პოლიციამ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, უწყვეტი პროტესტის 328-ე დღეს, აქციის 25-ზე მეტი მონაწილე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის წესით, ხულიგნობის ბრალდებით არის დაკავებული ახალგაზრდა ქალი, რომელიც პოლიციის მანქანაზე ავიდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 5 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 6 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
„ეს მზიასთვის“, – გავრცელებული ინფორმაციით, ეს ფრაზა უთხრა პოლიციელებს თამარ ლორთქიფანიძემ მანქანაზე ასვლის შემდეგ. დღევანდელი აქცია მზია ამაღლობელის და პატიმრობაში მყოფი სხვა ჟურნალისტების მხარდასაჭერად გაიმართა.
როგორც შსს აცხადებს, თამარ ლორთქიფანიძე „არ დაემორჩილა სამართალდამცველთა კანონიერ მოწოდებას, საპატრულო პოლიციის ავტომანქანაზე ავიდა და შეურაცხყოფა მიაყენა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს, მათ ღირსებასა და მუნდირს, ასევე საზოგადოებას“.
სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის თანახმად, ხულიგნობა არის „ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით“ . იგივე ქმედება, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლის ან ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ არის ჩადენილი, ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან გამასწორებელი სამუშაოთი, ანდა 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
იურისტი საბა ბრაჭველი Facebook-ზე წერს, რომ თამარ ლორთქიფანიძის ქმედება არ შეიძლება „ხულიგნობად“ იქნას მიჩნეული:
„ვისზე იძალადა ამ გოგომ, მანქანაზე? ვის დაემუქრა ძალადობით, სახურავს?
სამართლის მეორეკურსელმა სტუდენტმაც კი იცის, რომ თუნდაც შეურაცხმყოფელი ქმედება, თუ მას თან ძალადობა ან ძალადობის მუქარა არ სდევს, სისხლის დანაშაული კი არა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა - წვრილმანი ხულიგნობაა.
ადმინისტრაციული ბრალდებითაც შეეძლოთ 60 დღით იზოლატორში გამოკეტვა, მაგრამ კანონი ფეხებზე დაიკიდეს“.
დაკავებულებია არიან აქციის სხვა მონაწილეებიც, მათ შორის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ლიკა ბასილაია-შავგულიძე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი და Facebook-ჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებელი ილია ღლონტი.
შსს-ს თანახმად, „მიუხედავად იმისა, რომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მომიტინგეები არაერთხელ გააფრთხილეს, არ ჩაედინათ კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რადგან მათი რაოდენობა არ იძლეოდა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის კანონიერ უფლებას, აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველთა მოწოდება არ გაითვალისწინეს“.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, „თავი შეიკავონ გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად, უკანონოდ გადაკეტვისგან“.
