„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI), „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ (CPJ) და „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 2 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 სტიკერის გაკვრაზე მზია ამაღლობელი მეორედ გაასამართლეს და 1000 ლარით დააჯარიმეს
- 6 მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს აქტივისტი ნინო დათაშვილი
გუშინ, 14 ივლისს, პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამაღლობელის მორიგ პროცესს დაესწრნენ. მათ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლო სხდომამ ქართველი ჟურნალისტის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების არაპროპორციული და პოლიტიზებული ხასიათი აჩვენა.
IPI-ის ადვოკატირების დირექტორი, ემი ბრულეთი: „დღევანდელი სასამართლო პროცესი მხოლოდ ადასტურებს ჩვენს პოზიციას, რომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ საქმე სრულიად არაპროპორციულია და უნდა შეწყდეს. ასევე ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ, როგორც ჩანს, მისი, როგორც ჟურნალისტის მიმართ არის ცილისწამების და მისი სანდოობის ეჭვქვეშ დაყენების მცდელობა. მზია უაღრესად პატივსაცემი, გამოცდილი ჟურნალისტია, რომელიც ცნობილია ჟურნალისტური ეთიკისა და დამოუკიდებლობისადმი ერთგულებით. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მას, როგორც IPI-ის წევრს“;
CPJ-ის გლობალური ურთიერთობების მთავარი ოფიცერი, ჯიპსი გიენ-კაიზერი: „დღევანდელი სასამართლო სხდომა აჩვენებს, რომ მზია ამაღლობელის საქმე შოკისმომგვრელი ცილისწამების კამპანიითაა მოცული, რომელიც მიზნად ისახავს მისი, როგორც პიროვნებისა და ჟურნალისტის, რეპუტაციის შელახვას. ეს, მისი ჯანმრთელობის გაუარესებასთან ერთად, ღრმად შემაშფოთებელია და უნდა შეწყდეს. ამაღლობელის ძლიერი ჩვენება ასახავს მის ღრმა ერთგულებას საქართველოსა და თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის მიმართ. ჟურნალისტიკა დანაშაული არ არის“;
RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელი, ჟან კაველიე: „სხდომამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამ საქმის უსაფუძვლობას. დაცვის მხარემ მიუთითა სერიოზულ პროცედურულ დარღვევებზე, მათ შორის პოლიტიკურ ელფერზე, რომელსაც ადგილი არ უნდა ჰქონდეს მიმდინარე საქმეზე. ვიდეოჩანაწერებმა ასევე ეჭვქვეშ დააყენა სავარაუდო მსხვერპლის სანდოობა. მზია ამაღლობელმა მშვიდი და მტკიცე ჩვენება მისცა, გაიხსენა მისი დაპატიმრება და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისადმი – ღირებულებებისადმი, რისთვისაც მას ახლა დევნიან“.
14 ივლისის სხდომას, რომელზეც მზია ამაღლობელმა მისცა ჩვენება, პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების გარდა, ევროკავშირის შვიდი ქვეყნის ელჩებიც დაესწრნენ.
მზია ამაღლობელმა მისი დაკავების შესახებ დეტალურად ისაუბრა. „ვინმე დგებუაძემ დაიგინა, რომ „სისხლით ჩამსვამდა“ და ჩამსვა. არ ვიცი, შეიძლება რამდენიმე წელი ვიჯდე, რადგან რეჟიმს უნდა ასე“, - განაცხადა მან.
„ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო. მას ბრალდება სისხლის სასამართლის წესით წარუდგინეს და პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სილის გაწვნის შედეგად ირაკლი დგებუაძეს არანაირი დაზიანება არ მიუღია, თუმცა ის აცხადებს, რომ „ლოყა ეტკინა“. დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის შენობაში ხელბორკილდადებულ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, დაკავებულს არ აძლევდნენ სასმელს წყალს და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას რამდენიმე საათის განმავლობაში. სამ საათზე მეტხანს მასთან არ უშვებდნენ ადვოკატებს. მზია ამაღლობელის ჩვენების თანახმად, დგებუაძე მის ცემასაც ცდილობდა და ის თანამშრომლებმა შეაკავეს.
პროკურატურამ არ გამოიძია მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი დანაშაულები. მზია ამაღლობელი დაპატიმრების შემდეგ 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. უკანონო პატიმრობის პერიოდში მას მხედველობა საგანგაშოდ დაუქვეითდა.
