პროკურატურამ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ვლადიმერ ხუნდაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა და მის დაპატიმრებას მოითხოვს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ ხუნდაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის კურსელი და მეჯვარეა. ცოტა ხნის წინ მისი ძმა, კობა ხუნდაძეც დააკავეს - პროკურატურაში აცხადებენ, რომ კობა ხუნდაძის სახლიდან 1 319 300 აშშ დოლარი ამოიღეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 3 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 4 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 5 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 6 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 13 პირის ვინაობა ცნობილია
საქმის მასალების მიხედვით, ვლადიმერ ხუნდაძე ეხმარებოდა გორის საკრებულოს წევრს პარტია „ქართული ოცნებიდან“, ბორის გოგიჩაიშვილს, „რომელიც თანამზრახველებთან ერთად გორში უცხოური ბრენდების სასაქონლო ნიშნის გამოყენებით უკანონოდ ახორციელებდა ალკოჰოლური სასმელების - ვისკისა და არყის დამზადებასა და შენახვას“.
„ალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად საჭირო სხვადასხვა პროდუქციის საქართველოში უსაფრთხოდ შემოსატანად ბორის გოგიჩაიშვილმა დასახმარებლად მიმართა ვლადიმერ ხუნდაძეს, რომლის სამსახურებრივ უფლებამოსილებასაც საბაჟო პროცედურების კონტროლი და ზედამხედველობა წარმოადგენდა.
ვლადიმერ ხუნდაძე ბორის გოგიჩაიშვილს მუდმივად აძლევდა მითითებებს პროდუქციის შემოტანისა და განბაჟების სათანადო დროის შესახებ, ასევე უთითებდა თუ რა შინაარსით უნდა მომხდარიყო პროდუქციის განბაჟება, რათა საბაჟო პროცედურების გავლის დროს საფრთხე არ შექმნოდათ.
შედეგად, 2025 წლის პირველ ნახევარში, ბორის გოგიჩაიშვილმა, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, საქართველოში შემოიტანა ალკოჰოლური სასმელების უკანონოდ დასამზადებლად საჭირო პროდუქცია: სპეციალური შეფუთვის მქონე მინის ბოთლები, ეტიკეტები, საცობები და სხვ.
გარდა აღნიშნულისა, ვლადიმერ ხუნდაძისთვის ზუსტად იყო ცნობილი თუ რა დანაშაულის ჩადენა ხორციელდებოდა ბორის გოგიჩაიშვილისა და მასთან დაკავშირებული პირთა მიერ. თუმცა, მის მიერ არ მომხდარა შესაბამისი სამსახურებრივი რეაგირება და არც სხვა სახელმწიფო ორგანოებისთვის შეტყობინება მძიმე დანაშაულის შესახებ“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 16 სექტემბერს, გორში, სპეციალურ მოწყობილ ფართში სხვადასხვა უცხოური ბრენდის სასაქონლო ნიშნის გამოყენებით დამზადებული 75 000-ზე მეტი ბოთლი ალკოჰოლური სასმელი აღმოაჩინა, რომელთა ღირებულება, გამოძიების თანახმად, რამდენიმე მილიონ ლარს აღემატება. საქმეზე დაკავებულია 7 პირი: პრორუსი ბიზნესმენი და ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკი, გორის საკრებულოს წევრი ბორის გოგიჩაიშვილი, ასევე, გიორგი ბიბილაშვილი, თენგიზ გულორდავა, გრიგოლ ქავთარაძე, ალექსანდრე კურტანიძე და ქართლოს ჯავახაძე.
 
																 
                  
 
				
			 
				
			 
				
			 
				
			 
				
			 
				
			 
				
			 
				
			