტირის (ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ხონის მუნიციპალიტეტში) ფსიქიატრიულ საავადმყოფოებსაც ეწვივდნენ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ პერსონალის მხრიდან პაციენტების არასათანადო მოპყრობის შესახებ საჩივრები არ დაფიქსირებულა, ხოლო პაციენტებს შორის ძალადობა იშვიათი იყო და პერსონალი მას სათანადოდ აკონტროლებდა. კომიტეტი აღნიშნავს, ქუტირის საავადმყოფოში მნიშვნელოვანი რემონტი ჩატარდა და პირობები კარგი იყო, ისევე როგორც ხელვაჩაურში, თუმცა თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში პირობები გადაუდებელ გაუმჯობესებას საჭიროებდა და შეიძლება შეფასდეს, როგორც ღირსების შემლახველი.

წამების პრევენციის კომიტეტი აცხადებს, რომ ამ დაწესებულებებში ფსიქიატრიული მკურნალობა ძირითადად ეყრდნობოდა პირველი თაობის ანტიფსიქოზურ მედიკამენტებს, რაც გვერდითი ეფექტების რისკს შეიცავს, თუმცა, რეკომენდაციას უწევს მათი გამოყენების შემცირებას და საჭიროების შემთხვევაში, ახალი თაობის მედიკამენტებზე გადასვლას.

„თერაპიული და სარეაბილიტაციო აქტივობები ძალიან შეზღუდული იყო, სხვა მიზეზებთან ერთად, პერსონალის ნაკლებობის გამო. საჭიროა მეტი ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ექთანი და დამხმარე პერსონალი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების მხარდასაჭერად.

პაციენტებს, როგორც წესი, კვლავ უწევთ გადახდა არა-გადაუდებელი სომატური ჯანდაცვისთვის, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს შეფასებასა და მკურნალობაზე.

გარდა ამისა, სუფთა ჰაერზე გასვლა და აქტივობები უნდა გაფართოვდეს ყველა პაციენტისთვის, რაც შეძლებისდაგვარად შეუზღუდავ გარე ვარჯიშს უნდა გულისხმობდეს. შეზღუდვის მეთოდების გამოყენება ზოგადად პროპორციული იყო და არ ატარებდა გადაჭარბებულ ხასიათს, მაგრამ ქიმიური პრეპარატებით დამშვიდების შემთხვევები სათანადოდ არ ფიქსირდებოდა“, - აცხადებს კომიტეტი და მოუწოდებს ხელისუფლებას, ყველა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში თანმიმდევრულად დანერგოს შეზღუდვის საშუალებების გამოყენების სტანდარტები.

„ძალიან ცოტა „სამოქალაქო“ პაციენტს ჰქონდა გაფორმებული არანებაყოფლობითი მოთავსების ოფიციალური ბრძანება, მაგრამ ბევრი „ნებაყოფლობითი“ პაციენტი დე-ფაქტო თავისუფლებააღკვეთილი იყო, ვერ ტოვებდა ჩაკეტილ განყოფილებებს, ხშირად ექვემდებარებოდა შეზღუდვის მეთოდებს და მოკლებული იყო არანებაყოფლობითი პაციენტებისთვის განკუთვნილ სამართლებრივ გარანტიებს. საჭიროა გადაუდებელი ნაბიჯები სამართლებრივი გარანტიების დაცვის უზრუნველსაყოფად.

სასამართლო-ფსიქიატრიულ პაციენტებთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი დებულებები ზოგადად დაცული იყო. თუმცა, მოთავსების გადასინჯვის პროცედურების დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამოუკიდებელი ფსიქიატრიული ექსპერტიზა“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

კომიტეტის თანახმად, პაციენტები ხშირად გრძნობდნენ ვალდებულებას, დათანხმებოდნენ მკურნალობას, რის გამოც მათი თანხმობა ვერ ჩაითვლებოდა ნამდვილად ინფორმირებულად. წამების პრევენციის კომიტეტი მიიჩნევს, რომ ყველა ფსიქიატრიულ პაციენტს, ნებაყოფლობითს თუ არანებაყოფლობითს, „სამოქალაქო“ თუ სასამართლო წესით მოთავსებულს, სრული თუ შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონეს, უნდა მიეცეს მკურნალობაზე თავისუფალი და ინფორმირებული თანხმობის გაცემის შესაძლებლობა.

კომიტეტის განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მიღებისას ყველა პაციენტს და მათ ოჯახებს/მეურვეებს, გადაეცეთ საინფორმაციო ბროშურა პაციენტის უფლებების შესახებ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.