თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ასისტენტი, სამი მცირეწლოვანი შვილის დედა ეკა მაკარიძე სამსახურიდან პროტესტის გამო გაათავისუფლეს. მაკარიძე საკუთარი სახლის წინ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას აპროტესტებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 2 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 6 ზახაროვა თბილისში რუსული ენის დღის საპროტესტო აქციის მონაწილეების დასჯას ითხოვს
ეკა მაკარიძე, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიაში სამ წელზე მეტს მუშაობდა, შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მოტივით დაითხოვეს. თერჯოლის მერი მანუჩარ რობაქიძე საჯარო კომენტარებში გათავისუფლების მიზეზად სწორედ ხელშეკრულების დასრულებას ასახელებს, თუმცა მაკარიძის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში მერი პირდაპირ მიუთითებს, რომ გათავისუფლების საფუძველი თანამშრომლის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტები და მერიის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებაა.
„სამი პატარა შვილის დედა მხოლოდ იმიტომ გამწირეს, რომ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა გავაპროტესტე. როდესაც მიზეზი ვიკითხე, მითხრეს, რომ ეს ჩემი პოსტებისა და კომენტარების გამო მოხდა“, - განაცხადა მაკარიძემ.
სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, ეკა მაკარიძე მერიის შენობაში მცირეწლოვან შვილთან ერთად მივიდა. მისი თქმით, დაცვის პოლიციამ შენობაში შესვლის უფლება არ მისცა და დედა-შვილი სამი საათის განმავლობაში გარეთ დატოვა. მერი მანუჩარ რობაქიძე დამატებით კომენტარებს არ აკეთებს.
ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა მდინარე ჩხარას ნაპირას, ცენტრალურ ქუჩაზეა დაგეგმილი. ადგილობრივების ინფორმაციით, პროექტით დაინტერესებულია რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი კობა მორალიშვილი. მიწა მსახიობ დავით როსტომაშვილის სახელზეა გაფორმებული, რომელიც მორალიშვილთან მეგობრობას ადასტურებს, თუმცა მშენებლობასთან მის კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ ტერიტორიას შპს „გალონს“ მიაქირავებს.
მოსახლეობა ობიექტის მშენებლობას ორი წელია აპროტესტებს. ადგილზე უკვე ფუნქციონირებს ერთი ბენზინგასამართი სადგური.
ადგილობრივებს მიაჩნიათ, რომ მომეტებული საფრთხის შემცველი დამატებითი ობიექტის განთავსება უსაფრთხო და ჯანმრთელ გარემოში ცხოვრების კონსტიტუციურ უფლებას არღვევს.
ეკა მაკარიძეს და მის მეზობლებს სასამართლო დავაც აქვთ დაწყებული და ითხოვენ, მშენებლობა გარემოზე ზემოქმედების სრულფასოვან შეფასებამდე შეჩერდეს.
„სამოქალაქო ადვოკატირების ცენტრის“ იურისტის, ვლადიმერ ქუთათელაძის განმარტებით, ეკა მაკარიძის გათავისუფლება შრომის კანონმდებლობის უხეში დარღვევით მოხდა.
„შრომის კოდექსი კრძალავს 1 წელზე ნაკლები ვადით შრომითი ხელშეკრულების დადებას, გარდა სპეციფიკური გამონაკლისებისა. ვინაიდან ეკა მაკარიძე მუშაობდა უწყვეტად, სულ მცირე, 36 თვის განმავლობაში, მისი ხელშეკრულება ავტომატურად უვადოა. შესაბამისად, გათავისუფლება ფორმალური მოტივით, თითქოს ხელშეკრულების ვადა გავიდა, სამართლებრივად აბსურდულია“, - აცხადებს ქუთათელაძე.
