„აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავი, რომელიც ყაზახეთში ჩამოვარდა და შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა, რუსულმა საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. Euronews-ის შემდეგ ამ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს, რომელიც ოთხ წყაროს ეყრდნობა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
ერთ-ერთი აზერბაიჯანული წყაროს ცნობით, გამოძიების პირველადი შედეგები აჩვენებს, რომ თვითმფრინავი რუსულმა „პანცირ ს“-ის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. წყაროს ინფორმაციით, თვითმფრინავის კომუნიკაცია ელექტრონული ომის სისტემებით პარალიზებული იყო გროზნოსთან მიახლოებისას.
„არავინ ამბობს, რომ ეს განზრახ მოხდა. თუმცა, დადგენილი ფაქტების გათვალისწინებით, ბაქო მოელის, რომ რუსული მხარე აღიარებს აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდებას“, – განაცხადა წყარომ.
Reuters-ის სამმა სხვა წყარომ დაადასტურა, რომ აზერბაიჯანის მიერ წარმოებული გამოძიება ამ პირველად დასკვნამდე მივიდა.
სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც 25 დეკემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოდან რუსეთში, ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში მიფრინავდა, კურსიდან ასობით კილომეტრით გადაუხვია, კასპიის ზღვას გასცდა და ყაზახეთის ქალაქ აქთაუში ჩამოვარდა.
რუსეთის საავიაციო სამსახურის განცხადებით, ავარიის მიზეზი, შესაძლოა, ფრინველებთან შეჯახება ყოფილიყო. ოფიციალურმა პირებმა არ განმარტეს, რატომ გადაკვეთა თვითმფრინავმა ზღვა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ Reuters-ის შეკითხვები უპასუხოდ დატოვა, კრემლის პრეს-სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა კი მედიასთან განაცხადა, რომ გამოძიების დასრულებამდე „ჰიპოთეზების აგება არასწორია“.
მანამდე, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი რუსული რაკეტა გახდა, Euronews-მა აზერბაიჯანის მთავრობაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა. გამოცემა წერდა, რომ რაკეტა თვითმფრინავის მიმართულებით იმ დროს გაისროლეს, როდესაც გროზნოს თავზე უპილოტო საფრენი აპარატების აქტივობა იყო. ის თვითმფრინავის მახლობლად აფეთქდა და მისი დაზიანება გამოიწვია. თვითმფრინავს ავარიული დაშვების ნებართვა რუსეთის არცერთ აეროპორტში არ მისცეს და კასპიის ზღვის გავლით აქთაუს მიმართულებით გაფრენა მიუთითეს.
Embraer 190-ის ბორტზე სულ 67 ადამიანი იმყოფებოდა - 62 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი. მათგან 38 დაიღუპა. აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაღუპულთაგან 25 აზერბაიჯანის მოქალაქე იყო.
