გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო ნატა ვიბლიანის საჯარო განცხადებების საფუძველზე, სადაც ის ყვება, რომ 35 წლის წინ, როცა 9 წლის იყო და სვანეთის სოფელ სგურიშში (ჭუბერის თემი) ცხოვრობდა, მას სისტემატურად აუპატიურებდა რამდენიმე თანასოფლელი კაცი. ქალი აცხადებს, რომ იარაღის მუქარით აწამებდნენ, 14 წლის ასაკში კი დაორსულდა და გააჩინა ბავშვი, რომელიც სავარაუდოდ, მოკლეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ნატა ვიბლიანი ყვება, რომ სექსუალური ძალადობა მასზე 9 წლის ასაკში, მამის გარდაცვალებიდან მალევე დაიწყო. დამნაშავეებს შორის ის ასახელებს თავისი ნათლიის ძმასა და სოფლის სხვა მცხოვრებლებს. ქალის თქმით, მოძალადეები მასზე სისტემატურ ზეწოლას იარაღის მუქარითა და ფიზიკური ანგარიშსწორებით ახორციელებდნენ, რათა დაეშინებინათ და გაეჩუმებინათ:

„7 წლის ვიყავი, მამა რომ გარდაიცვალა. ოთხი და-ძმა დავრჩით დედასთან ერთად. მამის წლისთავი ახალი გასული იყო. ბოსელში შემოვიდა ის კაცი. იქ გამაუპატიურა. ტკივილისგან გონება დავკარგე. გონზე რომ მოვედი, იქ აღარავინ იყო. მერე სისტემატურად მაუპატიურებდა. მაშინებდა, იარაღს პირში მიდებდა, მემუქრებოდა, რომ ჩემს უმცროს ძმებს დახოცავდა, რამეს თუ ვიტყოდი“.

ნატა ვიბლიანი ამბობს, რომ 90-იან წლებში მისმა ერთ-ერთმა ნათესავმა პოლიციას მიმართა, თუმცა დამნაშავეების გავლენიანი კავშირების გამო საქმე მალევე მიიჩქმალა. მისივე მონათხრობით, ზეწოლისა და დაშინების გამო, ოჯახი საბოლოოდ იძულებული გახდა სოფელი დაეტოვებინა და ზუგდიდში გადასახლებულიყო. ვიბლიანის თქმით, მომხდარის შესახებ ინფორმირებული იყო როგორც მისი სანათესაო, ისე სოფლის თემი, თუმცა წლების განმავლობაში ის მხარდაჭერის ნაცვლად საზოგადოებრივ გარიყვასა და დადანაშაულებას აწყდებოდა.

ამ დროისთვის ნატა ვიბლიანი საზღვარგარეთ იმყოფება. ის აცხადებს, რომ თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს, რადგან საჯარო მხილებების შემდეგ, ნაქირავებ ბინასთან საეჭვო პირები შენიშნა.

სამოქალაქო ადვოკატირების ცენტრის იურისტის, ვლადიმერ ქუთათელაძის შეფასებით, ვიბლიანის მიერ დასახელებული დანაშაულები სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მძიმე მუხლით კვალიფიცირდება, მათ შორის არის არასრულწლოვნის გაუპატიურება, სექსუალური ხასიათის სხვა ქმედებები და იარაღის მუქარით წამება. იურისტის განმარტებით, კანონმდებლობა მსგავსი ტიპის დანაშაულებზე ხანდაზმულობის ვადას არ ითვალისწინებს, რაც დამნაშავეების პასუხისგებას დღესაც სრულად შესაძლებელს ხდის.

ცალკე ეპიზოდს წარმოადგენს მშობიარობა. ნატა ვიბლიანის განცხადებით, მან ახალშობილის ხმა გაიგონა, თუმცა მალევე ბავშვის გარდაცვალება შეატყობინეს. იურისტის თქმით, თუ გამოძიება დაადგენს, რომ ადგილი ჰქონდა დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას, ამ მუხლზე ხანდაზმულობა არ ვრცელდება. იმ შემთხვევაში კი, თუ ბავშვის გაყიდვა (ტრეფიკინგი) დადასტურდება, დანაშაულს 30-წლიანი ხანდაზმულობის ვადა აქვს, რომელიც 1997 წლიდან მოყოლებული, ჯერჯერობით ამოწურული არ არის.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.