თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ე.წ. 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან დადებული საპროცესო შეთანხმება გააუქმა. საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუბრუნდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
პროკურატურამ კირვალიძესთან და ამავე საქმეზე ბრალდებულ კიდევ 11 პირთან საპროცესო შეთანხმება 24 ივნისს გააფორმა. შეთანხმების მიხედვით, კირვალიძეს სასჯელის სახით 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით პირობითი სასჯელი ჰქონდა განსაზღვრული. ის 2025 წლის 9 ოქტომბერს დააკავეს.
საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე საქალაქო სასამართლოში კირვალიძემ განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ ცნობდა და ჩადენილს ინანიებდა. თუმცა, შეთანხმების ოფიციალურად დამტკიცების შემდეგ მან თქვა:
„თავს დამნაშავედ არ ვცნობ! გააუქმეთ [საპროცესო შეთანხმება], ბიძინას დედასაც შ*****ი“, - რის შემდეგაც სასამართლო დარბაზი დატოვა.
კირვალიძის ადვოკატი ბორის (ჩელე) ყურუა დარწმუნებულია, რომ პროკურატურამ საპროცესო შეთანხმების გაუქმება სწორედ ამ რეპლიკის შინაარსის გამო მოითხოვა და არა იმ მიზეზით, თითქოს ბრალდებულმა პროცედურულად მოითხოვა შეთანხმების გაუქმება.
პროკურორ როინ ხინთიბიძის განმარტებით კი, გიორგი კირვალიძე „გულწრფელი არ ყოფილა საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას“, რამაც შეთანხმების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი შექმნა.
„ავღელდი და ეს ყველაფერი გამოიწვია ამან... რომ ვეთანხმებოდი, ხელი მოვაწერე... [ვაღიარებ ახლა და ვინანიებ], კი... სპორტსმენი ვარ, ბავშვები მყავს ახალციხეში, დღეებს ვითვლი, რომ შევხვდე მათ... ვღელავ, ცუდად ვარ...“ - თქვა კირვალიძემ სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე.
მოსამართლე კერატიშვილის განცხადებით, მას არ შეექმნა შთაბეჭდილება კირვალიძის გულწრფელ აღიარებაზე. „შეწყალების უფლებით შეგიძლიათ ისარგებლოთ“, - თქვა მან საპროცესო შეთანხმების გაუქმების შემდეგ.
2025 წლის 4 ოქტომბერს ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და თავისუფლების მოედანზე ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით აქცია გამართა.
დემონსტრანტების ნაწილი მოგვიანებით ათონელის რეზიდენციისკენ გადავიდა, სადაც ჯებირების გადავარდნას სპეცრაზმთან ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. გამოძიება სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდებისა და კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლის მუხლებით დაიწყო.
„4 ოქტომბრის საქმეზე“ სულ 64 პირი დააკავეს, საიდანაც საპროცესო შეთანხმება 22 ბრალდებულთან გაფორმდა. 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს: პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძესა და პაატა მანჯგალაძეს. 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯათ აქციის სხვა მონაწილეებს: ნიკა გვენცაძეს, ირაკლი ჩხვირკიას, გური ჟვანიას, თორნიკე მჭედლიშვილს, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, ზაქრო ალბუთაშვილს, კახაბერ მჟავანაძეს, დავით სტურუასა და ია დარახველიძეს.
