ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) შეშფოთებულია „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში განმეორებით შეტანილი „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით, რომელზეც მმართველმა პარტიამ შარშან, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შედეგად, თქვა უარი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 3 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 4 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 5 აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ღამე გაათენეს
- 6 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
„საქართველოს ხელისუფლების იმ კანონპროექტის აღდგენა, რომელიც მედიასაშუალებებს უცხოეთიდან კონტროლს დაქვემდებარებულად ცნობს, ღრმად შემაშფოთებელია და სრულიად შეუთავსებელია ევროპულ დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებთან და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, საფრთხეს უქმნის პრესის თავისუფლებას.
მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიწვიოს კანონი და უარი თქვას „უცხოური აგენტების“ კანონმდებლობაზე, თუ საქართველოს სურს წარმატებას მიაღწიოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებაში“, - ამბობს გულნოზა საიდი, CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური ზიის პროგრამის კოორდინატორი.
CPJ-ის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მოითხოვს, რომ არაკომერციული ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ, შევიდნენ რეესტრში და დეტალური წლიური ფინანსური ანგარიშები წარადგინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი 25 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდებიან.
„პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი თითქმის იდენტურია იმავე სახელწოდების კანონპროექტისა, რომელიც პარლამენტმა 2023 წლის მარტში ფართო საპროტესტო აქციების შემდეგ გააუქმა. ერთადერთი ცვლილება ისაა, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლდა ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
„ქართულმა ოცნებამ“, რომელიც აკონტროლებს საპარლამენტო უმრავლესობას, თავის განცხადებაში პირობა დადო, რომ კანონს ივნისში, მიმდინარე პარლამენტის სესიის ბოლომდე მიიღებს. პრეზიდენტმა თქვა, რომ კანონს ვეტოს დაადებს, თუმცა მმართველი პარტიის უმრავლესობა საკმარისად მრავალრიცხოვანია იმისთვის, რომ ეს ვეტო დაძლიოს.
შემოთავაზებული კანონი, რომელსაც CPJ ადრეც აკრიტიკებდა, მსგავსია რუსეთის უცხოური აგენტების კანონმდებლობისა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ამჯერად მედიასაშუალებებს არ მოუწევთ თავიანთი პუბლიკაციები მონიშნონ, როგორც „უცხოული აგენტის მიერ წარმოებული“.
სამშაბათს, ყირგიზეთმა რატიფიცირება მოახდინა რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონის, რომელიც ავალდებულებს ზოგიერთ არაკომერციულ მედია ორგანიზაციას, დარეგისტრირდნენ როგორც „უცხოეთის წარმომადგენლები“ და მონიშნონ თავიანთი პუბლიკაციები, როგორც უცხოეთის წარმომადგენლის მიერ წარმოებული ან გავრცელებული“, - ნათქვამია ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის განცხადებაში.
„ქართული ოცნება“ აპირებს, პარლამენტმა მიმდინარე სესიის ბოლომდე სამივე მოსმენით მიიღოს ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსული კანონი, რომელზეც უარი 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო ზეწოლის გამო თქვა. კანონპროექტის ტექსტი იგივე იქნება, მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვლება ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ შარშანდელზე დიდი პროტესტის შემთხვევაშიც კი, კანონპროექტს უკან არ გაიწვევენ.
