ჰელსინკის კომისია „ოცნების“ მიერ კამიტის გამოყენებაზე ცნობების დადასტურებას და სანქციებს ითხოვს

აშშ-ის ჰელსინკის კომისია გამოეხმაურა BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღის გამოყენებას ეხება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კომისიის თავმჯდომარე, სენატორი როჯერ უიკერი, თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი, სენატორი შელდონ უაითჰაუსი და კოგრესმენი სტივ კოენი აშშ-ის მთავრობასა და დემოკრატიულ მოკავშირეებს მოუწოდებენ, გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურონ და პასუხისმგებელ პირებს შესაბამისი სანქციები დაუწესონ.

„ბოლოდროინდელი დასკვნები, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, ძალიან შემაშფოთებელია.

ამ ქიმიურმა თავდასხმებმა მსხვერპლთა დამწვრობა და ჯანმრთელობის ხანგრძლივი პრობლემები გამოიწვია და წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ვალდებულებების დარღვევას, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას აკისრია.

ასეთი საქციელი „ქართულ ოცნებას“ ათანაბრებს რუსეთისა და ჩინეთის კორუმპირებულ მმართველებთან, რომლებსაც საკუთარი ხალხის ეშინიათ და ძალაუფლების შესანარჩუნებლად არაფრის წინაშე არ გაჩერდებიან.

ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ის მთავრობას და ჩვენს დემოკრატ მოკავშირეებს, გადაამოწმონ ეს ცნობები და დააწესონ შესაბამისი სანქციები პასუხისმგებელ პირებზე.

ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს კონგრესში, მიიღონ „მეგობარი აქტი“, ორპარტიული კანონი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს მისცემს დამატებით ინსტრუმენტებს ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდასაჭერად“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ჰელსინკის კომისია აღნიშნავს, რომ 2024 წლის ოქტომბერში საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა კიდევ უფრო ავტორიტარიზმისკენ წაიყვანა, დათრგუნა დამოუკიდებელი მედია, დააპატიმრა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები და გააღრმავა ურთიერთობები რუსეთთან და ჩინეთთან.

„როდესაც წყალი წვავს: ბრძოლა საქართველოსთვის“ - BBC World Service-მა ამ სათაურით ჟურნალისტური გამოძიება 30 ნოემბერს გამოაქვეყნა. ჟურნალისტებმა მოიპოვეს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლში აკრძალული ქიმიური ნივთიერება შეურია.

BBC-მ მოახერხა საქართველოს სპეციალური დანიშნულების რაზმების ინვენტარიზაციის სიის, 2019 წლის დეკემბრით დათარიღებული ასლის, მოპოვება. ჟურნალისტებმა მასში ორი უსახელო ქიმიური ნივთიერება აღმოაჩინეს - ჩამონათვალში ისინი მითითებულია, როგორც „ქიმიური სითხე UN1710“ და „ქიმიური ფხვნილი UN3439“, შერევის ინსტრუქციასთან ერთად.

UN1710 ტრიქლორეთილენს (TCE) ნიშნავს. ის სხვა ქიმიურ ნაერთების წყალში გაიხსნას უწყობს ხელს. UN3439-ის იდენტიფიცირება გაცილებით რთული აღმოჩნდა, რადგან, როგორც BBC წერს, ეს არის ზოგადი კოდი სამრეწველო ქიმიური ნაერთების ფართო სპექტრისთვის, რომელთაგან თითოეული საშიშია. ამასთან, BBC-მ დაადგინა, რომ ამ ქიმიური ნოვთიერებებიდან ერთადერთი, რომელიც ოდესმე ყოფილა გამოყენებული არეულობების კონტროლისთვის, ბრომობენზილ ციანიდია.

BBC-ის მტკიცებულებების - სამედიცინო კვლევის, მოწმეთა ჩვენებების, მამხილებლებთან ინტერვიუებისა და ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშების - განხილვის შემდეგ, ტოქსიკოლოგიისა და ქიმიური იარაღის წამყვანმა ექსპერტმა, ვირჯინიის უნივერსიტეტის პროფესორმა კრისტოფერ ჰოლშტეგმა მიიჩნია, რომ გამოყენებული ნივთიერება ბრომბენზილ ციანიდი, იგივე კამიტი იყო. კამიტი პირველად პირველი მსოფლიო ომის ფრანგულმა ძალებმა ქიმიურ იარაღად გამოიყენეს და მალევე ამოიღეს ხმარებიდან ზემოქმედების ხანგრძლივი ეფექტის გამო.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და ბრიტანულ მაუწყებელს სამართლებრივი დავის დაწყებით ემუქრება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.