ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, რომელიც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ იყო დაკავებული, თავისუფალია და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 5 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
- 6 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
თამარ მეარაყიშვილი 22 დეკემბერს, ქალაქ ცხინვალში დააკავეს. დე ფქტო სამხრეთ ოსეთის პროკურატურამ მის წინააღმდეგ საქმე რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აღძრა, რაც „ჯაშუშობას“ გულისხმობს. მეარაყიშვილს 10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ემუქრებოდა.
ე.წ. გენერალური პროკურატურის განცხადებით, „საქართველოს მოქალაქე ახორციელებდა რესპუბლიკაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას, რითაც საფრთხე შეუქმნა ქვეყნის უსაფრთხოებას“.
23 დეკემბერს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა („კგბ“) „ბრალდება“ დააზუსტა. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ თამარ მეარაყიშვილი „ეჭვმიტანილია საქართველოს დაზვერვის სამსახურებთან კავშირში მყოფი უცხოური მედიასაშუალებებისთვის ინფორმაციის გადაცემაში“. განცხადების მიხედვით, მედისაშუალებები მეარაყიშვილს „იყენებდნენ პროპაგანდისტულ ღონისძიებებში საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების ინტერესების ხელშესაწყობად“.
24 დეკემბერს, ე.წ. ცხინვალის საქალაქო სასამართლომ, დახურულ სხდომაზე, თამარ მეარაყიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
დაკავების შემდეგ თამარ მეარაყიშვილმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა, 28 დეკემბრიდან კი წყლისა და მედიკამენტების მიღებაზეც უარი თქვა. ამ ფონზე ის იზოლატორიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეარაყიშვილი „ბრალს“ არ აღიარებდა და თავს დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის პირად ტყვედ მიიჩნევდა.
თამარ მეარაყიშვილს 8 წელზე მეტია ჩამორთმეული აქვს პასპორტი და ოკუპირებული რეგიონის დატოვება არ შეეძლო. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ის ცხინვალში ცხოვრობდა, სადაც მეორეული ტანსაცმლის მაღაზია ჰქონდა გახსნილი. დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე წინ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებების გამო, მაღაზია დაკეტა.
მეარაყიშვილი დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევთან შეხვედრას ითხოვდა და საკუთარი უფლებების დარღვევის გამო, ცხინვალის ცენტრში შიმშილობის აქციას აანონსებდა. აქტივისტი სწორედ გაგლოევს ადანაშაულებდა დევნაში.
თამარ მეარაყიშვილი 2017 წლის 16 აგვისტოსაც დააკავეს. მაშინ ის მეორე დღეს გაათავისუფლეს და შინაპატიმრობა მიუსაჯეს. საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ სამი სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. ე.წ. სამართალდამცავი ორგანოები აცხადებდნენ, თითქოს მეარაყიშვილმა თავისი განცხადებებით პარტია „ერთიანი ოსეთის“ პატივსა და ღირსებას შეურაცხყოფა მიაყენა. მოგვიანებით, მას ბრალი წარუდგინეს საქართველოს მოქალაქეობის პარალელურად სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონოდ მიღებისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენებისთვისაც. 2019 წლის ოქტომბერში ე.წ. უზენაესმა სასამართლომ თამარ მეარაყიშვილი სამივე „ბრალდებაში“ უდანაშაულოდ ცნო.
