საყოველთაო დაზღვევა შეუჩერდებათ მოქალაქეებს, ვინც უცხოეთში 6 თვე და მეტი იმყოფებიან

1-ელი ივნისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით (ე.წ.საყოველთაო დაზღვევა) ვეღარ ისარგებლებენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ, უწყვეტად, 6 თვე და მეტი ვადით იმყოფებიან.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ქართული ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის მიერ 31 დეკემბერს გამოცემული ბრძანების მიხედვით, 2026 წლის 1-ელი ივნისიდან ყოველთვიურად, სოციალური მომსახურების სააგენტომ უნდა განახორციელოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის გეგმური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში ბენეფიციართა რეგისტრაციის მოდულიდან იმ ბენეფიციართა რეგისტრაციის შეჩერება, რომლებიც იმყოფებიან ქვეყნის ფარგლებს გარეთ 6 თვე და მეტი ვადით უწყვეტად.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობისთვის საჭირო იქნება მოსარგებლის ხელახალი რეგისტრაცია.

„ბენეფიციართა რეგისტრაციის სტატუსის გადამოწმების დამატებითი კრიტერიუმები დამტკიცდეს მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტით 2026 წლის 1-ელ ივნისამდე,“ - ნათქვამია ბრძანებაში.

ჯანდაცვის სამინისტრომ 9 ნოემბერს 13:41 საათზე, Facebook-ზე გამოაქვეყნა განმარტება, სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოში დაბრუნებისთანავე, მოქალაქეს შეუძლია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, დარეგისტრირდეს ამბულატორიულ დაწესებულებაში და სრულად მიიღოს  პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება“.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ცვლილება მხოლოდ ამბულატორიული დაწესებულების დაფინანსებას ეხება.

„სახელმწიფო,  ფიქსირებულ ანაზღაურებას უხდიდა კლინიკას, იმ შემთხვევაშიც, როცა საქართველოს მოქალაქე არ იმყოფებოდა  ქვეყანაში და შესაბამისად, არ იღებდა სამედიცინო მომსახურებას. 

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის 2025 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით, ცვლილება ეხება მხოლოდ ამბულატორიული მომსახურების  ნაწილში სამედიცინო დაწესებულებების  დაფინანსების ე.წ. კაპიტაციის მექანიზმს და არ ვრცელდება საყოველთაო ჯანდაცვის სხვა რომელიმე კომპონენტებზე, მათ შორის - გადაუდებელ ამბულატორიასა და სტაციონარულ სერვისებზე“, – ნათქვამია სამინისტროს განმარტებაში.

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება ემსახურება საყოველთაო ჯანმრთელობის სახელმწიფო დაცვის პროგრამის გაძლიერებას, არამიზნობრივი ხარჯების  თავიდან არიდებასა და ბენეფიციარების ინტერესების დაცვას.

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან მოქმედებს. პროგრამით ფინანსდება როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებები, ოჯახის ექიმის და ექიმ-სპეციალისტების მომსახურება, ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის და ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებები, დიაბეტი (ტიპი 2), გლაუკომა, პარკინსონი, ეპილეფსია) სამკურნალო მედიკამენტები და სხვა.

პროგრამით ვერ სარგებლობენ საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირები, ხოლო კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართული პირები და ისინი, რომელთა წლიური შემოსავალი მეტია 40 000-ზე პროგრამის ფარგლებში სარგებლობენ შეზღუდული მომსახურებით.

მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს აღემატება, მიუხედავად კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობისა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით უფინანსდებათ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა (ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია), ონკო-ქირურგია, მშობიარობა/საკეისრო კვეთა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.