აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას გაუზიარებს

ფოტოზე - გია აბაშიძე

ბაქოში 5 დეკემბერს აზერბაიჯან-საქართველოს პირველი მედიაფორუმი გაიმართა, რომლის მიზანიც, აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ორ ქვეყანას შორის მედიის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავება, საინფორმაციო გარემოში ნდობის გაზრდა და უსაფრთხოების გამოწვევების სწორი შეფასება იყო. ფორუმში პროპაგანდისტული ტელეარხის „პოს ტვ“-ის თანამშრომლები - გია აბაშიძე და იოანე შაიშმელაშვილი, ასევე, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტის „მრავალფეროვანი საქართველოს“ ხელმძღვანელი რამილია ალიევაც მონაწილეობდნენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

გია აბაშიძემ, რომელსაც აზერბაიჯანული მედია „პოს ტვ“-ის ანალიტიკური ჯგუფის წარმომაგენლად მოიხსენიებს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ საბრძოლველად თანამშრომლობა სჭირდებათ.

„როდესაც საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს, როდესაც საქართველოზე ყველანაირი საზიზღრობა ვრცელდება, ჩვენ უნდა გავუზიაროთ გამოცდილება ჩვენს მეგობრებს, ჩვენს კოლეგებს - როგორც აზერბაიჯანში, ასევე სხვა პარტნიორებს. ამჟამად საქართველოს წინააღმდეგ ძალიან დამამცირებელი კამპანია მიმდინარეობს. BBC-მ დაწერა, რომ ვითომ ერთი წლის წინ საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს, თუმცა, ბუნებრივია, ამის მტკიცებულება ვერ იპოვეს“, - თქვა მან.

მედიაფორუმზე გამოსვლისას „პოს ტვ“-ის გადაცემა „ევროკრატიის“ ავტორმა და წამყვანმა, იოანე შაიშმელაშვილმა განაცხადა, რომ BBC „ცრუ ინფორმაციას“ აზერბაიჯანის შესახებაც ავრცელებს.

„როგორ შეიძლება, რომ გლობალური რეპუტაციისა და მაღალი სტანდარტების მქონე მედია საშუალებები, როგორიცაა BBC, აქვეყნებდნენ ცრუ ინფორმაციას ან ავრცელებდნენ არაზუსტ ინფორმაციას აზერბაიჯანის შესახებ? [...] მედიამ უნდა იცოდეს თავისი პასუხისმგებლობა და ჟურნალისტებმა უნდა გაიგონ, რომ მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია გავლენას ახდენს არა მხოლოდ ერთი ქვეყნის, არამედ რამდენიმე ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე. ამის გათვალისწინების გარეშე, დეზინფორმაციის პრობლემა სერიოზულ ეროვნულ გამოწვევად იქცევა. რისკის დონემ ახლა მიაღწია მასშტაბს, რომელიც ქვეყნისთვის საფრთხის უთანაბრდება“, - განაცხადა შაიშმელაშვილმა და დასძინა, რომ დეზინფორმაციის პრობლემა უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე აზერბაიჯანისთვის.

„პოს ტვ“-ის წამყვანმა ხაზი გაუსვა დეზინფორმაციასთან ბრძოლისადმი ერთიანი სამთავრობო მიდგომის მნიშვნელობასაც.

„როდესაც რადიკალიზაცია და დეზინფორმაცია რეალურ ინფორმაციას ანაცვლებს, ეს ეროვნულ გამოწვევად იქცევა“, - განაცხადა იოანე შაიშმელაშვილმა.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლის, რამილია ალიევას თქმით, ორივე ქვეყანას გამოცდილების გაცვლის დიდი პოტენციალი გააჩნია. ალიევამ აღნიშნა, რომ თანამედროვე აზერბაიჯანული მედია გადაწყვეტილებები შეიძლება სასარგებლო იყოს ქართველი კოლეგებისთვის, ხოლო ქართული მედია პროექტების ეფექტურად გამოყენება აზერბაიჯანშიც შესაძლებელია.

„დღეს, ქართველ და აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს შორის პრაქტიკული გამოცდილების გაცვლა უკიდურესად აუცილებელია“, - განაცხადა რამილია ალიევამ.

აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფორუმს ესწრებოდნენ „პოს ტვ“-ის აღმასრულებელი დირექტორი, თემურ ჭარელაშვილი და გამოცემა „ჯორჯიან თაიმსის“ დირექტორი, კახა მასხარაშვილი.

აზერბაიჯანის მედიის განვითარების სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა, აჰმად ისმაილოვმა მედია ფორუმის გახსნისას განაცხადა, რომ „აზერბაიჯანსა და საქართველოს შეუძლიათ გლობალური საინფორმაციო საფრთხეების წინააღმდეგ ერთობლივი პროექტების განხორციელება და ამ სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება“.

„აზერბაიჯანის რესპუბლიკის მედიის განვითარების სააგენტო საზოგადოებაში მედიაწიგნიერების დონის გასაუმჯობესებლად სისტემატურ და ტრადიციულ ღონისძიებებს ატარებს. ყოველწლიურად დეკემბერში აზერბაიჯანში მედიაწიგნიერების კვირეულის ჩატარება აფართოებს ამ სფეროში საგანმანათლებლო საქმიანობას. ჩვენ მზად ვართ, ამ სფეროში ვითანამშრომლოთ ჩვენს ქართველ კოლეგებთან და გავუზიაროთ გამოცდილება“, - განაცხადა ისმაილოვმა.

აზერბაიჯანში მედიაგარემო მკაცრად კონტროლდება მთავრობის მიერ და შეზღუდულია რეპრესიული კანონმდებლობით. „მედიის შესახებ“ კანონი განსაზღვრავს, თუ ვინ შეიძლება იყოს „ჟურნალისტი“ და ითვალისწინებს ლიცენზიის გაუქმებას „მიკერძოებული გაშუქების“ ან სათაურის გამო, რომლებიც „ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ წესრიგს, მორალურ სტანდარტებს ან ეთიკას“.  

კანონმდებლობით მნიშვნელოვნად შეზღუდულია უცხოური დაფინანსების მიღების შესაძლებლობა, რაც დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს არსებობის შესაძლებლობას უსპობს.

ათობით დამოუკიდებელი ჟურნალისტი და ბლოგერი ყალბი ან პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებითაა დაკავებული. მაუწყებლობასა და ბეჭდურ მედიაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და პროსამთავრობო მედია დომინირებს, ხოლო დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მცირე რაოდენობა, რომლებიც მხოლოდ ონლაინ რეჟიმში მოქმედებდნენ, მთავრობის მიერ იბლოკება.

საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს „პრესის თავისუფლების მტაცებლებად“ მოიხსენიებს. ამ სიაში 2025 წელს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილიც მოხვდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.