ოკუპირებულ ცხინვალში „ჯაშუშობის“ ბრალდებით დაპატიმრებული ახალგორელი აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი მშრალ შიმშილობაზე გადავიდა. მისი ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების შესახებ გამოცემა „საპას“ ადვოკატი ალან ბაზაევი ესაუბრა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 5 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 6 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
ბაზაევის თქმით, მეარაყიშვილმა უარი თქვა არა მხოლოდ საკვების, არამედ წყლისა და მედიკამენტების მიღებაზეც.
„მისი წნევა მერყეობს, არ იღებს არც წყალს, არც აბებს. მეტყველება ნორმალური აქვს, მაგრამ გარეგნულად აშკარად ეტყობა, რომ ცუდად არის. თქვა, რომ დაახლოებით 10 კგ დაიკლო“, - განაცხადა ადვოკატმა.
ბაზაევმა აღნიშნა, რომ იზოლატორის ექიმები თამარს აკვირდებიან და მოუწოდებენ, შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა ის კატეგორიულ უარზეა და აცხადებს, რომ უდანაშაულოა.
ადვოკატმა დასძინა, რომ მეარაყიშვილმა მშრალ შიმშილობის გადასვლა 28 დეკემბერს, მის მიერ საკვებზე უარის თქმის შესახებ დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან არაკორექტული კომენტარების შემდეგ გადაწყვიტა.
„ის ამბობს, რომ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და თავს პრეზიდენტ ალან გაგლოევის პირად ტყვედ მიიჩნევს. არ აპირებს, შიმშილობა გათავისუფლებამდე შეწყვიტოს“, – განაცხადა ალან ბაზაევმა და დაამატა, რომ მშრალი შიმშილობა სიცოცხლისთვის სერიოზული საფრთხეა, რადგან წყლის არ მიღებამ შესაძლოა ორგანიზმში შეუქცევადი პროცესები გამოიწვიოს, მათ შორის სასიცოცხლო ორგანოების უკმარისობა, და მომდევნო ათი დღე შეიძლება კრიტიკული იყოს.
თამარ მეარაყიშვილი 22 დეკემბერს, ცხინვალში დააკავეს. დე ფქტო სამხრეთ ოსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით, „საქართველოს მოქალაქე ახორციელებდა რესპუბლიკაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას, რითაც საფრთხე შეუქმნა ქვეყნის უსაფრთხოებას“.
23 დეკემბერს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა („კგბ“) „ბრალდება“ დააზუსტა. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ თამარ მეარაყიშვილი „ეჭვმიტანილია საქართველოს დაზვერვის სამსახურებთან კავშირში მყოფი უცხოური მედიასაშუალებებისთვის ინფორმაციის გადაცემაში“. განცხადების მიხედვით, მედისაშუალებები მეარაყიშვილს „იყენებდნენ პროპაგანდისტულ ღონისძიებებში საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების ინტერესების ხელშესაწყობად“.
თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ საქმე რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით არის აღძრული, რაც „ჯაშუშობას“ გულისხმობს და 10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
24 დეკემბერს, ე.წ. ცხინვალის საქალაქო სასამართლომ, დახურულ სხდომაზე, თამარ მეარაყიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
თამარ მეარაყიშვილს 8 წელზე მეტია ჩამორთმეული აქვს პასპორტი და ოკუპირებული რეგიონის დატოვება არ შეუძლია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ის ცხინვალში ცხოვრობდა, სადაც მეორეული ტანსაცმლის მაღაზია ჰქონდა გახსნილი. დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე წინ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებების გამო, მაღაზია დაკეტა.
მეარაყიშვილი დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევთან შეხვედრას ითხოვდა და საკუთარი უფლებების დარღვევის გამო, ცხინვალის ცენტრში შიმშილობას აანონსებდა. აქტივისტი სწორედ გაგლოევს ადანაშაულებდა დევნაში.
თამარ მეარაყიშვილი 2017 წლის 16 აგვისტოსაც დააკავეს, თუმცა მაშინ მეორე დღეს გაათავისუფლეს. მის წინააღმდეგ სამი ე.წ. სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. 2019 წლის ოქტომბერში ე.წ. უზენაესმა სასამართლომ თამარ მეარაყიშვილი სამივე „ბრალდებაში“ უდანაშაულოდ ცნო.
თამარ მეარაყიშვილი კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დასაცავად გაწეული თავდაუზოგავი შრომისათვის საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროსა და ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრიზებზე წარადგინა. „აქტივისტი და ბლოგერი თამარ მეარაყიშვილი საკუთარი სიცოცხლის, უსაფრთხოების და ჯანმრთელობის რისკის ფასად ასაჯაროებს ოკუპირებულ ახალგორში შექმნილ მძიმე უფლებრივ მდგომარეობას და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ადგილობრივი მოსახლეობის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს“, – წერდა სახალხო დამცველი 2018 წელს. იმავე წელს თამარ მეარაყიშვილს საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩომ ადამიანის უფლებათა „ტიტა“ გადასცა, ხოლო „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის“ სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ ის პროექტის „ჩარევა სასურველიას“ გამარჯვებულად დაასახელა.
