ცხინვალის „კგბ“ თამარ მეარაყიშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი („კგბ“) აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქე, დაკავებული თამარ მეარაყიშვილი „ეჭვმიტანილია საქართველოს დაზვერვის სამსახურებთან კავშირში მყოფი უცხოური მედიასაშუალებებისთვის ინფორმაციის გადაცემაში“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მედისაშუალებები თამარ მეარაყიშვილს „იყენებდნენ პროპაგანდისტულ ღონისძიებებში საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების ინტერესების ხელშესაწყობად“.

„ამჟამად, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ ეჭვმიტანილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რომლის ფარგლებშიც ტარდება საჭირო ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ეჭვმიტანილის თანამზრახველებისა და კავშირების დასადგენად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ახალგორელი თამარ მეარაყიშვილი ბოლო ერთი წელია ცხინვალში ცხოვრობს, სადაც მეორეული ტანსაცმლის მაღაზია ჰქონდა გახსნილი. რამდენიმე დღის წინ მეარაყიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შექმნილი დაბრკოლებების გამო, მაღაზია დაკეტა.

თამარ მეარაყიშვილს 2017 წლის აგვისტოდან ჩამორთმეული აქვს პასპორტი და ოკუპირებული რეგიონის დატოვება არ შეუძლია. ბოლო დღეების განმავლობაში ის დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევთან შეხვედრას ითხოვდა.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დროს გამონახავთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მრჩება ერთადერთი გამოსავალი - მოედანზე გამოსვლა, ერთკაციანი პიკეტი. იქიდან მე არ წავალ, ღამეს იქ გავათევ. ეს შიმშილობის აქცია იქნება მანამ, ვიდრე არ მიმიღებთ.

ქუჩაში ადამიანები გამოდიან მაშინ, როდესაც მათი უფლებები ირღვევა. მე ვერ ვხედავ ჩემი პრობლემების მოგვარების გზას. 9 წელი სრულდება, რაც ჩემი უდანაშაულობის დასამტკიცებლად ვიბრძვი, დავკარგე ჯანმრთელობა, მშვენიერი წლები, დაშორებული ვარ ქალიშვილს, იყო მუქარები, თუმცა გამარჯვებებიც იყო, როდესაც სასმართლო გამამართლებელ განაჩენს აცხადებდა. ახლა, გამოდის, რომ ეს ყველაფერი ფუჭი იყო“, – ამბობდა თამარ მეარაყიშვილი 21 დეკემბერს Facebook-ით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ის 22 დეკემბერს დააკავეს. ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ საქმე რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აღძრა, რაც „ჯაშუშობას“ გულისხმობს და 10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თამარ მეარაყიშვილი 2017 წლის 16 აგვისტოსაც დააკავეს, თუმცა მაშინ მეორე დღეს გაათავისუფლეს. ე.წ. სამართალდამცავი ორგანოები აცხადებდნენ, თითქოს მეარაყიშვილმა თავისი განცხადებებით პარტია „ერთიანი ოსეთის“ პატივსა და ღირსებას შეურაცხყოფა მიაყენა. მოგვიანებით, მას ბრალი წარუდგინეს საქართველოს მოქალაქეობის პარალელურად სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონოდ მიღებისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენებისთვისაც.

2019 წლის ოქტომბერში ე.წ. უზენაესმა სასამართლომ თამარ მეარაყიშვილი პროკურატურის მიერ წარდგენილ სამივე ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო. ამის მიუხედავად მას ჩამორთმეული პასპორტი არ დაუბრუნეს.

თამარ მეარაყიშვილი აცხადებდა, რომ გამომძიებელი, რომელმაც მის წინააღმდეგ სამი სისხლის სამართლის საქმე გააყალბა, ალან გაგლოევმა ახალგორის „რაიონულ პროკურარად“ დანიშნა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.