ყოფილ პრემიერ-მინისტრს, დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა და ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ამ გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 3 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 4 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 5 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 6 ხაზარაძე და გახარია: ჩვენს პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შედგა
ბრალდების მხარის შუამდგომლობას თავად ღარიბაშვილიც დაეთანხმა. მან თბილსის საქალაქო სასამართლო ისე დატოვა, რომ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
„ბატონი ირაკლი თავს დამნაშავედ ცნობს, ეთანხმება ბრალს იმ ნაწილში, რაც დაკავშირებულია მისი მხრიდან უკანონო შემოსავლების მიღებასთან, რაც ებმის იმ პერიოდს, როდესაც ის კერძო სექტორში იყო, ბიზნესით იყო დაკავებული და შემდეგ პერიოდს, როდესაც მაღალ პოლიტიკურ თანამდებობას იკავებდა. [...] როდესაც ადამიანი თანამშრომლობს გამოძიებასთნ, როდესაც არ ემალება გამოძიებას, ეთანხმება ბრალს და იხდის მნიშვნელოვანი მოცულობის გირაოს, პატიმრობის ნაცვლად ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არის პროცესუალური სტანდარტი“, – განაცხადა ადვოკატმა ,ამირან გიგუაშვილმა ჟურნალისტებთან.
ადვოკატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალად არ ედება საბიუჯეტო თანხების მითვისება, გაფლანგვა ან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება – „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“.
ამირან გიგუაშვილის თქმით, ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გააკეთებს კითხვაზე, თუ ვინ ეხმარებოდა ღარიბაშვილს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში.
„არავის წინააღმდეგ მას არ მიუცია ჩვენება. გამოძიებასთან თანამშრომლობა არ გულისხმობს ვინმეს წინააღმდეგ ჩვენების მიცემას“, – განაცხადა ადვოკატმა.
პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილს ედავება დანაშაულს, რომელიც 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმე ეხება 6 მილიონ აშშ დოლარზე მეტი თანხის გათეთრებას.
დღეს, 24 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ირაკლი ღარიბაშვილი ფარულად და შენიღბულად, აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის ბიზნესსაქმიანობას და იღებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, არალეგალური წარმომავლობის შემოსავლებს. უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მიზნით, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილ დეკლარაციებში ღარიბაშვილი უთითებდა ყალბ მონაცემებს, რომ თითქოს ოჯახის წევრისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს. ამ გზით, ლეგალურ ბრუნვაში მოექცა „კერძო ბიზნესში არალეგალურად მონაწილეობის შედეგად მიღებული“ თანხიდან 830 000 ლარი. გარდა ამისა, საქმის მასალების მიხედვით, დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ირაკლი ღარიბაშვილმა 2023-2024 წლებში შეიძინა და მასთან დაკავშირებული პირის სახელზე დაარეგისტრირა 463 630 ლარად ღირებული ორი ავტომანქანა, ასევე, ოჯახის წევრის მეშვეობით 210 000 ლარად შეიძინა ერთ-ერთი კომპანიის 100% წილი, რომელში ჯამში 3 670 172 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. როგორც გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, დაუსაბუთებელი თანხის ძირითადი ნაწილი, 6 500 000 აშშ დოლარი, ირაკლი ღარიბაშვილის ბინაში 17 ოქტომბერს ჩატარებული ჩხრეკის შედეგად აღმოაჩინეს და ამოიღეს.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 დეკემბერს ჩაინიშნა.
