22 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა (ფინანსთა სამინისტრო) სანქციები დაუწესა ორ მსხვილ რუსულ ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“. დეპარტამენტის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება გააძლიერებს ზეწოლას რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე და შეასუსტებს კრემლის უნარს, მოიზიდოს შემოსავლები თავისი სამხედრო მანქანისა და დასუსტებული ეკონომიკის მხარდასაჭერად.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 5 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 6 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
„შეერთებული შტატები გააგრძელებს ომის მშვიდობიანი გზით მოგვარების ადვოკატირებას. მუდმივი მშვიდობა მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის მზადყოფნაზე, კეთილსინდისიერად აწარმოოს მოლაპარაკებები“, - ნათქვამია ხაზინის დეპარტამენტის განცხადებაში.
დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სკოტ ბესენტმა დაამატა, რომ მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, მიიღონ დამატებითი ზომები კონფლიქტის მოგვარებლად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მცდელობების მხარდაჭერისთვის. მან ასევე მოუწოდა აშშ-ის მოკავშირეებს, შეუერთდნენ ამ სანქციებს და უზრუნველყონ მათი აღსრულება.
აშშ-მ უცხოურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს რუსულ კომპანიებთან გარიგებების დასასრულებლად 21 ნოემბრამდე მისცა ვადა. სანქციები გავრცელდება „ლუკოილისა“ და „როსნეფტის“ იმ შვილობილ კომპანიებზეც, სადაც ისინი 50%-იან წილს ან მეტს ფლობენ.
ხაზინის დეპარტამენტის გადაწყვეტილების კომენტირებისას, ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ „ძალიან დიდხანს ელოდა“ მოსკოვისგან საპასუხო ნაბიჯებს. მან დაუშვა, რომ კონფლიქტი მალე მოგვარდება და შეზღუდვები მოიხსნება.
ერთი კვირით ადრე, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანცქიები გაერთიანებულმა სამეფომ დაუწესა. მაშინ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკა „უზარმაზარი შეზღუდვების პირობებში ფუნქციონირებს“ და შესაბამისად, საქნქციების მიმართ უკვე „გარკვეული იმუნიტეტი“ აქვს გამომუშავებული.
Bloomberg-ის შეფასებით, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად კომპანია „როსნეფტზე“, რომელსაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირე, იგორ სეჩინი ხელმძღვანელობს და კერძო კომპანია „ლუკოილზე“ ქვეყნის მთლიანი ნავთობის ექსპორტის თითქმის ნახევარი მოდის. ეს ორი კორპორაცია ერთად, დღეში 3.1 მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტს ახორციელებს.
საქართველოში მოქმედი „ლუკოილის“ (შპს „ლუკოილ-ჯორჯია“) 100%-იან წილს ავსტრიაში რეგისტრირებული LUKOIL International GmbH ფლობს. აღნიშნული კომპანია, თავის მხრივ, რუსულ „ლუკოილს“ ეკუთვნის.
