საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ადასტურებს, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიწვევა ყოველწლიურ მიღებაზე და საქართველოს დელეგაციას შეხვედრებზე უარი უთხრა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 3 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 4 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 5 აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ღამე გაათენეს
- 6 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
„ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა პრემიერ-მინისტრ კობახიძის მოწვევა გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ მიღებაზე და უარი თქვა ქართულ დელეგაციასთან შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების, დეზინფორმაციისა და ნეგატიური რიტორიკის გამო აშშ-ისა და დასავლეთის მიმართ“, - განაცხადეს შეერთებული შტატების საელჩოში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს უნდა დასწრებოდა ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის, ჯილ ბაიდენის სახელით გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება. თუმცა, ბაიდენის ადმინისტრაციამ ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმა.
„ამერიკის ხმის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე. პრემიერ-მინისტრ კობახიძეს არ შეხვდება ჯეიკ სალივანი, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი. „ამერიკის ხმის“ ცნობით, ამ გადაწყვეტილებების მიზეზი, საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქცევა და რიგი ნაბიჯებია, მათ შორის, ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღება, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და „აირჩიე ევროპას“ წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ასევე მმართველი ძალის მიერ, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ გაკეთებული განცხადებები.
ირაკლი კობახიძე შეერთებულ შტატებში 22 სექტემბერს გაემგზავრა. ამ ვიზიტს წინ უსწრებდა აშშ-ის მხრიდან „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მოსალოდნელი სანქცირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.
ერთი კვირით ადრე, 16 სექტემბერს, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი აქციების ძალადობრივი ჩახშობის გამო, ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოს ხელისუფლების ორ მაღალჩინოსანს - შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, ზვიად ხარაზიშვილს, იგივე „ხარებას“ და მის მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს. ფინანსური სანქციები შეეხოთ მშვიდობიან დემონსტრაციებზე ძალადობრივი თავდასხმების ორგანიზატორებს, „ალტ-ინფოს“ ლიდერებს - კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძესაც. აშშ-მა ოთხვე პირი „მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანა. გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქეს და მათ ოჯახის წევრებს, ვინც პასუხისმგებელნი ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში.
