სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, პატიმრობაში მყოფი გიორგი ბაჩიაშვილის ციხის საკანში ცემის ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. უწყება აცხადებს, რომ 11 ივლისს იყო „მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი“, რის შედეგადაც „ორმა მსჯავრდებულმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება.“
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 2 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 სტიკერის გაკვრაზე მზია ამაღლობელი მეორედ გაასამართლეს და 1000 ლარით დააჯარიმეს
- 6 მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს აქტივისტი ნინო დათაშვილი
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მსჯავრდებული გ.ბ. პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებულ იქნა 2025 წლის 27 მაისს. იგი განთავსებული იყო სამეთვალყურეო კამერებით აღჭურვილ საცხოვრებელ საკანში, და არა სამარტოო საკანში, სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანამესაკნესთან ერთად, მათ შორის, მიმდინარე წლის 12 ივლისამდე.
დამატებით აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე წლის 11 ივლისს პენიტენციური დაწესებულების საკანში დაფიქსირდა მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი, რის შედეგადაც ორმა მსჯავრდებულმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება.
მსჯავრდებულ გ.ბ.-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მყისიერად გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და იგი გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“, მას ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა.
ჩაუტარდა ყველა საჭირო კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევა, გაეწია სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაცია და სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციით, იმავე დღეს, დაბრუნებულ იქნა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში.
ხოლო, მიმდინარე წლის 12 ივლისს, გ.ბ. გადაყვანილ იქნა N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. მსჯავრდებული, თანამესაკნესთან ერთად დღემდე იმყოფება N18 სამკურნალო დაწესებულებაში“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, „ინციდენტის“ დაფიქსირების დღიდან, იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფი „აწარმოებს გამოძიებას და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები“.
გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. ლევან იოსელიანის განცხადებით, „უკიდურესად მნიშვნელოვანია, გამოძიების ფარგლებში დადგინდეს ძალადობასთან დაკავშირებული ყველა რელევანტური გარემოება, მათ შორის, დაწესებულების ადმინისტრაციის დანაშაულებრივ ქმედებაში რაიმე ფორმით შესაძლო მონაწილეობის, ასევე, მსჯავრდებულის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების ეფექტიანი მართვის ირგვლივ“.
გიორგი ბაჩიაშვილის ცემის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია „პირველმა“, 14 ივლისს გაავრცელა, რასაც მალევე მოჰყვა თავად პატიმრის ვრცელი წერილი, სადაც ის მომხდარის დეტალებს აღწერს.
ბაჩიაშვილის თქმით, 11 ივლისს, საღამოს 7 საათზე, საკნში, სადაც ის ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მარტო იმყოფებოდა, შევიდა მისთვის უცნობი პიროვნება, რომელმაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც პატიმარი ამბობს, ამ შემთხვევამდე სამი დღით ადრე, 8 ივლისს, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა, დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და „რამდენჯერმე ურჩია“, ბიძინა ივანიშვილისთვის მისი „საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები“ გაეხსნა.
„ჩემს ცემას ვუკავშირებ ჩემი ქონების უკანონოდ იძულებით წართმევას, დაშინებას“, - ამბობს გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი ე.წ. ბიტკოინების საქმეზე.
ბაჩიაშვილს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა უჩივლა. პროკურატურის ინფორმაციით, მან ივანიშვილს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა. გიორგი ბაჩიაშვილი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
