სახალხო დამცველის აპარატი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებულ პროტესტის შემზღუდველ კანონებს. ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საზოგადოებრივი მაუწყებელის გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 5 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 6 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
ჟურნალისტის შეკითხვა ეხებოდა ბოლო პერიოდში მიღებულ კანონებს, მათ შორის, ტროტუარზე შეკრების აკრძალვას და შეკრების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარ გაფრთხილების ვალდებულებას.
ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ორ ეტაპად განხორციელდა და ორივე შემთხვევაში ეუთო/ოდირის მხრიდან ისინი ნეგატიურად შეფასდა.
„მთელი რიგი დასაბუთებაა, თუ რატომ ზღუდავს ეს ცვლილებები ადამიანის უფლებებს ცალკეული მიმართულებებით. რაც შეეხება გაფრთხილებას, გაფრთხილების შესახებ ჩანაწერი არსებობს კონსტიტუციაში, ეს არ არის სიახლე, ეს ყოველთვის ასე იყო, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს გაფრთხილება თავისი შინაარსით არ გახდეს რაღაც სავალდებულო ნებართვის აღებისმაგვარი, რაც თავისთავად კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. მეორე მხრივ, ამაზე არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომ ასეთი ტიპის გაფრთხილება არ უნდა გულისხმობდეს რაღაც სანებართვო ვალდებულებას აქციის მონაწილეების მიმართ, რომლებიც ვთქვათ სპონტანურად მართავენ აქციას.
მინდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ ჩვენ ძალიან საფუძვლიანად ვმუშაობთ ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებების მიმართულებით – დაწყებული ნიღბების ბლანკეტური აკრძალვიდან, დამთავრებული სხვა ტიპის ცვლილებებით, რომლებიც არის კანონმდებლობაში შესული“, – განაცხადა იოსელიანმა.
მისივე თქმით, კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს ვერაფერი უნდა შეეხოს, მეორე საკითხია, როგორ გადაწყვეტს სახელმწიფო, ჩაერიოს გამოხატვის თავისუფლებაში და აღასრულოს ის კანონი, რომელიც მიიღეს.
„მთავარი არის ის, რომ ადამიანებს არ უნდა შეეზღუდოთ პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა. მაგალითად, ნიღბების საკითხი. ბლანკეტურად ნიღბების აკრძალვა არ მიმაჩნია სწორად. როდესაც კანონმდებლობამ ბლანკეტურად აკრძალა ყველანაირი ნიღბის გამოყენება მშვიდობიანი შეკრების პირობებში, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ თუ ვმონაწილეობთ მშვიდობიან შეკრებაში და არ გვინდა რომ დავავადდეთ რაღაც გადამდები დაავადებით და ამისთვის გავიკეთოთ ნიღაბი, ამ ნიღბის გაკეთება კანონმდებლობით არის აკრძალული.
რაც ვფიქრობ, არათანაზომიერი სანქციაა შეკრებასთან მიმართებაში და ზოგადად, ლოგიკური არ არის, როგორ შეიძლება ადამიანს აუკრძალო ნიღბის გაკეთება, თუ მას ეს ესაჭიროება. მარტო ჯანმრთელობა არ არის, არსებობს ნიღაბი, რომელიც რელიგიური ატრიბუტია ვიღაცისთვის და ა.შ. ის, რომ ვიღაც მერე გადაწყვეტს კანონის დარღვევას და საგამოძიებო ორგანოს უნდა, გაიადვილოს თავისი ამოცანა [კანონის დამრღვევის იდენტიფიცირება - რედ.] და უფრო დიდი სიკეთე დააზიანოს, ეს ვერ იქნება არგუმენტი“, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.
ლევან იოსელანის თქმით, სახალხო დამცველის აპარატში არა მარტო ამ, არამედ სხვა ცვლილებებთან დაკავშირებითაც მუშაობენ.
