იოსელიანი: პროტესტი, 330 დღის მანძილზე, უმეტეს შემთხვევაში სცდებოდა კანონს

აქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის შეფასებით, პარლამენტის წინ მიმდინარე პროტესტი „330 დღის მანძილზე უმეტეს შემთხვევაში, კანონს სცდებოდა“. მან რუსთაველის გადაკეტვას „აკვიატება“ უწოდა და განაცხადა, რომ „არ შეიძლება ათმა, ოცმა და თუნდაც ასმა კაცმა“ გადაადგილება შეაფერხოს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ზოგადად, გზა იკეტება იმ შემთხვევაში, თუ არის ამისთვის საკმარისი რაოდენობის ადამიანი. მთელი ამ 300 დღის მანძილზე, ჩვენ ვადევნებდით თვალყურს დღეებს, როდესაც იყო საკმარისი რაოდენობის ადამიანი და იკეტებოდა გზა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ამ ადამიანების რაოდენობა არ იყო შესაბამისი იმისთვის, რომ გზა გადაკეტილიყო, თუმცა გზა მაინც იკეტებოდა.

მთავარი არის, რომ ეს პროპორცია იყოს დაცული - დაცული უნდა იყოს ადამიანის გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ამავე დროს იმ ადამიანების გადაადგილების უფლება, ვინც რუსთაველის გამზირზე მოძრაობს, არ შეიძლება 10-მა, 20-მა, გინდაც 100-მა კაცმა შეაფერხოს, გადაკეტოს.

მე, საერთოდ, გულწრფელად რომ გითხრათ, მე არ მესმის ამ ქუჩის გადაკეტვის აკვიატება მთელი წლის მანძილზე. ეს არაფერს კარგს არ იძლევა და საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ კანონმდებლობა, რომელიც ამ ქვეყანაში რომ გამოვლენ ადამიანები სოციალური პრობლემებით, წამლებზე ფასების, ან შრომითი უფლებების, ან უკანონო მშენებლობების გამო და გააპროტესტებენ, მათზეც იმოქმედებს ეს კანონები. ეს არის ყველაზე ცუდი და მე ეს მადარდებს ყველაზე მეტად.

რა თქმა უნდა, არცერთი ადამიანის დაკავება არაა კარგი და არ მივესალმები, უმჯობესია, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს დაკავებებისა და ჯარიმების გარეშე“, – განაცხადა იოსელიანმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

„ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ აქციების შემზღუდველ კანონებთან დაკაშირებით, სახალხო დამცველმა თქვა, რომ „კანონი ყველგან ასეთია“. მან ასევე განაცხადა, რომ კანონების გამკაცრება პროტესტს მისდევს და ამას თავისი წინაპირობები ჰქონდა.

„ეს ყველგან ასეა, რომ რამდენიმე ადამიანი ვერ გადაკეტავს გზას და არცერთ ქვეყანაში ამის უფლებას არ მისცემენ.

ამ ადამიანებს მინდა ვუთხრა, ამის იქით რა დგას? ამის მოტივი რა არის? ყველაზე მეტად იცით ვიზე ვბრაზდები? მომწოდებლებზე, ვინც მოუწოდებს ქუჩის გადაკეტვისკენ და თვითონ არცერთი ჯარიმა არ მიუღიათ, არცერთხელ არ გადაუკეტიათ, არცერთი დღე ციხეში არ გაუტარებიათ და სხვისი ხელით ნარის გლეჯვას ძალიან კარგად ახერხებენ. [...] პირველ რიგში, იმ ადამიანებს უნდა ვუთხრა, ვინც მოუწოდებენ, რომ გადაკეტონ გზა და თვითონ არ იღებენ ამაზე პასუხისმგებლობას, გაიაზრონ რას აკეთებენ. ძალიან ბევრი მოწოდებები ვნახე, მათ შორის, მოწონება იმ ფაქტის, რომ ვიღაც პატრულის მანქანაზე ავიდა და იარა.

ეს პროტესტი, ვიმეორებ, გარკვეულ შემთხვევებში არის კანონიერი, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში სცდება კანონს და 330 დღის მანძილზე უმეტეს შემთხვევაში რომ სცდებოდა კანონს, თქვენ მთხოვთ, რომ ეს გავამართლო? მე ამას არ გავაკეთებ“, – თქვა იოსელიანმა.

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა, ერთი კვირის წინ, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები, რომლითაც საპროტესტო აქციების გამართვა კიდევ უფრო იზღუდება. აქციის მონაწილეები 15 დღემდე, ხოლო ორგანიზატორები − 20 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯებიან სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვის და გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის გამო. იგივე ქმედების ხელმეორედ ჩადენისთვის მათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა − 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 18 ოქტომბრის შემდეგ, რუსთაველის გამზირის გადაკეტვისა და სახის დაფარვის საბაბით, 70-ზე მეტი დემონსტრანტი, მათ შორის, ჟურნალისტები დააკავა. სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული თამარ ლორთქიფანიძე, რომელიც პროტესტის ნიშნად საპატრულო პოლიციის ავტომობილზე ავიდა. პროკურატურამ მას ბრალად წარუდგინა ძალადობა და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, რაც 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.