ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) მიიჩნევს, რომ ოქტომბერში, „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში მიიღებული ცვლილებები, რომლებიც საპროტესტო აქციებს ზღუდავს და მკაცრ სასჯელებს ითვალისწინებს, უნდა გაუქმდეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 3 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 4 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 5 დააკავეს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი
- 6 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
ცვლილებების შედეგად, მოსამართლეს ჯარიმის გამოყენების უფლება აღარ აქვს და აქციის მონაწილეს 60 დღემდე პატიმრობა შეეფარდება, თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტილ აქციაში მიიღებს მონაწილეობას. გარდა ამისა, აქციის მონაწილეებისთვის 15 დღემდე, ხოლო ორგანიზატორებისთვის − 20 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს შეკრება-მანიფესტაციისას სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვა და გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა. ჩამოთვლილი ქმედების განმეორების შემთხვევაში, გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა − თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე ვადით, ხოლო იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენა 2 წლამდე პატიმრობით ისჯება.
ამგვარი მიდგომა − ვკითხულობთ ეუთო/ოდირის „სასწრაფო მოსაზრებაში“ − პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებიც მოითხოვს, რომ სანქციები იყოს აუცილებელი, პროპორციული და არადისკრიმინაციული.
„მაშინ, როდესაც თავისუფლების აღკვეთა, მათ შორის ადმინისტრაციული დაკავება, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც სასჯელი საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლების მშვიდობიანი განხორციელებისთვის, ნაკლებად მკაცრი ალტერნატიული სანქციების არარსებობა ასევე ძირს უთხრის პროპორციულობის პრინციპს.
ეს, ასეთი დაკავებების გასაჩივრების ეფექტური სამართლებრივი საშუალებების არარსებობასთან ერთად, ზრდის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ალბათობას და თავისუფლების თვითნებური აღკვეთის რისკს, რაც არღვევს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო კონვენციის მე-9 მუხლს და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლს“, − ნათქვამია მოსაზრებაში.
რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსიში შესულ ცვლილებებს, ეუთო/ოდირის შეფასებით, კოდექსის 347-ე მუხლის დებულებები „ითვალისწინებს სასჯელს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით დაცული ქმედებისთვის, მათ შორის ნიღბის ტარებისთვის ან უკანონოდ მიჩნეულ შეკრებებში მშვიდობიანად მონაწილეობისთვის, ან მოძრაობისთვის ხელის შეშლისთვის“.
„ამგვარად, სისხლის სამართლის სასჯელის დაკისრება ისეთი ქმედებისთვის, რომელიც შესაძლოა საერთაშორისო სამართლის მიხედვით ლეგიტიმური და კანონიერი იყოს, გამოიწვევს თავისუფლების თვითნებურ აღკვეთას, რაც არღვევს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო კონვენციის მე-9 მუხლს და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლს.
გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული დებულებების განმეორებითი დარღვევისთვის ბავშვებისთვის (18 წლამდე ასაკის) ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთის შემცველი სისხლის სამართლის სასჯელის შემოღება ეწინააღმდეგება საერთაშორისო ვალდებულებებს, რომლებიც მოითხოვს, რომ თავისუფლების აღკვეთა ბავშვებისთვის გამოყენებული იქნას მხოლოდ უკიდურესი ზომის სახით“, − აღნიშნავს ეუთო/ოდირი.
საკანონმდებლო ცვლილებები სამართალდამცავი ორგანოების და სხვა თანამდებობის პირების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ან „სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების“ კრიმინალიზაციასაც ახდენს. განმეორებითი დანაშაულისთვის ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისიწნებული. ეუთო/ოდირი აღნიშნავს, რომ „ასეთი ბუნდოვანი და ფართო ტერმინოლოგია, რომელმაც შეიძლება სუბიექტური ინტერპრეტაცია გამოიწვიოს, ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სამართლით მოთხოვნილ კანონიერების, სიცხადისა და განჭვრეტადობის სტანდარტებს“.
„ის საჯარო მოხელეების ლეგიტიმური კრიტიკის წინააღმდეგ არასწორი, ზედმეტად ფართო, თვითნებური და/ან მიზანმიმართული აღსრულების რისკს ქმნის, რითაც ძირს უთხრის გამოხატვის თავისუფლებას და კიდევ უფრო აძლიერებს სამოქალაქო აქტივიზმზე მის მსუსხავ ეფექტს“, − ნათქვამია მოსაზრებაში.
ეუთო/ოდირი იმეორებს, რომ შეკრებებთან დაკავშირებული გარკვეული სამართალდარღვევების ბუნდოვანი და ზოგადი ფორმულირება შესაძლოა მიზნობრივად იყოს გამოყენებული განსხვავებული აზრის გამომხატველი პირების, ადამიანის უფლებათა დამცველების, სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივისტების, ჟურნალისტებს და სხვათა წინააღმდეგ, ვინც კანონიერად სარგებლობენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებით.
„საერთო ჯამში, 2025 წლის ოქტომბრის ცვლილებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებების განსაკუთრებით კი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო კონვენციის მე-9, მე-19 და 21-ე მუხლების და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5, მე-10, მე-11 და მე-18 მუხლების, შეუსრულებლობასთან დაკავშირებით და უნდა გაუქმდეს“, − აცხადებს ეუთო/ოდირი.
ორგნიზაცია მიუთითებს, რომ მათი „სასწრაფო მოსაზრება“ უნდა წავიკითხოთ იმ სერიოზული შეშფოთების ფონზე, რომელიც ადრე გამოითქვა ამ და ადრინდელ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით. ეუთო/ოდირის განცხადებით, იგულისხმება ინიციატივები, რომლებიც არათანაზომიერად ზღუდავს მშვიდობიანი შეკრების, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებს, აგრეთვე ბოლო თვეებში მშვიდობიანი მომიტინგეების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავება შეკრებებში მშვიდობიანი მონაწილეობისთვის, რაც ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების აშკარა დარღვევაა.
„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ სასწრაფო იურიდიული დასკვნის მომზადების თაობაზე ეუთო/ოდირს 2025 წლის 24 ოქტომბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა.
