კობახიძე: რთულ პერიოდში კონკრეტულმა ადამიანებმა გადაწყვიტეს სარგებლის მიღება, რაც ღალატია

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციულ საქმიანობაზე საუბრისას განაცხადა, რომ დაახლოებით 20 მილიონი ლარია ამოღებული.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ეს თანხები მთლიანად მიექცევა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში და სახელმწიფო ბიუჯეტს აუნაზღაურდება ის დანაკლისი, რომელიც მიიღო კონკრეტული სავარაუდო კორუფციული ფაქტებიდან გამომდინარე. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ამაზე შესაბამისი უწყებები გაგცემენ პასუხს.

რაც შეეხება ჩვენს პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობდა ობიექტური გარემოებები, რომლის გამოც შეუძლებელი იყო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გვიწევდა ძალიან მძიმე ფრონტზე ბრძოლა, რაღაცებში ჩაღრმავება იყო შეუძლებელი, თუმცა ჯერ კიდევ 2023 წლის დეკემბერში გამოვიდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი სიტყვით და მან გააკეთა პირდაპირი განცხადებები კორუფციის მიმართ უკომპრომისო დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. იმ დღიდან მოყოლებული, 2024 წლის 8 თებერვლიდან კონკრეტულად“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

ირაკლი კობახიძეს სახელები და გვარები არ დაუსახელებია, თუმცა თქვა, რომ ქვეყნისთვის მძიმე ვითარებაში, კონკრეტულმა ადამიანებმა „საკუთარი სარგებლის მიღება“ გადაწყვიტეს.

„ძალიან რთული სამი წელი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ. ვგულისხმობ 2022-2024 წლებს, როდესაც უამრავი მიმართულებით იყო ფრონტი გაშლილი, საბედნიეროდ, არა საომარი, არამედ ფრონტი, რომელიც ასევე უკავშირდებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას. ასეთ ვითარებაში, ასეთ მძიმე პირობებში, როგორც ჩანს, კონკრეტულმა ადამიანებმა, გვარებს არ ვასახელებ, გადაწყვიტეს საკუთარი სარგებლის მიღება. გუნდის ღალატს რომ თავი დავანებოთ, პირველ რიგში, ქვეყნის ღალატია, როდესაც ქვეყანა ასეთ მდგომარეობაშია, ამხელა ზეწოლა, წნეხი, უსამართლობა, რევოლუციის ორგანიზების რამდენიმე მცდელობაა და ადამიანი ფიქრობს ხელის მოთბობაზე. ეს არის პრინციპულად არასწორი. არ მინდა, უფრო უხეში შეფასება გამოვიყენო“, – უთხრა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

პროკურატურა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მილიონების გათეთრებას ედავება. უწყების ინფორმაციით, დაუსაბუთებელი თანხის ძირითადი ნაწილი, 6 500 000 აშშ დოლარი, მის ბინაში 17 ოქტომბერს ჩატარებული ჩხრეკის შედეგად აღმოაჩინეს და ამოიღეს. ყოფილი პრემიერ-მინისტრი არ დაუკავებიათ. 24 ოქტომბერს, სასამართლომ მას 1 მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა და ქვეყნის დატოვება აუკრძალა.

დააკავეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაახლოებული პირი კობა ხუნდაძე. პროკურატურა აცხადებს, რომ მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა, მთლიანობაში 1 319 300 აშშ დოლარი. დაკავებულია კობა ხუნდაძის ძმაც - შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, ვლადიმერ ხუნდაძე.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაშია ბრალდებული გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებული ნათესავი, ანდრია ლილუაშვილი, ხოლო მის კიდევ ერთ ნათესავზე - ვანის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატ ბიჭიკო პაიკიძეზე ძებნაა გამოცხადებული. პაიკიძეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 184 249 ლარის მითვისებას ედავებიან.

ჩხრეკა ჩატარდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლშიც. ქარსელაძის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით არის დაკავებული. ამ შემთხვევაში, საქმე ეხება 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 365 801 ლარის მითვისებას.

პროკურატურის თანახმად, ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირის, საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის - მიხეილ ჩოხელის და მისი ოჯახის წევრის საბანკო სეიფებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამოღებული იქნა 2 904 900 აშშ დოლარი.

წინასწარ პატიმრობაში იმყოფება ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ის 11 სექტემბერს, 1 593 212 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.