თბილისის საქალაქო სასამართლომ 624 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების საქმეზე დაკავებულ კახა კოტორაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა მიიღო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 3 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 4 კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
- 5 1920 წელს რუსეთის არმია შემოიჭრა და აზერბაიჯანი დაიპყრო, სახელმწიფო წაგვართვეს – ალიევი
- 6 სომხეთში რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
საქმე ეხება 2022-2024 წლებში 60 მილიარდამდე რუსული რუბლის აზერბაიჯანიდან შემოტანას და დოლარში კონვერტაციას.
პროკურორ ზინიკო ქობალიას განცხადებით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული მონაწილეობდა ფულის გათეთრების სქემაში და მის საკუთრებაში არსებულ ვალუტის გადამცვლელ პუნქტს იყენებდა როგორც კრიმინალურ ინფრასტრუქტურას, სადაც ხდებოდა დაუსაბუთებელი თანხების თავმოყრა.
„ხდებოდა აღნიშნული თანხის კომერციულ ბანკებში მიტანა, სადაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მათ შორის, ბრალდებული უთითებდა ყალბ ინფორმაციას თანხის წარმომავლობის თაობაზე. ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ მოცემულ შემთხვევაში, პირველ ეტაპზე, უცხოური ვალუტის შემოტანა ხდებოდა მანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავების საშუალებით. შემდეგ ეტაპზე აღნიშნული თანხების მიტანა ხდებოდა ვალუტის გადამცვლელ პუნქტში. საქმე გვაქვს უპრეცედენტო ოდენობის ფულის გათეთრებასთან“, - უთხრა პროკურორმა ჟურნალისტებს, თუმცა არ უპასუხა შეკითხვას, როდის დაიწყო გამოძიება.
ზინიკო ქობალიამ კომენტარი არ გააკეთა საქმის კიდევ ერთი ფიგურანტის შესახებ, რომლის სახელიც სასამართლო პროცესზე ახსენა. როგორც მან თქვა, ფულის გათეთრება კახა კოტორაშვილმა და ელდარ ჰუსეინოვმა განიზრახეს.
კახა კოტორაშვილის ადვოკატის, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს, რაც „თავისთავად ნიშნავს, რომ თავს არ ცნობს, ამ ეტაპზე, დამნაშავედ“. დაცვის მხარე, აღკვეთის ღონისძიების სახით, 50 000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენებას ითხოვდა.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა გამოძიება რომ დაიწყო, არ მიმალულა, არ გაქცეულა [...] მოლოდინი იმისა, რომ გირაო იქნებოდა გამოყენებული არ გვქონდა იქიდან გამომდინარე, რომ საქმე როგორც ფაქტობრივად, ისე სამართლებრივად არის ძალიან საინტერესო, ასევე მოცულობითი. ბევრ სამართლებრივ კაზუსთანაც გვაქვს საქმე“, - აღნიშნა ადვოკატმა.
შემდეგი სასამართლოს სხდომა 10 ნოემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.
49 წლის კახა კოტორაშვილი 2010 წელს დაფუძნებული შპს „ფინ“-ის დირექტორი და 90%-იანი წილის მფლობელია. აღნიშნულ კომპანიას ვალუტის გადამცვლელი პუნქტი თბილისში, თამარ მეფის N32-ში აქვს.
16 სექტემბერს, პროკურატურამ განაცხადა, რომ დაახლოებით 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინეს და ერთი პირია დააკავეს. უწყებას მისი ვინაობა არ დაუსახელებია.
საქმის მასალების მიხევით, ბრალდებულმა მის საკუთრებაში არსებული, ეროვნული ბანკის მიერ ნებადართული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის საფარქვეშ, მოაწყო დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის შეკრების, კონვერტაციის გზით წარმოშობის შეცვლის და ლეგალურ მიმოქცევაში განთავსების უკანონო ქსელი.
„დაკავებულთან წინასწარი შეთანხმებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, სისტემატიურად უზრუნველყოფდნენ საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით, ავტომანქანებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით, მოსაზღვრე ქვეყნებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტის შემოტანას და თანხის თავშეყრის ადგილას - ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მიწოდებას“, - განაცხადეს პროკურატურაში.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტა, კანონიერი სახის მიცემის მიზნით, საბანკო დაწესებულებებში მიიტანა, ხოლო ბანკებიდან კონვერტაციის შედეგად მიღებული თანხები, სხვა პირებზე გადაცემის და შემდგომი განკარგვის, ასევე უძრავ-მოძრავი ქონებების შეძენის გზით, მიმართული იქნა ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში.
