მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა

35 წლის რევაზ ელიზბარაშვილს, რომელმაც გორში ავარიით დედა და მისი სამი წლის შვილი იმსხვერპლა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურორმა შორენა მგალობლიშვილმა განაცხადა, რომ ბრალდებულს 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა, მათ შორის, სიჩქარის გადაჭარბებისთვის.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ბრალდებული მიდრეკილია საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისკენ, მის სახელზე ფიქსირდება 225 ვიდეოჯარიმა. ამდენად, მოვითხოვთ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, რადგან მისი გარეთ ყოფნა ხელს შეუშლის გამოძიების კანონიერ ინტერესებს“, - თქვა სასამართლო სხდომაზე პროკურორმა.

ავტოსაგზაო შემთხვევა გორში 13 ივლისს, ღამის საათებში მოხდა. რევაზ ელიზბარაშვილი ავტომობილს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა. მან მოძრაობის უსაფრთხოების წესები დაარღვია და ქვეითად მოძრავ დედა-შვილს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორივე დაშავებული გარდაიცვალა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახით 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაღუპულთა ახლობლების თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს რევაზ ელიზბარაშვილის ავტომობილში კიდევ ორი პირი იჯდა - მისივე ნათესავები; სამივე მათგანი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა; ავარიის შემდეგ მათ შემთხვევის ადგილი დატოვეს და დედა-შვილი განსაცდელში მიატოვეს. ოჯახის ახლობლები პროკურატურისგან ელიზბარაშვილთან ერთად მყოფი პირების დაკავებასაც ითხოვენ.

სტატისტიკური მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში 5 969 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც 8 191 პირი დაშავდა, 469 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის - 28 ბავშვი და 164 ქვეითი. ეს მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალია.

2026 წლის პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი) 664 ავარია მოხდა, რასაც 92 ადამიანის სიცოცხლე და 33 ქვეითის სიკვდილი მოჰყვა, 989 ადამიანი კი დაშავდა.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში (2015-2025) საქართველოს გზებზე 5 324 ადამიანი დაიღუპა. ავარიების ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზებია: სიჩქარის გადაჭარბება, სიმთვრალე, მანევრირების წესების დარღვევა და შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა. საქართველოში 100 000 მოსახლეზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი 12-ს აღემატება, მაშინ როდესაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი 4.3-ია.

2026 წლის 1-ელ იანვრამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში მართვის მოწმობა 35 500-მდე პირს ჰქონდა შეჩერებული.

„ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ 2025 წლის დეკემბერში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, მოქალაქეთა იმ კატეგორიაზე, ვისაც 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით შეჩერებული ჰქონდა მართვის უფლება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის ან მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვისთვის, სამართლებრივი შეღავათი გავრცელდა.

2026 წლის 1-ელი იანვრიდან მათ მართვის უფლება ავტომატურად აღუდგათ და მოწმობებს 100 ქულა ხელახლა მიენიჭა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.