აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე კიდევ ორი პირი - გივი გუდაძე და საბა ბოჭორიშვილი დააკავეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილი მონაცემებით, 22 აგვისტოს გივი გუდაძემ ბრალდებულ ვალერია კირილიუკს (უკრაინის მოქალაქე, რომელსაც ბუავას განსაცდელში მიტოვება ედება ბრალად) გადასცა ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ (ფუძე).
კირილიუკის ჩვენების თანახმად, აღნიშნული ნარკოტიკის ნაწილი მან და დაურ ბუავამ 23 აგვისტოს მოიხმარეს, ხოლო დარჩენილი ნაწილი ამოღებულია ბუავას საცხოვრებელი ბინის დათვალიერებისას.
გარდა ამისა, პროკურატურის ცნობით, გივი გუდაძემ უკანონოდ შეიძინა და თავის საცხოვრებელ სახლში ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 6,27 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს“. რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, მან ნარკოტიკი 9 პაკეტად დააფასოვა. პოლიციამ ნივთიერება 29 აგვისტოს ჩატარებული ჩხრეკისას ამოიღო.
ბრალდების თანახმად, საბა ბოჭორიშვილმა უკანონოდ შეიძინა და საცხოვრებელ სახლში ინახავდა 0,24 გრამ გამომშრალ მარიხუანას, რაც პოლიციამ ასევე 29 აგვისტოს ჩხრეკისას ამოიღო.
საქმის პროკურორ დავით ყაზარაშვილის განცხადებით, დაკავებული გუდაძე და ბოჭორიშვილი ადასტურებენ, რომ მათაც მიიღეს იმავე პარტიის ნარკოტიკული საშუალება და შეუძლოდ გახდნენ, თუმცა ბუავასთვის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ არ შეუტყობინებიათ.
„ერთ-ერთ კვების ობიექტზე მუშაობდა ორივე მათგანი, სადაც დაურ ბუავა გაიცნეს. ერთ-ერთი მათგანი მას თვეების წინ იცნობდა, მეორემ კი ერთი თვის წინ გაიცნო. მათ ძირითადად ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული ურთიერთობა ჰქონდათ“, - განაცხადა პროკურორმა. მისივე თქმით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა აღარა, რომ წარსულში ბუავასთან ერთად ნარკოტიკი სხვა დროსაც აქვს მოხმარებული.
ბოჭორიშვილის ადვოკატი გიორგი მეგრელიშვილი კი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ნარკოტიკი არავისთვის გადაუცია:
„საქმის მასალებით არ მტკიცდება, რომ ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა რაიმე სახის ნარკოტიკული საშუალება გადასცა. ის უბრალოდ იცნობდა გარდაცვლილს, რის გამოც ჩატარდა მისი სახლის ჩხრეკა. ერთადერთი, რაც აღმოაჩინეს, პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი ძალიან მცირე ოდენობით (0,24 გრ) გამომშრალი მარიხუანაა და ბრალიც სწორედ ამაზე აქვს წარდგენილი“, - განაცხადა ადვოკატმა.
გივი გუდაძეს ბრალდება წარედგინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადაცემის მუხლით. სასჯელი 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
საბა ბოჭორიშვილს ბრალი წარედგინა ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვისთვის.
გამოძიების ინფორმაციით, დაურ ბუავა დიდ დიღომში, კრისტიან სტივენის ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში მარტო ცხოვრობდა. 23 აგვისტოს, 01:04 სთ-ზე ბუავასთან სტუმრად მივიდა უკრაინის მოქალაქე ვალერია კირილიუკი, რომელსაც თან ჰქონდა „მეთადონი“. ორთავემ ნარკოტიკი ერთად მოიხმარა. ჩვენების მიხედვით, ბუავა ამბობდა, რომ დოზა არ ჰყოფნიდა.
23 აგვისტოს, 01:57 სთ-სა და 02:38 სთ-ზე ვიდეოკამერების ჩანაწერებით ჩანს, რომ ბუავა ქუჩაში მარტო გამოდის და დაახლოებით ორ წუთში უკან ბრუნდება. ამის შემდეგ ის კამერებზე აღარ დაფიქსირებულა.
23 აგვისტოს, 03:00 სთ-ზე კირილიუკი შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. ქიმიური ექსპერტიზით დადასტურდა, რომ ბუავამ მეთადონთან ერთად ალკოჰოლიც მიიღო.
25 აგვისტოს, 09:00 სთ-ზე, კირილიუკის ჩვენებით, იგი გონს მოვიდა და ნახა, რომ ბუავა მძიმედ სუნთქავდა, თუმცა უგონოდ იყო.
25 აგვისტოს, 09:43 სთ-ზე კირილიუკმა ბინა დატოვა ისე, რომ სასწრაფო დახმარება არ გამოიძახა. კამერებში ჩანს, რომ იგი შეუძლოდ იყო და სადარბაზოდან გამოსვლაში ადგილობრივები დაეხმარნენ.
მანამდე შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მან ბინის კარი მეორე გასაღებით გარედან ჩაკეტა.
32 წლის დაურ ბუავა ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი 27 აგვისტოს იპოვეს. განსაცდელში მიტოვების ბრალდებით დაკავებული ვალერია კირილიუკი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ამჟამად კლინიკა „ვივამედშია“ მოთავსებული.
დაურ ბუავა თბილისში 2021 წელს ტყვარჩელიდან გადმოვიდა. იგი სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკზე“ აქვეყნებდა ვიდეოებს ქართველებისა და აფხაზების თანაცხოვრებისა და შერიგების პერსპექტივებზე. მისმა აქტივობამ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის ყურადღება მიიპყრო. 2022 წლის 19 მაისს დე ფაქტო რეჟიმმა მას „სახელმწიფოს ღალატის“ ბრალდება წაუყენა იმის გამო, რომ ბუავა საუბრობდა აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიის სტატუსით არსებობაზე.
საქართველოს ხელისუფლებამ დაურ ბუავას საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით 2022 წლის დეკემბერში მიანიჭა.
აფხაზ ბლოგერს 2 სექტემბერს, 14:00 საათზე, თბილისში, მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
