ბოლო 24 საათის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევის საბაბით, ადმინისტრაციული წესით, კიდევ 12 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
დაკავებული არიან მომიტინგეები ც.ჟ., კ.მ., გ.თ., მ.ჩ., ა.ვ., გ.ვ., გ.წ., ი.წ., ბ.ჩ., ლ.უ., ლ.მ., და ა.გ.
„აქციის მონაწილეები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან, კვლავ აგრძელებენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელებას, სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად კეტავენ საავტომობილო გზას და აფერხებენ ტრანსპორტის მოძრაობას.
ასევე, დემონსტრანტების ნაწილს შენიღბული აქვს სახე, რაც, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. შევახსენებთ სამართალდამრღვევ პირებს, იმ შემთხვევაში, თუ ისინი განმეორებით ჩაიდენენ მსგავს უკანონო ქმედებას, მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება“, – ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 17 ოქტომბერს ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები, რომლითაც საპროტესტო აქციების გამართვა კიდევ უფრო იზღუდება და მკაცრ სასჯელებს ითვალისწინებს.
აქციის მონაწილეებისთვის 15 დღემდე, ხოლო ორგანიზატორებისთვის − 20 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს შეკრება-მანიფესტაციისას:
- სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვა;
- გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრებაში მონაწილე პირთა რაოდენობა;
- ცრემლმდენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონა;
- დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, რაც საფრთხეს ქმნის ან ხელს უშლის შეკრებას ან/და პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას.
ჩამოთვლილი ყველა ქმედების განმეორების (სახდელდადებული პირის მიერ 1 წლის განმავლობაში ქმედების ჩადენა) შემთხვევაში გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა - თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე ვადით.
