თბილისის სააპელაციო სასამართლომ ლტლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა „ბათუმელი მედროშის“ სახელით ცნობილ, 56 წლის თემურ ქთამაძეს (გაფფარ ილმაზი). სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღარ საჩივრდება, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრო მისი გაძევების პროცედურას დაიწყებს. თემურ ქათამაძე თურქეთში ეთნიკურ ქართველთა საზოგადოება „ჩვენებურების“ ლიდერია. აქტიურად იცავდა ეთნიკური ქართველების უფლებებს და მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და ტელე-რადიოარხის დაარსებას ითხოვდა. მასზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რის გამოც საქართველოდან გაძევების შემდეგ, შესაძლოა, დააპატიმრონ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ღამე გაათენეს
„ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი მისთვის წარმოადგენდა ერთადერთ შესაძლებლობას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილიყო კანონიერი საფუძვლით. ის წლებია მოქალაქეობის მიღებას ცდილობს და მისი ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. 2020 წლის შემდგომ ბინადრობის ნებართვის გახანგრძლივებაზეც უარი ეთქვა და ახლა ცდილობდა ლტოლვილის სტატუსის მიღებას, რომ კანონიერი საფუძვლით დარჩენილიყო საქართველოში. ამ სტატუსზეც უარი უთხრეს.
გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტი იღებს. გადაწყვეტილება ათ დღეში მიიღება და განისაზღვრება ვადა, რა დროშიც მან საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვოს“, - თქვა თემურ ქათამაძის ადვოკატმა მარიამ გაბროშვილმა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, გაძევების შემთხვევაში არსებობს მისი თავისუფლებისა და სიცოცხლის უფლების ხელყოფის საფრთხე: „აღნიშნული გარემოებები სასამართლოებმა მხედველობაში არ მიიღეს. მისი დაკავება და გაძევების პროცედურების დაწყება აშკარად უკავშირდება მის აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობასა და საჯარო პროტესტს, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით“.
თემურ ქათამაძე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების აქტიური მონაწილე იყო ბათუმში.

„ბათუმელი მედროშე“ თემურ ქათამაძე / მაქსიმე ბაქრაძის ფოტო
პოლიციამ ის პირველად 11 იანვარს დააკავა. იგი ბათუმის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს, სადაც როგორც თემურ ქათამაძე ამბობს, პოლიციის თანამშრომლებმა, მათ შორის, უფროსმა ირაკლი დგებუაძემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
„ირაკლი დგებუაძე და 10 პოლიციელი, 10 წუთის განმავლობაში ფიზიკურად მისწორდებოდნენ მის კაბინეტში. გაშლილი ხელებით ხელის შიდა არეს მირტყამდნენ თავზე, სახეზე. დივანზე 2 პოლიციელი ხელებს მიჭერდა. ამ ცემის შემდეგ ოფიცერი თენგიზ კვირკველია დამემუქრა ასეთი სიტყვებით: „ბოლოს შენც მოხვდი აქ, მედროშე ბაბუ! მე შენ გიცნობ, უწყების პასუხი ჩაგაბარე. შენ ახლა მოგიწევს დეპორტი“.
მე ვუპასუხე: „აჰა, შენ ის ხარ, ვინც ჩამაბარა ყალბი დოკუმენტი იაგო დავითაძის [ხელვაჩაურის პოლიციის მოქმედი უფროსის] წინააღმდეგ საჩივრის შეწყვეტისთვის?“...
ჩემი ცემა-ტყეპის დროს უცენზურო შეურაცხყოფა მომაყენეს – „დედა, მამა, ბაბუა, ბებია, აკვანში ჩვილი შვილი, ჯიშ-ჯილაგზე შემაგინა 10-მა პოლიციელმა ირაკლი დგებუაძის მონაწილეობით. ასევე რასისტული სიტყვებით „შენო ძაღლო და თურქო, რა გინდა საქართველოში, გაეთრიე აქედან“.
მე ვუპასუხე: „თურქს ნუ მეძახით, მე თურქი არ ვარ, მე სულით და გულით ქართველი ვარ-მეთქი“.
მიპასუხეს - „მაშინ საქართველოში რატომ არ დაიბადე? საქართველოს მოქალაქეობა არ გაქვს?“ ვუპასუხე, რომ 10 წლის განმავლობაში სამჯერ მივმართე [საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად].
შემდეგ ჩემი თანდასწრებით იგივე კაბინეტში გელა ბასილაძის [ჩემი ცემა, შეურაცხყოფის თვითმხილველი, ის ბრძანებას აძლევდა მოძალადე პოლიციელებს] თენგიზ კვირკველიას და ბექა ღომიძის მეთაურობით… შეადგინეს ყალბი დაკავების ოქმი...“ - ვკითხულობთ წერილში, რომელიც თემურ ქათამაძემ „ბათუმელებს“ ციხიდან გაუგზავნა.
თემურ ქათამაძეს სასამართლომ ხუთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საბაბით. პატიმრობა მან სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოიხადა. 16 იანვარს, იზოლატორიდან გათავისუფლებისთანავე ის ხელახლა დააკავეს. სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ მას საემიგრაციო პატიმრობა შეუფარდა.
თემურ ქათამაძე საქართველოში 2012 წლიდან ცხოვრობს. მას აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ბათუმში. თანამოაზრეებთან ერთად 2016 წელს დააარსა ორგანიზაცია „ქართველთა კავშირი-ფენიქსი“, სადაც დაკავებამდე მუშაობდა.
მეორედ დაპატიმრების შემდეგ მან შიმშილობა დაიწყო. ეს გადაწყვეტლება ასე ახსნა:
„ბოლო 13 წლის განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმის მიერ თურქეთში, ირანსა და აზერბაიჯანში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის მიზანმიმართულად, მასობრივად საქართველოს მოქალაქეობის არმინიჭების გაპროტესტება“.
შიმშილობის 48-ე დღეს, როცა მისი მდგომარეობა დამძიმდა, ქათამაძე კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, სადაც შიმშილობა შეწყვიტა.
