კობახიძე: გომელაური არ არის ქიმიკოსი, რომ 2007 და 2009 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა

„ვახტანგ გომელაურმა დაადასტურა ის, რომ ის ფხვნილი და სხვა საშუალებები, რომლებიც იქნა გამოყენებული, შეძენილი იქნა, დიახ, 2009 წელს და 2007 წელს. ვახტანგ გომელაურს უნდა სცოდნოდა ფხვნილის დანიშნულება და ვახტანგ გომელაური არ არის ქიმიკოსი, რომ 2007 წელს და 2009 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ ბრალდებებზე.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კობახიძეს კიდევ ერთხელ მოუწია განმარტების გაკეთება შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებაზე.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, იყენებდა კონკრეტულ ნივთიერებას, იყენებდა კონკრეტულ გამსხნელს, კონკრეტულ ნივთიერებას, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე. დანარჩენს გამოძიება შეისწავლის, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ შეიძლება, მაგალითად, ვანო მერაბიშვილს [შს მინისტრი 2004-2012 წლებში - რედ.]  შეექმნას გარკვეული პრობლემა, თუ მან შეიძინა რაღაც ისეთი, რაც არ უნდა შეეძინა. თეორიულად ვლაპარაკობა ამაზე“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა.

კობახიძის თქმით, 2007 და 2009 წლებში შეძენილი ნივთიერება „აქტიურად გამოიყენებოდა“ აქციების დასაშლელად.

„2009 წელს იქნა შეძენილი კონკრეტული ნივთიერება, რომელიც იქნა გამოყენებული. რა იყო ეს ნივთიერება, არ ვიცი, ამაზე ისაუბრებს, ალბათ, გამოძიება. 2007-ში, 2008-ში, 2009-ში, 2010-ში, მერე 2019-ში, 2020-ში და ა.შ. გამოიყენებოდა კონკრეტული ნივთიერება, რომელიც იქნა შეძენილი 2007 და 2009 წლებში. სასკანდალო არაფერია, მით უმეტეს, რომ ეს ნივთიერება შეძენილი იქნა თქვენი პარტიის ლიდერების მხრიდან“, – უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს.

მან BBC-ის საგამოძიებო მასალას „სკანდალის შექმნის იაფასიანი მცდელობა“ უწოდა და თქვა, რომ „გამოძიება შეისწავლის, ვინ იყო ჩართული ამ მტრულ საქმიანობაში საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“.

„როდესაც წყალი წვავს: ბრძოლა საქართველოსთვის“ - BBC World Service-მა ამ სათაურით გამოძიება 30 ნოემბერს გამოაქვეყნა. ჟურნალისტებმა მოიპოვეს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, ანტისამთავრობო აქციების დროს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებულ წყლის ჭავლში აკრძალული ქიმიური ნივთიერება შეურია.

BBC-მ მოახერხა საქართველოს სპეციალური დანიშნულების რაზმების ინვენტარიზაციის სიის, 2019 წლის დეკემბრით დათარიღებული ასლის, მოპოვება. მასში ჟურნალისტებმა ორი უსახელო ქიმიური ნივთიერება აღმოაჩინეს - ჩამონათვალში ისინი მითითებულია, როგორც „ქიმიური სითხე UN1710“ და „ქიმიური ფხვნილი UN3439“, შერევის ინსტრუქციასთან ერთად.

UN1710 ტრიქლორეთილენს (TCE) ნიშნავს. ის სხვა ქიმიურ ნაერთების წყალში გაიხსნას უწყობს ხელს. UN3439-ის იდენტიფიცირება გაცილებით რთული აღმოჩნდა, რადგან, როგორც BBC წერს, ეს არის ზოგადი კოდი სამრეწველო ქიმიური ნაერთების ფართო სპექტრისთვის, რომელთაგან თითოეული საშიშია. ამასთან, BBC-მ დაადგინა, რომ ამ ქიმიური ნოვთიერებებიდან ერთადერთი, რომელიც ოდესმე ყოფილა გამოყენებული არეულობების კონტროლისთვის, ბრომობენზილ ციანიდია.

BBC-ის მტკიცებულებების - სამედიცინო კვლევის, მოწმეთა ჩვენებების, მამხილებლებთან ინტერვიუებისა და ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშების - განხილვის შემდეგ, ტოქსიკოლოგიისა და ქიმიური იარაღის წამყვანმა ექსპერტმა, ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორმა კრისტოფერ ჰოლშტეგმა მიიჩნია, რომ გამოყენებული ნივთიერება ბრომბენზილ ციანიდი, იგივე კამიტი იყო. კამიტი პირველად პირველი მსოფლიო ომის ფრანგულმა ძალებმა ქიმიურ იარაღად გამოიყენეს და მალევე ამოიღეს ხმარებიდან ზემოქმედების ხანგრძლივი ეფექტის გამო.

1-ელ დეკემბერს, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა: „ეს ნივთიერებები, რაზეც ისინი ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე. თუ არ ვცდები ბოლო შეძენა 2009 თუ 2010 წელს უნდაიყოს განხორციელებული, მას შემდეგ შსს-ს ის არ შეუძენია და გამოუყენებია. მთელი პასუხისმგებლობითშემიძლია გითხრათ, რომ „ნაცებმა“ კატა გამოთხარეს!“. გომელაურის ეს კომენტარი სამთავრობო პროპაგანდისტულმა ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა.

მოგვიანებით ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ შსს-ს UN3439 კოდით ნივთიერებები შესყიდული ჰქონდა, თუმცა უარყო მათ შორის კამიტის არსებობა. „ამ კოდის ქვეშ ერთ-ერთი ნივთიერება არის კამიტი, რომელიც აკრძალულია და იქ არის ათობით ნივთიერება, რომელთაგან ძალიან დიდი ნაწილი არ არის აკრძალული“, - თქვა მან.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება BBC-ს სამართლებრივი დავის დაწყებით ემუქრება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.