პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინა

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს და „ქართული ოცნების“ ყოფილ თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილს პროკურატურამ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით წარუდგინა. დანაშაული 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საქმე ეხება 6 მილიონ აშშ დოლარზე მეტი თანხის გათეთრებას. გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ დღეს, 24 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ღარიბაშვილმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც 2019-2024 წლებში იკავებდა რა საქართველოს თავდაცვის მინისტრის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებს, წარმოადგენდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირს, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესიდან გამომდინარე, ეკრძალებოდა ნებისმიერი ტიპის სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა და თანამდებობრივი სარგოს გარდა, სხვა ანაზღაურების მიღება.

მიუხედავად აღნიშნულისა, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ირაკლი ღარიბაშვილი ფარულად და შენიღბულად, აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის ბიზნესსაქმიანობას და იღებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, არალეგალური წარმომავლობის შემოსავლებს. მას, როგორც თანამდებობის პირს, გააჩნდა როგორც შემოსავლების, ისე გაწეული ხარჯების დეკლარირების ვალდებულება.

ზემოხსენებული უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მიზნით, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილ დეკლარაციებში უთითებდა ყალბ მონაცემებს, რომ თითქოს ოჯახის წევრისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს. აღნიშნული გზით, წარმომავლობა ხელოვნურად შეექმნა მის მიერ კერძო ბიზნესში არალეგალურად მონაწილეობის შედეგად მიღებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ნაწილს - 830 000 ლარს, რაც მოექცა ლეგალურ ბრუნვაში.

გარდა აღნიშნულისა, დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ირაკლი ღარიბაშვილმა 2023-2024 წლებში შეიძინა და მასთან დაკავშირებული პირის სახელზე დაარეგისტრირა 463 630 ლარად ღირებული ორი ავტომანქანა, ასევე, ოჯახის წევრის მეშვეობით 210 000 ლარად შეიძინა ერთ-ერთი კომპანიის 100% წილი, რომელსაც საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება.

პარალელურად, მისი ოჯახის წევრის სახელზე რეგისტრირებულ შპს-ში ინვესტირებულ იქნა ჯამში 3 670 172 ლარი.

ამავდროულად, დაუსაბუთებელი თანხის ძირითადი ნაწილი მისი ნამდვილი ბუნებისა და წარმოშობის წყაროს შენიღბვის მიზნით, დააკონვერტირა უცხოურ ვალუტაში, რის შედეგადაც მიღებული 6 500 000 აშშ დოლარი აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 2025 წლის 17 ოქტომბერს ღარიბაშვილის ბინის ჩხრეკის შედეგად.

ზემოაღნიშნული ქმედებისთვის, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“, – განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

გიორგი გვარაკიძის თქმით, პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გირაოს - 1 მილიონი ლარის შეფარდების შესახებ. გვარაკაძის განცხადებით, ამ თანხის რომლის უზრუნველყოფა შესაძლებელია როგორც ფულადი თანხით, ასევე უძრავი ქონებით. გარდა ამისა, პროკურატურა მოითხოვს, ბრალდებულისთვის ისეთი დამატებითი ვალდებულებების დაკისრებას, როგორიცაა საქართველოს მოქალაქის პასპორტის სამართალდამცავი უწყებისათვის ჩაბარება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვა.

 

ამ თემაზე:

მამაჩემი შეიძლება პენსიონერია, მაგრამ მრავალმილიონიანი ბიზნესი აქვს - ღარიბაშვილი

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.