„სავარაუდოდ, წელს ალბათ ვერ მოესწრება, ან თუ მოესწრება, შეიძლება, წელსაც, წარვადგენთ საკონსტიტუციო სარჩელს, რომლითაც მთელი რიგი მუხლები, რომლებიც პარლამენტის მიერ ბოლო წელს იქნა მიღებული იქნება გასაჩივრებული. ვგულისხმობ „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს და არა მარტო ამ კანონს. იცით, რომ ჯარიმების რაოდენობა გაიზარდა, უალტერნატივოდ ადმინისტრაციული პატიმრობები შემოვიდა... სწორედ პროპორციულების და თანაზომადობის პრობლემას ვხედავთ – უალტერნატივოდ პატიმრობის გამოყენება, შემდგომში პირდაპირ სისხლის სამართლებრივი სასჯელის შემოღება და ამიტომ თვლით, რომ ეს ის ნაწილია, რომელიც უნდა გასაჩივრდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. ვფიქრობ, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ამ სასჯელების თანაზომიერების შესახებ. მე იმედი მაქვს, რომ ეს ძალიან საინტერესო განხილვა იქნება და ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ცვლილებები მოვიდეს შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან“, – განაცხადა იოსელიანმა.
ჟურნალისტის დამაზუსტებელი შეკითხვის პასუხად, ლევან იოსელიანმა თქვა, რომ გზის გადაკეტვითვის ადამიანის ციხეში გაშვება თანაზომიერ და პროპორციულ ზომად არ მიაჩნია: „ამაზეა საუბარი, რომ განმეორების შემთხვევაში, უალტერნატოვოდ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესება და [პირველ შემთხვევაში] პირდაპირ ადმინისტრაციული პატიმრობა, სადაც [კანონი] მოსამართლეს არ უტოვებს დისკრეციას, რომ სხვა ტიპის ადმინისტრაციული სახდელი გამოიყენოს, თანაზომიერების პრინციპის პრობლემაა“.
შეკითხვაზე, რამდენად იზიარებს კანონმდებლის არგუმენტს, რომ თვეების განმავლობაში ჯარიმებმა პრევენცია ვერ მოახდინა, ვერ იმუშავა ეფექტურად და რეგულაციების გამკაცრება ამიტომ გახდა საჭირო, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ კონკრეტული ჯგუფის მიერ რაღაც გადაცდომის, დარღვევის, თუნდაც დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ შეიძლება, მთელ ქვეყანაზე განზოგადდეს და ყველას შეეხოს.
„ის, რომ რუსთაველზე რაღაც მოვლენებს აქვს ადგილი და იქ რაღაც ჯგუფი პერმანენტულად, თუნდაც თავისი პოლიტიკური, თუ სხვა ტიპის ამოცანებით შეგნებულად არღვევს კანონს, თუ ასეთს აქვს ადგილი, ეს არ შეიძლება, გავრცელდეს ყველაზე.
ეს ხომ იმასაც ხომ იმასაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ სხვა ადგილას სოციალური ნიადაგზე წარმოშობილი პროტესტი იქნება, თუ ნებისმიერი სხვა შეკრება, რომელსაც კავშირი არ ექნება პოლიტიკასთან და შეიძლება იყოს უკანონო მშენებლობაზე პროტესტი ან სხვა ტიპის სოციალურ საკითხებზე, რაც ხშირია ამქვეყენაში, მათი მონაწილეების მიმართაც ეს მკაცრი კანონმდებლობა გავრცელდება, რაც არათანაზომიერად შეზღუდავს ამ ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას“, – განაცხადა იოსელიანმა.
სახალხო დამცველის თქმით, მნიშვნელოვანია პროტესტის ხმა ისმოდეს. „თუ პროტესტის მიმართ კანონმდებლობას ექნება ასეთი მსუსხავი ეფექტი, მაშინ ჩვენ მნიშვნელოვნად გავაუარესებთ ადამიანის გამოხატვის სტანდარტს ამ ქვეყანაში“.
მისი თქმით, პრობლემურია ჯარიმების გაზრდის საკითხიც, რომლებიც ათჯერ გაიზარდა, „იმ პირობებში, როდესაც ადამიანების შემოსავალი ათჯერ არ გაზრდილა“.
„ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიირებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, იმიტომ, რომ სასჯელების თანაზომიერების საკითხი ნამდვილად პრობლემურად მიგვაჩნია. თვითონ განხილვა ძალიან საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის“, – აღნიშნა იოსელიანმა.
