სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება

2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან, ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის №422 დადგენილება, რომელიც სამხედრო აღრიცხვისა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გამოძახების წესს არსებითად ცვლის. ცვლილებების შედეგად, სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზეზი ვეღარ გახდება საზღვარგარეთ ყოფნა ან უწყების ჩაბარებაზე უარის თქმა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ 31 აგვისტოს ხელმოწერილი დადგენილებით, ფიზიკურ უწყებასთან ერთად, სრული იურიდიული ძალა მიენიჭა ელექტრონულ შეტყობინებებს (SMS, ელ.ფოსტა) და უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებას.

ახალი წესის მიხედვით, სამხედრო შტაბი/სააგენტო წვევამდელის გამოძახებას შემდეგი თანმიმდევრობით განახორციელებს:

უნივერსიტეტი თუ კოლეჯი ვალდებულია, მიღებული მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში პირადად გადასცეს უწყება სტუდენტს და შედეგი სააგენტოს აცნობოს.

გამოძახება შესაძლებელია SMS-ით ან ელექტრონული ფოსტით (სააგენტოსთვის მიწოდებული საკომუნიკაციო მონაცემების მიხედვით).

უწყება ბარდება პირადად, ხელმოწერით. თუ წვევამდელი უარს იტყვის ხელმოწერაზე, დოკუმენტზე კეთდება სათანადო აღნიშნვა და ის ავტომატურად ჩაბარებულად ითვლება. იმ შემთხვევაში, თუ წვევამდელთან დაკავშირება ვერ ხერხდება, უწყების ჩაბარება (ან მიღებაზე უარის თქმა) ოჯახის სრულწლოვან წევრსაც (დედა, მამა, და, ძმა, მეუღლე) შეუძლია, რაც ასევე ჩაბარებად კვალიფიცირდება.

თუ ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდებით უწყების გადაცემა ვერ მოხერხდა, ან SMS/ელ.ფოსტით გაგზავნიდან 2 სამუშაო დღეში უკუკავშირი არ დაფიქსირდა, შეტყობინება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება. ვებგვერდზე განთავსებული უწყება გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ოფიციალურად ჩაბარებულად მიიჩნევა.

მას შემდეგ, რაც უწყება ოფიციალურად ჩაბარებულად ჩაითვლება (მათ შორის, ვებგვერდზე გამოქვეყნების მე-7 დღეს), პირს შესაბამის ორგანოში გამოცხადებისთვის 10 კალენდარული დღე ეძლევა.

საპატიო მიზეზის გარეშე გამოუცხადებლობა პირველ ეტაპზე 1 000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება ავადმყოფობის სიმულაციით, თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვა მოტყუებით ისჯება ჯარიმით ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

დადგენილებით მკაფიოდ განისაზღვრა სამედიცინო კომისიაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზებიც. ესენია: შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ დადასტურებული ავადმყოფობა; ოჯახის ახლო ნათესავის (დედა, მამა, მეუღლე, შვილი, და, ძმა) ან ყოფილი მეურვის გარდაცვალება; სტიქიური მოვლენა ან სხვა დაუძლეველი ძალა (ფორსმაჟორი).

სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, სამედიცინო შემოწმებაზე გამოუცხადებლობის ან დამატებით კვლევებზე უარის თქმისას, სააგენტო 5 დღის ვადაში ადგენს ადმინისტრაციულ ოქმს და საქმეს სასამართლოს გადასცემს.

„ქართული ოცნების“ მთავრობის დადგენილებით, 2026 წელს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 18-დან 27 წლამდე ასაკის 5 800 პირი უნდა გაიწვიონ. გაწვევის მესამე ეტაპი 1-ელი ოქტომბრიდან, ხოლო მეოთხე ეტაპი 1-ელი დეკემბრიდან დაიწყება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.