აზიის განვითარების ბანკმა დაუშვებლად ცნო საჩივარი, რომელიც საქართველოს რკინიგზის მიერ ზესტაფონი-ხარაგაული-ხაშურის სარკინიგზო მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტს ეხებოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 2 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 3 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 4 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 5 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 6 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
საჩივრის თანახმად, რკინიგზის მოდერნიზაციის სამუშაოებმა იმერეთში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხემაღალში, ღვერკსა და ლაშეში სერიოზული გარემოსდაცვითი და სოციალური ზიანი გამოიწვია, მათ შორის მეწყერი, ნიადაგის ეროზია და ქონების განადგურება.
საჩივარში ნათქვამი იყო, რომ პროექტმა უგულებელყო გარემოს დაცვის სამინისტროს 2020 და 2021 წლების გარემოსდაცვითი ბიულეტენები, რომლებშიც სოფელი ღვერკი მეწყერისკენ მიდრეკილ და მაღალი რისკის ზონად იყო მოხსენიებული და რომ გვირაბების გასაყვანად ხშირი აფეთქებები ხორციელდებოდა დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებით. საჩივრის მიხედვით, მეწყერი დღემდე გრძელდება, რაც გარემოსდაცვით და უსაფრთხოების განგრძობად რისკებს ქმნის.
გარდა ამისა, საჩივრის მიხედვით, ღვერკის მიმდებარედ დაახლოებით 100 წლის წყარო განადგურდა და წყალდიდობის თავიდან ასაცილებლად მდინარე ყარნებას ხელოვნურად უცვლიან კალაპოტს. საჩივრის თანახმად, მეწყრისა და ნიადაგის ეროზიის შედეგად 100-ზე მეტმა ოჯახმა დაკარგა საცხოვრებელი სახლი, სასოფლო-სამეურნეო მიწები და ქონება, დარჩა საარსებო წყაროს გარეშე.
საჩივრით მოთხოვნილი იყო გეოლოგიური რისკების დაუყოვნებლივი შეფასება, შესაბამისი კვლევების საჯაროდ გამოქვეყნება, სამართლიანი კომპენსაცია და განსახლების გეგმა, ასევე შემდგომი გარემოსდაცვითი და სოციალური ზიანის თავიდან ასაცილებლად ზომების მიღება.
საქართველოსთან დაკავშირებით აზიის განვითარების ბანკს საჩივრით მიმდინარე წლის ოქტომბერში მიმართეს.
განმცხადებლებმა, რომლებიც პროექტის ზემოქმედების არეალში ცხოვრობენ, კონფიდენციალურობის დაცვა მოითხოვეს, გამოთქვეს რა შეშფოთება შესაძლო შურისძიების შესახებ.
საქმე ეხება საქართველოს რკინიგზის მწვანე ობლიგაციებს. მასში აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 2021 წლიდან დღემდე 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება განახორციელა. ბანკი განმარტავს, რომ არ არის გათვალისწინებული მათი შენატანიდან მიღებული შემოსავალით გვირაბებთან დაკავშირებული ნებისმიერი სამუშაოს, ასევე ახალი რკინიგზის ხაზებთან დაკავშირებული ნებისმიერი კაპიტალური ხარჯის - მოდერნიზაციის ან შეკეთების - დაფინანსება.
„აზიის განვითარების ბანკის დაფინანსება გამოყენებული იქნა ელექტროენერგიის და წყალმომარაგების აუცილებელი ინფრასტრუქტურის რეფინანსირებისთვის, მოლითისა და ზესტაფონის ქვესადგურების რეკონსტრუქციისთვის და სხვა კომპონენტებისთვის, როგორიცაა ხიდები, წყალგამტარი მილები, ლიანდაგების მონტაჟი, ელექტროფიკაცია და წყალმომარაგება.
ADB-ის დაფინანსება არ გამოყენებულა ახალი რკინიგზის ხაზების ან გვირაბების მშენებლობისთვის არსებულ ან ახალ სარკინიგზო ხაზებზე. პრეზიდენტის ანგარიშსა და რეკომენდაციაში პროექტთან დაკავშირებით ცალსახად არის მითითებული, რომ მიღებული თანხები არ იქნება გამოყენებული გვირაბთან დაკავშირებული სამუშაოების, კაპიტალური ხარჯების, მოდერნიზაციის ან ახალი რკინიგზის ხაზებთან დაკავშირებული რემონტის დასაფინანსებლად“, - ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის ანგარიშვალდებულების მექანიზმის შესაბამისობის განხილვის პანელის გადაწყვეტილებაში.
პანელი აღნიშნავს, რომ საჩივარში წარმოდგენილი ბრალდებები ეხება ნიადაგის ეროზიას და მეწყერს, რომლებიც, სავარაუდოდ, გვირაბების მშენებლობის დროს განხორციელებულ ხშირ და ძლიერ აფეთქებებს უკავშირდება.
„გვირაბების მშენებლობა მკაცრად სცილდება აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული საქმიანობის ფარგლებს. [...] ზიანის შესახებ ბრალდებები არ არის დაკავშირებული პროექტის იმ კომპონენტებთან, რომლებიც აზიის განვითარების ბანკის მიერაა დაფინანსებული. შესაბამისად, ის არ საჭიროებს მენეჯმენტის რეაგირებას“, - ამ გადაწყვეტილებით საქმე დახურულად გამოცხადდა.
ზესტაფონი-ხარაგაული-ხაშურის სარკინიგზო ხაზის მოდერნიზაციის პროექტი 2011 წლიდან ხორციელდება. საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია − შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ აწარმოებს.
ამ თემაზე:
