ახალგორელ სამოქალაქო აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს, რომელსაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებს, ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება ე.წ. ცხინვალის საქალაქო სასამართლომ დღეს, 24 დეკემბერს, დახურულ სხდომაზე მიიღო. სხდომათა დარბაზში შესვლა აუკრძალეს „ბრალდებულის“ დედ-მამასა და ჟურნალისტებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 5 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 6 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
ადგილობრივი გამოცემა „საპა“ წერს, რომ ადვოკატი ალან ბაზაევი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. თამარ მეარაყიშვილი დანაშაულს არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
თამარ მეარაყიშვილი 22 დეკემბერს, ცხინვალში დააკავეს. დე ფქტო სამხრეთ ოსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით, „საქართველოს მოქალაქე ახორციელებდა რესპუბლიკაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას, რითაც საფრთხე შეუქმნა ქვეყნის უსაფრთხოებას“.
23 დეკემბერს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა („კგბ“) „ბრალდება“ დააზუსტა. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ თამარ მეარაყიშვილი „ეჭვმიტანილია საქართველოს დაზვერვის სამსახურებთან კავშირში მყოფი უცხოური მედიასაშუალებებისთვის ინფორმაციის გადაცემაში“. განცხადების მიხედვით, მედისაშუალებები მეარაყიშვილს „იყენებდნენ პროპაგანდისტულ ღონისძიებებში საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების ინტერესების ხელშესაწყობად“.
თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ საქმე რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით არის აღძრული, რაც „ჯაშუშობას“ გულისხმობს და 10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თამარ მეარაყიშვილს 8 წელზე მეტია ჩამორთმეული აქვს პასპორტი და ოკუპირებული რეგიონის დატოვება არ შეუძლია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ის ცხინვალში ცხოვრობდა, სადაც მეორეული ტანსაცმლის მაღაზია ჰქონდა გახსნილი. რამდენიმე დღის წინ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებების გამო, მაღაზია დაკეტა. ის დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევთან შეხვედრას ითხოვდა.
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დროს გამონახავთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მრჩება ერთადერთი გამოსავალი - მოედანზე გამოსვლა, ერთკაციანი პიკეტი. იქიდან მე არ წავალ, ღამეს იქ გავათევ. ეს შიმშილობის აქცია იქნება მანამ, ვიდრე არ მიმიღებთ. ქუჩაში ადამიანები გამოდიან მაშინ, როდესაც მათი უფლებები ირღვევა. მე ვერ ვხედავ ჩემი პრობლემების მოგვარების გზას“, – ამბობდა თამარ მეარაყიშვილი 21 დეკემბერს Facebook-ით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
თამარ მეარაყიშვილი 2017 წლის 16 აგვისტოსაც დააკავეს, თუმცა მაშინ მეორე დღეს გაათავისუფლეს და სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს. ე.წ. სამართალდამცავი ორგანოები აცხადებდნენ, თითქოს მეარაყიშვილმა თავისი განცხადებებით პარტია „ერთიანი ოსეთის“ პატივსა და ღირსებას შეურაცხყოფა მიაყენა. მოგვიანებით, მას ბრალი წარუდგინეს საქართველოს მოქალაქეობის პარალელურად სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონოდ მიღებისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენებისთვისაც.
2019 წლის ოქტომბერში ე.წ. უზენაესმა სასამართლომ თამარ მეარაყიშვილი პროკურატურის მიერ წარდგენილ სამივე ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო. ამის მიუხედავად მას ჩამორთმეული პასპორტი არ დაუბრუნეს. გამომძიებელი, რომელმაც მის წინააღმდეგ სამი სისხლის სამართლის საქმე გააყალბა, ალან გაგლოევმა ახალგორის „რაიონულ პროკურარად“ დანიშნა.
თამარ მეარაყიშვილი წლების განმავლობაში გამოთქვამდა უკმაყოფილებას საქართველოს ხელისუფლების უყურადღებობის გამო.
