ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს

ევროპის კოლეჯის რექტორი, ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინი, რომელიც გუშინ, 2 დეკემბერს სხვა ორ პირთან ერთად დააკავეს, ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ევროპის პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბელგიის პოლიციის მიერ დაკითხვის შემდეგ, სამ პირს ოფიციალურად ეცნობა მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების შესახებ.

„ბრალდებები ეხება შესყიდვებთან დაკავშირებულ თაღლითობას და კორუფციას, ინტერესთა კონფლიქტს და პროფესიული საიდუმლოების დარღვევას“, - აცხადებს პროკურატურა და განმარტავს, რომ ბრალდებულები გათავისუფლდნენ გაქცევის რისკები არ არსებობის გამო.

მიმდინარე გამოძიების დამატებითი დეტალები არ გასაჯაროვდება, რათა „საფრთხე არ შეექმნას მის შედეგს“.

„ყველა პირი უდანაშაულოდ ითვლება მანამ, სანამ ბელგიის კომპეტენტური სასამართლოები არ დაამტკიცებენ მათ დანაშაულს“, - აღნიშნავს ევროპის პროკურატურა.

გამოძიების ფარგლებში, 2 დეკემბერს, ჩხრეკა ჩატარდა ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) ბრიუსელში მდებარე შტაბ-ბინასა და ბელგიის ქალაქ ბრიუგეში მდებარე ევროპის კოლეჯში, ასევე რამდენიმე ეჭვმიტანილის სახლში.

ევროპის პროკურატურამ გუშინ განაცხადა, რომ გამოძიების საგანია ევროკავშირის დიპლომატიური აკადემიის პროექტი - ცხრათვიანი სასწავლო პროგრამა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მომავალი დიპლომატებისთვის - რომელიც ევროპის კოლეჯმა 2021-2022 წლებში განახორციელა, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ტენდერში გამარჯვების შემდეგ.

პროკურატურას აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ტენდერის დროს დაირღვა სამართლიანი კონკურენციის შესახებ რეგულაცია და მიმდინარე შესყიდვებთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაცია ტენდერში მონაწილე ერთ-ერთ კანდიდატს გადაეცა.

მოგერინის გარდა, დაკავებული იყო სტეფანო სანინო, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ყოფილი გენერალური მდივანი და იტალიელი დიპლომატი. ის ამჟამად ევროკომისიის ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და სპარსეთის ყურის დირექტორატის ხელმძღვანელი და ევროპის კოლეჯის საბჭოს წევრია. მესამე ეჭვმიტანილის ვინაობა უცნობია. პროკურატურის განცხადების მიხედვით, ის ევროპის კოლეჯის უფროსი თანამშრომელია.

ფედერიკა მოგერინი 2014 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ნოემბრამდე იყო ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი. ამ თანამდებობას ამჟამად კაია კალასი იკავებს. მოგერინი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ევროპის კოლეჯის რექტორი 2020 წლის სექტემბერში გახდა, რასაც თან ახლდა კრიტიკა, რომ მას ამ თანამდებობისთვის აკადემიური კვალიფიკაცია არ ჰქონდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.