2010 წლამდე გაცემული 4-წლიანი დიპლომები მაგისტრის ხარისხს გაუთანაბრდება

„ქართული ოცნების“ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებების მიზანი ათასობით კურსდამთავრებულისთვის დიპლომების აღიარების პროცესის გამარტივება და არსებული უთანასწორობის აღმოფხვრაა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ცვლილებები ორ მთავარ საკითხს ეხება - ხარისხების გათანაბრებას და არააკრედიტებული დიპლომების აღიარებას.

დღემდე მოქმედი წესით, 2010 წლის 1-ელ სექტემბრამდე დასრულებული 4-წლიანი პროგრამები ბაკალავრის ხარისხად ითვლება, ხოლო 5-წლიანი (მათ შორის დაუსწრებელი) - მაგისტრის ხარისხად.

საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემთხვევაში, 2010 წლის სექტემბრამდე გავლილი ყველა 4-წლიანი ერთსაფეხურიანი პროგრამა მაგისტრის ხარისხს გაუთანაბრდება.

კანონპროექტის ავტორების განმარტებით, ძველი სისტემა უსამართლო იყო იმ პირების მიმართ, ვინც დასწრებულ, 4-წლიან კურსზე სწავლობდა.

ცვლილებები შეეხებათ იმ პირებსაც, რომლებმაც 2010 წლამდე ისეთი სასწავლებლები დაასრულეს, რომლებმაც მოგვიანებით დაკარგეს ან ვერ გაიარეს აკრედიტაცია. უმაღლესი განათლების აღიარება შესაძლებელი გახდება სასამართლოს გარეშე, პირდაპირ ადმინისტრაციული წესით.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, 2010 წლამდე არ არსებობდა ერთიანი რეესტრი, რის გამოც სტუდენტები ხშირად ფლობდნენ არასრულ ინფორმაციას სასწავლებლის აკრედიტაციის შესახებ. ვინაიდან უზენაეს სასამართლოს ამ საკითხზე უკვე დადგენილი აქვს პრაქტიკა და მოქალაქეების განათლების აღიარება ხდება, კანონით ეს პროცესი ავტომატურად გამარტივდება.

ცვლილებები ასევე ეხება მათ, ვინც სწავლა დაიწყო ლიცენზიის არმქონე დაწესებულებაში, თუმცა სასწავლებელმა ლიცენზია სტუდენტის ჩარიცხვიდან მოკლე პერიოდში (კვირების ან თვეების შემდეგ) მოიპოვა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.