ოზურგეთის ცენტრში, კოსტავას ქუჩაზე, სადაც საკრებულოა, მერია, გუბერნატორია და ქალაქის რიტმი და გულისცემა ყველაზე უკეთ ისმის, სტადიონისხელა ტერიტორია საბაყაყედ არის ქცეული. საბაყაყეს სამშენებლო ღობე აკრავს. ღობეზე კი საინფორმაციო დაფაა, რომელიც გვატყობინებს, რომ აქ 2024 წლის აგვისტოში დასრულებული ახალი შენობა უნდა მდგარიყო, 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი.
საძირკველგათხრილი და მიტოვებული 30-მდე სკოლა და საბავშვო ბაღია მთელ გურიაში.
სოფელ გურიანთადან ბავშვები 3 წელია, ოზურგეთში ან მეზობელ სოფელში დაჰყავთ. საბავშვო ბაღის ავარიული შენობის ახლით ჩასანაცვლებლად ვადა აქაც 2024 წლამდე ჰქონდათ.
„ერთიანი ტენდერი - 80 მილიონ ლარამდე მისცეს ერთ კომპანიას. ერთდროულად დაიწყო ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში მშენებლობა. ყველა ერთი და იგივე მდგომარეობაში მიატოვა და წავიდა“, - გვიხსნის ბესიკ ქათამაძე, ოზურგეთის საკრებულოს ყოფილი წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“.
საერთო თანხა მეტიც კი იყო - 96 მილიონი ლარი. ზედიზედ 16 ტენდერი მცხეთის, ნინოწმინდის, დედოფლისწყაროს, გორის, ბათუმის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღების ასაშენებლად, „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრის, ირაკლი ზარქუას სიძის კომპანიამ მოიგო.
ზარქუას სიძე იყო „ლაგი კაპიტალის“ 50% იანი წილის მფლობელი მაშინაც, როდესაც შემსრულებელმა დამკვეთისგან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირველი საავანსო თანხა მიიღო, მაგრამ პირველი ტრანზაქციიდან მალევე ზარქუას დის ქმარმა ალექსანდრე ამისულაშვილმა (საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი) კომპანიის წილი გააჩუქა და სამშენებლო ობიექტები ამ მდგომარეობაში დატოვა.
საბავშვო ბაღებისა და სკოლის ფულის მოპარვის სკანდალი კი იმით დასრულდა, რომ პასუხისგებაში კომპანიის ახალი მფლობელები მისცეს. ზარქუას სიძის ოჯახმა ტენდერებიდან თანხის მითვისებასთან რაიმე კაშირი უარყო.
ოზურგეთის საკრებულოს ყოფილ წევრთან, ბესიკ ქათამაძესთან ერთად ამჯერად სოფელ მერიაში მივემგზავრებით. პროექტის მიხედვით იქაც 75 ბავშვზე გათვლილი ბაღი უნდა აშენებულიყო. მშენებლობის დასრულების ვადა იქაც 2024 წლის აგვისტო იყო. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ დემონტაჟისა და საძირკვლის გაჭრის გარდა იქ რკინა-ბეტონის სამუშაოებიც დაწყებულია და მიტოვებული. საბავშვო ბაღს საერთო ღობე აქვს მოქმედ სკოლასთან, სადაც სწავლის პერიოდში ყოველდღიურად უამრავი მოსწავლე იყრის თავს. უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის.
2 წლის წინ სოფელ ნაგომარის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია გადაწყდა. მაგრამ იქიდან 1 წელიწადში ითქვა, რომ შენობა აღდგენას აღარ ექვემდებარებოდა და მისი სრული დემონტაჟი იყო საჭირო.
ნაგომარის სკოლა ისტორიული შენობების ანსამბლის ნაწილია. მათ შორის გამორჩეულია პოეტ სიმონ გუგუნავას პოეზიის სასახლე, აშენებული 1886 წელს, სადაც სოფლის პირველი სამრევლო სკოლა გაიხსნა. გურიის გლეხთა აჯანყების ჩახშობისას, 1906 წელს, მეფის რუსეთის სადამსჯელო რაზმმა პოეზიის სასახლე გადაწვა. მის ადგილზე ახალი კულტურის სახლი გასული საუკუნის 60 იან წლებში ააშენეს.
საქართველოში დარჩენილი არ არის მუნიციპალიტეტი, სადაც რამდენიმე სკოლა ან საბავშვი ბაღი არ დაუნგრევიათ. მილიონობით ლარი მათ აღსადგენად უკვე გადახდილია, დადგენილი ვადები კი უმრავლეს შემთხვევაში წლობით გადაცილებულია. მოქმედ სკოლებს რამდენიმე დასახლების მოსწავლეების შეფარება და დამატებით ცვლებში მუშაობა უწევს. ბავშვები ყოველდღიურად ათობით კილომეტრს გადიან. ერთი სამაგალითო სკანდალის, ერთი პლაკატური სისხლის სამართლის საქმის მიუხედავად ქვეყანა კორუფციის ჭაობშია, დაჭაობებულია სკოლებისა და ბაღების საძირკვლები მთელ საქართველოში.
