კობა ხუნდაძის შემდეგ, პროკურატურამ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული კიდევ ერთი პირი დააკავა. ანდრია ლილუაშვილსაც ბრალად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ედება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 5 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 6 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
„საქართველოს გენერალური პროკურატურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დაკავებული იქნა გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი - ანდრია ლილუაშვილი.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - განაცხადეს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.
პროკურორის თქმით, პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინტენსიურად აგრძელებენ გამოძიებას, იმ პირების მიმართ, ვისთანაც შესაძლოა დანაშაულებრივ კავშირში იყო ანდრია ლილუაშვილი, როგორც ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით, ისე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე პრიმა მუხლით, რაც ზეგავლენით ვაჭრობას გულისხმობს, ასევე, ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების გამოვლენის და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარების მიზნით.
17 ოქტომბერს, გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული, სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინების/სახლების და პირადი ჩხრეკები განხორციელდა.
პროკურატურის მიერ მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჩხრეკის შედეგად, სხვადასხვა ადგილიდან ამოიღეს ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა.
პროკურატურის ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში, იმავე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, დამატებით 11 ობიექტის ჩხრეკა ჩატარდა, რა დროსაც გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირის - კობა ხუნდაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა, მთლიანობაში 1 319 300 აშშ დოლარი, ხოლო ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირის, საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის - მიხეილ ჩოხელის და მისი ოჯახის წევრის საბანკო სეიფებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამოღებული იქნა 2 904 900 აშშ დოლარი.
კობა ხუნდაძე 22 ოქტომბერს დააკავეს და 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. საქმის მასალების მიხედვით, ხუნდაძემ დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია 2017-2025 წლებში მოახდინა.
ამ თემაზე:
სუს: ირაკლი ღარიბაშვილმა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღება აღიარა
